"თუ მანქანის მართვა არ იცი, რა მნიშვნელობა აქვს, საჭე საით იქნება?!" შსს მინისტრი გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოში აიკრძალოს მარჯვენასაჭიანი მანქანების რეგისტრაცია და არა - იმპორტი, ტრანზიტი, დროებითი შემოყვანის რეჟიმი, რეექსპორტი. მინისტრის განმარტებით: "ვისაც უკვე რეგისტრირებული აქვს მარჯვენასაჭიანი ავტომანქანები ან ავტომანქანები გადატანილი საჭით, შეუძლიათ მთელი ცხოვრება გამოიყენონ, ჩვენ მათ არ ვეხებით. იმ თარიღის შემდეგ, რაზეც ჩვენ შევთანხმდებით, ასეთი მანქანების რეგისტრაცია აიკრძალება".ამას გარდა, ახალი ინიციატივის მიხედვით, 2016 წლის 1-ელი იანვრიდან ყველა კატეგორიის მართვის მოწმობას 100 ქულა მიენიჭება და პატრულის მიერ დაჯარიმების შემთხვევაში ქულათა გარკვეული რაოდენობა დააკლდება. იმ შემთხვევაში, თუ ქულათა რაოდენობა ნულამდე ჩამოვა, მართვის მოწმობის მფლობელს ეს მოწმობა გაუუქმდება და გამოცდის ხელახლა ჩაბარება მოუწევს. შალვა ხუციშვილი, შს მინისტრის მოადგილე: - "1-ელი იანვრიდან მომდევნო წლის 1-ელ იანვრამდე მძღოლებს იმ ცხრილის მიხედვით, რაც წინასწარ არის დადგენილი და რომელშიც აისახება ჯარიმების შესახებ ინფორმაცია (ამაში არ იგულისხმება ვიდეოჯარიმა, არამედ საუბარია უშუალოდ პატრულის მიერ გამოწერილ ჯარიმაზე, მაგალითად, ტელეფონზე საუბრისთვის) დააკლდებათ ქულები... სანამ ქულა ნულამდე ჩამოვა, მანამდე მოგივათ მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც გამცნობთ, რომ თქვენი ქულა მცირდება, ხოლო როდესაც ნულზე ჩამოვა, მოგივათ სმს, რომ მართვის მოწმობა გაგიუქმდებათ".მინისტრის მოადგილის განცხადებითვე, მართვის მოწმობის აღებისთვის საჭირო გამოცდის გავლა მოქალაქეებს შესაძლოა ქალაქში, ავტომანქანების რეალურ მოძრაობაში მოუწიოთ. "ამაზე მიდის მუშაობა, რამდენიმე ვარიანტი განიხილება. მე არ შემიძლია გითხრათ ზუსტი დრო, მაგრამ ინტენსიურად ვმუშაობთ და ვცდილობთ, რომ მართვის მოწმობის ტესტის რეალურ მოძრაობაში გადატანა რაც შეიძლება მალე განხორციელდეს".საზოგადოებაში ახალ ინიციატივას სხვასხვანაირად შეხვდნენ. ჩვენ მძღოლების მოსაზრებით დავინტერესდით:გელა გუგავა - რამდენიმე წელია, ავტომობილების ყიდვა-გაყიდვით ვარ დაკავებული. აუქციონის საშუალებით ვყიდულობ იაპონურ მარჯვენასაჭიან ავტომობილებს და მერე აქ ვყიდი. მარჯვენასაჭიანი მანქანები შედარებით იაფია, ამიტომ მყიდველიც, ასე თუ ისე, არის და იმდენი მაინც მრჩება, რომ ოჯახი ვარჩინო. ამ ინიციატივით შეიძლება ითქვას, უმუშევარი ვრჩები. ჩემს მდგომარეობაში ასობით ადამიანია. ვერ ვხდები, ვის რა პრობლემას უქმნის ასეთი ავტომობილი. ის მიზეზი, თითქოს ამის გამოა საცობები, რბილად რომ ვთქვათ, სასაცილოა. მარცხენასაჭიანი მანქანები ისეთ მანევრებს აკეთებენ, თვალები შუბლზე აგივა, მაშინ მათი რეგისტრაციაც ავკრძალოთ და საერთოდაც, ურიკებით ვიაროთ. აღარც საცობები იქნება და ავარიების რიცხვიც მოიკლებს.ზურაბ ქვლივიძე - ცალსახად მისასალმებელი ინიციატივაა. მე თუ მკითხავთ, უკვე შემოსულ მარჯვენასჭიანებზეც უნდა დაწესდეს შეზღუდვა. თბილისში, სადაც გადატვირთული მოძრაობაა, იმხელა პრობლემას არ ქმნის, მაგრამ ავტობანზე, სადაც სწრაფად მოძრაობენ მარჯვენასაჭიანი მანქანის მძღოლებს ხშირად აგვიანდებათ მანევრირება და საავარო სიტუაციაც იქმნება. არცთუ იშვიათად, ეს მანქანის გაუმართაობის ბრალია, რადგან უმეტესობა იაპონიიდან შემოჰყავთ. აუქციონებზე 10-15 ათას დოლარიან მანქანებს 300 დოლარად ყიდულობენ და როგორ შეიძლება, ეს მანქანა გამართული იყოს?! ორმხრივი მოძრაობის დროს გასწრებაც რთულია, კი გაასწრებ წინ მიმავალ მანქანას, მაგრამ არ არის გამორიცხული, საავარიო სიტუაცია შექმნა და ეს ყველაფერი ღირს ამად?! რომ წერენ, ევროპა გვინდაო, მაგალითად, ინგლისში, სადაც მარჯვენა მოძრაობაა, ვინმე გაგატარებს მარცხენასაჭიანი მანქანით? მე ამ აკრძალვას მივესალმები, მაგრამ მაშინ, როცა ბევრისთვის მანქანების ბიზნესი ერთადერთი შემოსავალია, ასე უცებ აკრძალვა, ძალიან ცუდი იქნება, უმჯობესია, თუ კომპრომისული ვარიანტი გამოიძებნება...ზვიად ლომიძე - დაახლოებით ათი წელია, მარჯვენასაჭიანი მანქანა მყავს. ისე ვარ მიჩვეული, რომ მარცხენასაჭიანის მართვა შეიძლება გამიჭირდეს. ერთხელაც არ შემიქმნია საავარიო სიტუაცია. თუ მანქანის მართვა არ იცი, რა მნიშვნელობა აქვს, საჭე საით იქნება?! ერთი თვე (ზოგჯერ არც მაგდენი) დადიან, სწავლობენ მართვას, იზეპირებენ ბილეთებს, მერე აიღებენ მოწმობას და ჰგონიათ, რომ მართვა იციან. მერე ისეთ საშინელებებს სჩადიან, პროფესიონალი უნდა იყო, რომ გადარჩე. მე თუ მკითხავთ, მარჯვენასაჭიანი მანქანის აკრძალვას, ჯობია მართვის მოწმობის აღება გაართულონ, ეს უკეთესი იქნება.პ.ს. იდეა ჯერ მხოლოდ ინიციატივის დონეზეა და უკვე დიდი განსჯის საგანია. რაც მთავარია, მომხრეზე მეტი მოწინააღმდეგე ჰყავს, ამიტომ არ არის გამორიცხული, კარს მომდგარი არჩევნების გამო, ხელისუფლებამ უკან დაიხიოს, მოერიდოს "მემარჯვენე" მძღოლთა გაღიზიანებას, თუმცა, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ეს დროებითი ნაბიჯი იქნება.ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)