გოგა ჩანადირის, ბადრი ვადაჭკორიასა და კიდევ სხვა ცნობილი ფოტოხელოვანების თვალით დანახული საქართველო. ფოტოალბომების სერიის პირველი ტომი უკვე გაყიდვაშია. - კვირის პალიტრა

გოგა ჩანადირის, ბადრი ვადაჭკორიასა და კიდევ სხვა ცნობილი ფოტოხელოვანების თვალით დანახული საქართველო. ფოტოალბომების სერიის პირველი ტომი უკვე გაყიდვაშია.

ფოტოალბომი "ჩემი საქართველო" 12 +1 ტომისგან შედგება. ეს არის 13 ფოტოალბომი – 13 განსხვავებული ხასიათი, ტრადიცია, გარემო, ყველა მნიშვნელოვანი ნაცნობი თუ უცნობი ადგილი, ძეგლები და უბრალოდ, ულამაზესი ხედები...

ანბანის მიხედვით პირველი ტომი აჭარით იწყება და აფხაზეთით მთავრდება, მე-13 ტომი კი თბილისის ალბომით დასრულდება. სერიის თითო ტომი თვეში ერთხელ "კვირის პალიტრასთან" ერთად იყიდება (წიგნის ღირებულება 15.5 ლარი, გაზეთთან ერთად - 17 ლარი).

ფოტოალბომებში საქართველოს სხვადასხვა კუთხის წეს-ჩვეულებების შესახებ არის მოთხრობილი და ცნობილ ფოტოხელოვანთა - ბადრი ვადაჭკორიას, ირაკლი გედენიძისა და გოგა ჩანადირის ფოტოებთან ერთად, დამწყები და მოყვარული ფოტოგრაფების ნამუშევრებიც არის წარმოდგენილი.

დიაკონიძეების მეჩეთი, XIX ს. (სოფელი აგარა, ხელვაჩაური). გოგა ჩანადირი

გოგა ჩანადირი, ფოტოხელოვანი: - სიმბოლურია, რომ ეს პროექტი აჭარით იწყება, რადგან იქ ყველაზე თვალხილულია ეთნოგრაფია, მაგალითად, ლაზი ოსტატების მიერ აგებული მეჩეთები, მოხატული კარით, რომელიც საქართველოს არც ერთ კუთხეში არ გვხვდება. აჭარა მთისა და ზღვის ნაზავია, ბათუმი კი ულამაზესი ქალაქია. მინდოდა, აჭარა ცოტა სხვანაირად წარმომედგინა - მეჩეთები, ბათუმის ქუჩები, აჭარის მთიანეთის - ბახმაროსა და ჭვანას შორის მცხოვრებნი, გადმომეცა მათი პორტრეტები და ყოფა, ჩაცმის კულტურა. წიგნში შეტანილია ზემოდან გადაღებული გონიოს ციხე, რომელიც ძლივს გავიმეტე გამოცემისთვის.

ეს ალბომები უცხოელი ტურისტებისა და ქართველებისთვის თანაბრად საინტერესო იქნება, რადგან ხშირად ჩვენც ვერ ვახერხებთ საკუთარი ქვეყნის სრულად დათვალიერებას. ახლა კი საშუალება გვექნება, ფოტოალბომით გავეცნოთ საქართველოს თვალწარმტაც კუთხეებს.

ფოტოალბომები გზამკვლევის როლსაც შეასრულებს ტურისტებისათვის, რადგან ყოველ ტომს, ფოტომასალის გარდა, ახლავს კონკრეტული რეგიონის რუკა. სერია ქართულ და ინგლისურ ენებზეა.

ასტრონომიული საათის შენობის ნაწილი. ბადრი ვადაჭკორია

ბადრი ვადაჭკორია, ფოტოხელოვანი: - 14 ფოტოალბომის ავტორი ვარ. ჩემი საიმიჯო ალბომები საკმაოდ ძვირად ღირებულია, ამიტომ მინდოდა, რაიმე ისეთი მომეფიქრებინა, ხალხისთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო. ამ იდეის განხორციელებაში გამომცემლობა "პალიტრა L" დამეხმარა. მიხარია, რომ სწორედ მათთან ერთობლივი მუშაობით ფოტოალბომების ახალი სერიის შეძენა ყველას შეეძლება.

პროექტის უნიკალურობა შემდეგში მდგომარეობს: მაღალი ხარისხის ფოტონამუშევრების გარდა, წიგნებში შესულია საქართველოს სხვადასხვა კუთხეებისა და ადგილების მოკლე ისტორია, მათი აღწერა, რაც საშუალებას მოგვცემს გავიგოთ აქამდე უცნობი ფაქტები, ჩვენთვის ნაცნობი თუ უცნობი ადგილების შესახებ.

მანანა შეყილაძე, ისტორიკოსი, კარტოგრაფი: - ასეთი სერიული გამოცემა საქართველოს მხარეების შესახებ, რამდენადაც ვიცი, არ არსებობს და მნიშვნელოვანია, რომ მასში მონაწილეობენ ცნობილი ფოტოხელოვანები - ბადრი ვადაჭკორია და გოგა ჩანადირი. საქართველოს მხარეების შესახებ ერთი სასკოლო სახელმძღვანელო იმდენ ინფორმაციას ვერ იტევს, რამდენიც არსებობს. ამიტომ მოსწავლეებისთვის ეს საუცხოო დამხმარე იქნება. ის უცხოელ ტურისტებთან ჩვენს ქვეყანას ერთგვარ აგიტაციას გაუწევს, რომ აქაურობა ნახონ და ეს წიგნები წაიღონ, როგორც სუვენირები.

სერიის პირველი ტომი უკვე გამოვიდა და 23-დან 30 ნოემბრამდე სპეციალურ ფასად არის შესაძლებელი მისი შეძენა. სერიის ფარგლებში ,,აჭარის" გარდა გამოვა კიდევ 12 კუთხის ფოტოალბომი: გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სამეგრელო, სამცხე-ჯავახეთი, სვანეთი, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი, აფხაზეთი, თბილისი.

მზადდება ფოტოალბომების სერიის სასაჩუქრე, ძვირად ღირებული ვერსიაც, რომელიც სპეციალურ ყუთში იქნება მოთავსებული და 400 ლარი ეღირება. ამ გამოცემის გაყიდვაში გამოსვლამდე მსურველებს საშუალება ექნებათ, ტელეფონით დაჯავშნონ ის, რადგან სასაჩუქრე ვერსია ლიმიტირებული ტირაჟით დაიბეჭდება.