დათო ტურაშვილი: "მოსამართლემ სიმართლის თქმის გამო დამაჯარიმა" - კვირის პალიტრა

დათო ტურაშვილი: "მოსამართლემ სიმართლის თქმის გამო დამაჯარიმა"

"ძალიან მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, როცა აღმოაჩენ არაპროფესიონალიზმს სასამართლოს მხრიდან, მითუმეტეს მაშინ, როცა დანამდვილებით იცი, რომ ხელისუფლებამ კანონი დაარღვია"

ნარკოდანაშულში ბრალდებულის, ახალგაზრდა მსახიობ ირაკლი რამიშვილის გუშინდელ სასამართლო სხდომაზე ხმაური იყო. მოსამართლემ დარბაზიდან ადვოკატი ირმა ჭკადუა და მწერალი დათო ტურაშვილი გააძევა.

როგორც ტურაშვილმა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მან პროკურორების ქმედებები გააპროტესტა. ტურაშვილის თქმით, ბრალდების მხარე მოუმზადებელი წარდგა სასამართლოს წინაშე, რის გამოც მას განათლებისკენ მოუწოდა, ამის შემდეგ მოსამართლემ ის  გააძევება და 200 ლარითაც დააჯარიმა. დეტალების გასარკვევად "კვირის პალიტრა" დათო ტურაშვილს დაუკავშირდა.

დათო ტურაშვილი:

- მოსამართლემ სიმართლის თქმის გამო დამაჯარიმა... სიმართლე, რომელიც, როგორც წესი, მწარე და არასასიამოვნო მოსასმენია, მაგრამ ამ (ან სხვა მოსამართლეს) თუ სურს, რომ ასეთი სიმართლე არ მოისმინოს, ნება უნდა იბოძონ და ნებისმიერი საქმის განხილვისას, იხელმძღვანელონ მხოლოდ სამართლიანობისა და ობიექტურობის პრინციპით. ძალიან მტკივნეული და შეურაცხმყოფელია, როცა აღმოაჩენ არაპროფესიონალიზმს სასამართლოს მხრიდან, მითუმეტეს მაშინ, როცა დანამდვილებით იცი, რომ ხელისუფლებამ კანონი დაარღვია.

- თქვენ ამბობთ, რომ ირაკლი რამიშვილს ნარკოტიკი ჩაუდეს, რატომ ფიქრობთ ასე? თქვენი აზრით, გრძელდება თუ არა წინა ხელისუფლების მსგავსი ქმედებები ნარკოტიკის ჩადებასთან დაკავშირებით?

- არათუ ვფიქრობ, არამედ ზუსტად ვიცი, რომ ირაკლი რამიშვილს ნარკოტიკი ჩაუდეს და ჩემი აზრით, ეს იცის მოსამართლემაც და პროკურორმაც, რომლის უტიფრობასაც საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ მათ არ იციან მთავარი - ეჭვმიტანილი, რომელიც დამნაშავე გვგონია, სრულიად უდანაშაულოა, თუ მას დანაშაულს ვერ დავუმტკიცებთ. მოსამართლემ აგრეთვე არ გაითვალისწინა ირაკლი რამიშვილის ჯანმრთელობის უმძიმესი მდგომარეობა (სასამართლოზე საავადმყოფოდან მოიყვანეს ურთულესი ოპერაციის შემდეგ) და მე პირადად ვერ ვიცანი, მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი მეგობრების შვილია. ირაკლი მთავარ როლს ასრულებდა ლევან კოღუაშვილის შესანიშნავ ფილმში "ქუჩის დღეები" და ვისაც ფილმიდან მაინც ახსოვს ეს სიმპათიური ახალგაზრდა ადამიანი, ჩემსავით გაუჭირდებოდა მისი ამოცნობა სასამართლო პროცესზე. სხვათა შორის, ძალიან ბევრჯერ დავსწრებივარ სასამართლო პროცესებს, მაგრამ ასეთი შეურაცხყოფილი, ბევრჯერ არ ვყოფილვარ. სასამართლოზე, ზუსტად ჩემ გვერდით იჯდა ჩვენი შესანიშნავი მომღერალი და ადამიანი ნატო მეტონიძე და მთელი პროცესის მანძილზე თავი არ აუწევია. ვიცოდი, რომ პირველად ესწრებოდა ასეთ სხდომას და ვიფიქრე, ცუდად ხომ არ არის-მეთქი, - მიპასუხა - ისე მრცხვენია, რომ თავს მაღლა ვერაფრით ავწევო...

(იხილე ასევე: რატომ მიიჩნევს უნიათოზე უარესად ხელისუფლებას და რას ვერ პატიობს თავს დათო ტურაშვილი?)

მოამზადა თეა ბეჟიტაშვილმა