ლანჩხუთელმა ცოლ-ქმარმა 1 200 000 ლარი მოიგო, მეორე დღეს კი ოჯახში ვაჟი გაჩნდა - კვირის პალიტრა

ლანჩხუთელმა ცოლ-ქმარმა 1 200 000 ლარი მოიგო, მეორე დღეს კი ოჯახში ვაჟი გაჩნდა

აბა, ვინ აღწერს, რა დაემართებოდა ლანჩხუთის ვარსკვლავებიან ღამეში მარტო დარჩენილ ქმარს, როცა ბათუმიდან ცოლმა დაურეკა და მისავათებულმა უთხრა, - ცხოვრება აგვეწყო, 1 200 000 ლარი მოვიგეთო!

"ობლის კვერი ცხვა, ცხვა და გვიან, მაგრამ კარგად გამოცხვაო!"ალბათ, მთელ დედამიწაზე ისე კარგად არასოდეს გამომცხვარა, როგორც ლანჩხუთში მცხოვრები ნუგზარ ბედინაძისთვის - 3 წლისას მამა გარდაეცვალა. მრავალშვილიან ოჯახში ცხოვრების ყველა ტვირთი დედამისმა აიღო და 5 შვილი გამოზარდა. 3 წლის წინ კი ვალმოხდილი და დაღლილი დედაც გარდაეცვალა. დედამისი რომ მოსწრებოდა, რა სასწაულად გაუღიმა მის ვაჟს ბედმა, ალბათ, ყველა სადარდელს დაივიწყებდა, მაგრამ ასე არ მოხდა… თუმცა, ნუგზარის "სასწაული კვერი"მაინც გამოცხვა - სულ ერთ წამში გახდა მილიონერი. უფრო სწორად, 1 200 000-ის მფლობელი.

აი, ასე - მარტო დარჩენილმა ცოლად აჭარელი გოგონა, 23 წლის თეონა ვაშაყმაძე მოიყვანა სოფელ სხალთიდან, წლის ბოლოს უკვე ბიჭს ელოდებოდნენ და ნუგზარმა ცოლი მოსამშობიარებლად ბათუმში წაიყვანა. იქ, ბაზრობაზე ბიჭის დაბადებისთვის სალუტის მისაცემად ფოიერვერკი იყიდა და ლანჩხუთში გაბრუნდა. მშობიარობის მომლოდინე თეონამ კი გულის გადასაყოლებლად ქალაქში გაისეირნა და ერთ მივარდნილ ჯიხურში იღბლიანი ბილეთი შეიძინა. საღამოხანს ნათესავის სახლში ტელევიზიით ლატარიის გათამაშებას უყურა და გაოგნებულმა აღმოაჩინა, რომ მილიონერი გამხდარიყო! აბა, ვინ აღწერს, რა დაემართებოდა ლანჩხუთის ვარსკვლავებიან ღამეში მარტო დარჩენილ მის ქმარს, როცა ბათუმიდან ცოლმა დაურეკა და მისავათებულმა უთხრა, - ამიერიდან ცხოვრება აგვეწყო, 1 200 000 ლარი მოვიგეთო! კითხვაზე, მაშინვე დაიჯერა თუ არა ეს ამბავი, ნუგზარმა ასე გვიპასუხა.

- მაგისთანა ამბავს, რომელი ჭკუათამყოფელი დაიჯერებს ერთი თქმით. ჩემს ცოლს ჩავძახოდი ტელეფონში, გეყოფა ახლა, ნუ მეხუმრები-მეთქი!

- როცა დაიჯერეთ?

- ჩემი ბიჭის დაბადებისთვის ერთი ასაფეთქებელი მქონდა ნაყიდი და ის ავაფეთქე. მეზობლებს ეგონათ, ბიჭი უკვე გამიჩნდა და გილოცავთო, მოვარდნენ. მე კი ენა ჩავარდნილი მქონდა და ხმას ვეღარ ვიღებდი.

- წარმომიდგენია, ახლაც კი გიჭირთ ლაპარაკი.

- გამიჭირდება, აბა, რა იქნება! ზღაპრებში რომ წერია მფრინავ ხალიჩაზე, ბავშვობაში ვფიქრობდი, ნეტა, ეგ მომცა-მეთქი. ის უფრო მეგონა, რომ მოხდებოდა, ვიდრე ეს, რაც ახლა მოხდა… ახლა ისეთი რამ მჭირს, რომ გამოწურული ლიმონივით ვარ…

"გამოწურული ლიმონს"ლაპარაკში მისი ცოლი თეონა ვაშაყმაძე ჩაერთო.

- რომ ვთქვა, ფული ბევრი მქონდა და 2 ლარი იმიტომ გავიმეტე ამ ლატარიისთვის-მეთქი, ასე არ არის. ჩემი ქმარი ობოლია, ძალიან გაჭირვებულები არ ვართ, ნუგზარი ყველაფერს აკეთებს, მაგრამ არ გვილხინდა. ჩანთაში სამშობიარო ფული მედო და მეც არ ვიცი, რატომ დავაკელი ის 2 ლარი, რომლითაც ლატარია ვიყიდე. ნათესავის ბინაში, სადაც ვცხოვრობდი, დავჯექი ტელევიზორთან და ვუყურე გათამაშებას. ძალიან ცუდად გავხდი, როცა მივხვდი, მართლა მოვიგე. დღე-დღეზე უნდა მემშობიარა და ეს სიხარული მე და ჩემმა შვილმა მუცელში ერთად გადავიტანეთ, აქეთ მე ვიყავი ცუდად, იქით ჩემი ბიჭი მირტყამდა მუცელში ფეხებს. მეორე დღეს ვიმშობიარე და საბა შემეძინა. მეც მრავალშვილიანი ოჯახიდან ვარ, ეს ამბავი დედაჩემს რომ ვუთხარი, სულ "არ მჯერა, არ მჯერა"იძახა. მერე ატირდა.

- შენმა მეუღლემ თუ იცის, რა განძი შეუვიდა ოჯახში შენი სახით, - თან დაქორწინდა, თან ვაჟი შეეძინა, თან მილიონერიც გახდა!

- იცის, იცის! - გაიცინა თეონამ და ატირებულ საბას მიხედა. ალბათ, ისიც სიხარულისაგან ტიროდა. ჩვენც სიხარულს ვუსურვებთ ამ ოჯახს, რომელიც არცთუ დალხინებული ცხოვრების შემდეგ ბედნიერებას ეწია.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)