ცხოვრება ხელების გარეშე - "რადგან ცოცხალი გადავრჩი, ეს უკვე ბედნიერება იყო და უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება" - კვირის პალიტრა

ცხოვრება ხელების გარეშე - "რადგან ცოცხალი გადავრჩი, ეს უკვე ბედნიერება იყო და უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება"

"2008 წელს პროთეზი ორივე ხელზე დამიმონტაჟეს, იმ პროთეზებით ჭამას ვახერხებდი, მაგრამ მე გავიზარდე, პროთეზი კი დაპატარავდა. ახლა კიდევ მჭირდება, მაგრამ ძალიან დიდ თანხასთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ჩვენს ოჯახს არ აქვს. ხარისხიანი პროთეზი 113 000 ევრო ღირს". იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე

20 წლის გიორგი ხიზანიშვილს უკვე 11 წელია ხელების გარეშე უწევს ცხოვრება. ის ფიზიკური ნაკლით არ დაბადებულა, ხელები 9 წლის ასაკში, უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა. ამის შემდეგ გიორგი კომპიუტერზე მუშაობას, ინტერნეტში შესვლას და წერილის გაგზავნასაც კი ფეხის თითებით ახერხებს. გიორგი ამბობს, რომ თავიდან მომხდართან შეგუება ძალიან გაუჭირდა, საკუთარ თავში ჩაიკეტა და თანატოლებთან ურთიერთობას გაურბოდა, დღეს ეს კომპლექსები აღარ აწუხებს და მომხდარზე თავისუფლად ლაპარაკობს:

- 2003 წლის 30 დეკემბერი იყო, ოჯახში საახალწლო სამზადისი გვქონდა, დედა ძალიან დაკავებული იყო და მე და ჩემი უმცროსი და ბიძასთან წავედით. იქვე იყო ტრაქტორი, საიდანაც წყალს ტუმბავდნენ. უცებ ჯოხი ძირს ჩამივარდა, ჯოხის აღება, რომ დავაპირე ტრაქტორის ნაწილმა ჩამითრია, თავის გადასარჩენად მეორე ხელი მივახმარე და ისიც დავკარგე. სამწუხაროდ ორივე ხელის ამპუტაცია გახდა საჭირო.

- როგორ შეძელი ახალ რეალობასთან შეგუება?

- რეალობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა, არ არის მარტივი ხელების გარეშე ცხოვრება. ძალიან ჩავიკეტე, ყველაფერი მაღიზიანებდა, თანატოლებს აღარ ვემეგობრებოდი და ყველასთნ ურთიერთობას გავურბოდი. ყველა მე მიყურებდა და ჩურჩულებდნენ. სიმართლე რომ გითხრათ, საკუთრი თავის ხელში აყვანა ძალიან გამიჭირდა, მაგრამ მივხვდი, რომ ასე არ შეიძლებოდა, რადგან ცოცხალი გადავრჩი, ეს უკვე ბედნიერება იყო და უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება.

- ვინ გეხმარებოდა ყველაზე მეტად მძიმე დღეებში?

- ყველაზე მეტად ახლობლები, მშობლები და მეგობრები მეხმარებოდნენ. მშობლები შინ მარტო არ მტოვებდნენ და ყველგან თან დავყავდი. განსაკუთრებული როლი ეკლესიამ ითამაშა. ჩემმა სულიერმა მოძღვარმა სტიქაროსნობა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი. ამ ფაქტამა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. თანდათნ კომპლექსები მომეხსნა და მეც ჩვეულებრივი ადამიანივით დავიწყე ცხოვრება.

- განათლების მიღება როგორ მოახერხე?

- ამ შემთხვევაშიც ჩემი მშობლები და მეგობრები მეხმარებოდნენ. სკოლაში სიარული არ მიმოტოვებია. სკოლაში მასწავლებლები და კლასელები გვერდში მედგნენ. სხვა ადამიანების მსგავსად ყველაფრის კეთება შევძელი. სკოლის დამთავრებვის შემდეგ პროფესიის არჩევაზე ბევრი არ მიფიქრია და სწავლა თბილისის სასულიერო აკადემიაში ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტზე განვაგრძე. გამოცდებს კარგად ვაბარებ და ნორმალური შედეგიც მაქვს. მჯერა, რომ დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევ.

- პროთეზის გაკეთება არ გიცდია?

- პროთეზი თავდაპირველად ბავშვთა ფონდმა დამიფინანსა, ძალიან პრიმიტიული იყო, თითქმის ვერაფრის გაკეთებას ვერ ვახერხებდი. 2008 წელს ორივე ხელზე დამიმონტაჟეს, იმ პროთეზებით ჭამას ვახერხებდი, მაგრამ მე გავიზარდე, პროთეზი კი დაპატარავდა. ახლა კიდევ მჭირდება, მაგრამ ძალიან დიდ თანხასთან არის დაკავშირებული, რისი საშუალებაც ჩვენს ოჯახს არ აქვს. ხარისხიანი პროთეზი 113 000 ევრო ღირს.

- რა არის ისეთი, რისი გაკეთებაც გინდა და ვერ ახერხებ?

- ბავშვობის ოცნება ვერ ავისრულე, ძალიან მინდოდა ფორტეპიანოზე დაკვრა მესწავლა, ასევე ქართულ ცეკვებს დავუფლებოდი, მაგრამ ეს ჩემი აუხდენელი ოცნებაა, რას ვიზამ, ალბათ ასე უნდა მომხდარიყო.

(ნიკ ვუიჩიჩი – არც ხელები, არც ფეხები, არც რაიმე შეზღუდვა…)

თიკო გურაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე