ეს სულ სხვა ვანოა და სხვა სიმართლე...
ოლეგ ნეკრასოვის "რუსულის გაკვეთილების" შემდეგ, მოსკოვის სახელისუფლებო პოლიტელიტას კიდევ ერთხელ "დასცხა", როდესაც მოსკოვის კინოეკრანებზე კიდევ ერთი რუსი რეჟისორის დოკუმენტური ფილმი "ვანოს მოლოდინში" გამოჩნდა. ოლგა დარფის ერთსაათიანი დოკუმენტური ფილმი რუსეთ-საქართველოს ომის შედეგებს ასახავს. აპოლიტიკურმა რუსმა მაყურებელმა ოლგას ფილმს კიდევ ერთი სათაური შეურჩია - "სხვა სიმართლე". შინაარსისა და ფილმში მოყვანილი რეალური ფაქტების გამო, ახალ ნამუშევარს მოსკოვში კრიტიკა არ მოჰკლებია. თუმცა სიტყვების: "მდარე", "არაპროფესიონალურის" მიღმა პოლიტიკური დაკვეთის კვალიც შეინიშნებოდა.
რეჟისორი, სცენარისტი და დრამატურგი ოლგა დარფი 2008 წლის აგვისტოში ხუთდღიანი ომის დასრულებისთანავე ჩამოვიდა და ვიდეოკამერით შეიარაღებულმა თითქმის მთელი საქართველო შემოიარა. ნაომარ საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზეზი კი ქართველი ახალგაზრდა კაცი ვანო იყო, რომელთანაც მანამდე რომანტიკული ურთიერთობა ჰქონდა. ომის დროს კი ვანომ მასთან მიმოწერა შეწყვიტა, აღარც მის სატელეფონო ზარებს პასუხობდა. ამასობაში კი რუსული ტელეარხები გადასცემდნენ, რომ ქართველმა "ფაშისტებმა" მიწასთან გაასწორეს ცხინვალი და ქალმაც გადაწყვიტა თავისი თვალით ენახა ის, რამაც მისი სიყვარული იმსხვერპლა. მართალია შეყვარებულ ქალს ვანო სხვა ქართველ მეომრებთან ერთად ტყეში გახიზნული დახვდა, საიდანაც მტრის წინააღმდეგ პარტიზანულ ბრძოლას ეწეოდა, მაგრამ საყვარელი მამაკაცის მოლოდინში ქალმა გადაწყვიტა თანამემამულეებისგან დაბომბილი საქართველო მოენახულებინა.
ფილმში ვხედავთ დაბომბილ და ალმოდებულ გორს, ალმოდებულ თუ გადამწვარ ბორჯომის ხეობას, სოფელ ერედვის დანგრეულ სკოლას, სადაც რუსმა ჯარისკაცებმა საკლასო დაფაზე რუსულ და ქართულ ენებზე მუქარით აღსავსე წარწერები დატოვეს. ვხედავთ ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილულ შოთა რუსთაველის პორტრეტს. დევნილები ლაპარაკობენ რუსი ჯარისკაცების სისასტიკესა და ომში დაღუპულებზე. ფილმში ქართველი ჯარისკაცების მიერ მობილური ტელეფონით გადაღებული ომის კადრებიცაა.
ამ ყველაფრის ნახვის შემდეგ ადვილი მისახვედრია, რატომ გაიმართა ფილმის ჩვენება მოსკოვის ნაკლებად ცნობილ კინოთეატრებში, მათ შორის "ფითილსა" და "სინეფანტომში" მხოლოდ თითოჯერ და რატომ არ მიეცა მისი ნახვის საშუალება ფართო აუდიტორიას ტელეეკრანებზე. სამწუხარო და გასაკვირია, როგორ დარჩა რუსეთ-საქართველოს ომის თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი ქართველი პოლიტიკოსების, სახელისუფლებო წრეებისა და ქართველი საზოგადოების ყურადღების მიღმა.
ოლგამ თავის ფილმში ქართველი პოლიტიკოსები და რამდენიმე საზოგადო მოღვაწეც გადაიღო. დოკუმენტურ ფილმში შესულია ინტერვიუ კახა ბენდუქიძესთან, რომელმაც რუს რეჟისორს თავის სახლში უმასპინძლა. თბილისში ყოფნისას ოლგა დარფი "კავკასიურ სახლსაც" ესტუმრა, სადაც მწერალ ნაირა გელაშვილს შეხვდა.
ნაირა გელაშვილი: "მახსოვს, ოლგა აპირებდა ეს ფილმი მოსკოვის თეატრალური საზოგადოებისთვის ეჩვენებინა. რამდენიმე კითხვა დამისვა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასა და აგვისტოს ომზე და მეც ვპასუხობდი, მაგრამ მას შემდეგ მისგან არაფერი მსმენია. პირველად თქვენგან გავიგე, რომ ფილმი უკვე დასრულდა და მისი პრემიერაც შედგა".
რაჟდენ ჭაჭია (ფილმის ერთ-ერთი მონაწილე): "ეს ქალბატონი მოსკოვიდან დაახლოებით ორი წლის წინ იყო თბილისში და დოკუმენტურ ფილმს იღებდა. ჩემი შვილიშვილის მეგობრებმა მოიყვანეს ჩვენთან, სახლში. მე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვარ, ომში სნაიპერი ვიყავი, ამიტომაც სურდა ჩემთან შეხვედრა. მახსოვს, მეკითხებოდა, რას ვფიქრობდი აგვისტოს ომზე, იმ დაძაბულ ურთიერთობაზე, რომელიც რუსებსა და ქართველებს შორის იმ დროს ჩამოყალიბდა. მახსოვს, მკითხა: ახლა რომ იბრძოდეთ, რუსებს ტყვიას ესროდითო, რაზეც უარი ვუთხარი. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ჩვენს სახლში გადაღებული კადრები მის ფილმში შევიდა და არც ის ვიცოდი, რომ ფილმი უკვე გადაიღო".
ერთადერთი ადგილი, სადაც ფილმის "ვანოს მოლოდინში" ნახვაა შესაძლებელი, ინტერნეტსივრცეა. სხვათა შორის, ვირტუალურ სივრცეში მაყურებელი ფილმის შეფასებისას უფრო გულახდილია. ბევრი, მათ შორის ოლგას თანამემამულე ინტერნეტის მომხმარებელი, რეჟისორს ფილმისთვის მადლობასაც უხდის, რადგან ამ ფილმში ოლგა დარფიმ აგვისტოს ომის შესახებ აბსოლუტურად სხვა სიმართლე ასახა.
P.S. სხვათა შორის, ქართველი პოლიტიკოსების უმეტესობამ ამ ფილმის არსებობის შესახებ სწორედ ჩვენგან შეიტყო. როდესაც ფილმის სახელწოდებას ვეუბნებოდით, რატომღაც ყველა ფიქრობდა, რომ რუსმა რეჟისორმა დოკუმენტური სურათი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილზე გადაიღო და ამ ფაქტის კომენტირებისგან თავშეკავებას ამჯობინებდნენ. არა, ბატონებო, ეს სულ სხვა ვანოა და სხვა სიმართლე...
ფილმის ნახვა შეგიძლიათ ინტერნეტსაიტზე: www.ipn.ge