"ხუთგზის საპატიო მეკვლე ვარ" - ვინ რას ფიქრობს მეკვლეობაზე და ვის როგორი ფეხი აქვს? - კვირის პალიტრა

"ხუთგზის საპატიო მეკვლე ვარ" - ვინ რას ფიქრობს მეკვლეობაზე და ვის როგორი ფეხი აქვს?

"მეკვლეობას ჩემს ცხოვრებაში არ ვიკისრებ, ვაიდა, ცუდად წაუვიდეს საქმე, მთელი ცხოვრება უნდა იძახოს, - მოგტყდეს ფეხიო!"

,,შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი!" - მეკვლეობის ტრადიცია საქართველოს შორეული წარსულიდან მოჰყვება.

საინტერესოა რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები ამ ტრადიციაზე და თავად როგორი მეკვლეები არიან.

გივი ბერიკაშილი, მსახიობი:

- მეკვლეობა ძალიანაც მომწონს! ხალხმა დაგაფასოს, ისურვოს პირველმა შეაღო მისი სახლის კარი და დაილოცო:  "შემოვდგი ფეხი, გწყალობდეს ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისააო!" - ამაზე ძვირფასი რა უნდა იყოს?

უბედნიერესი კაცი ვარ - ხუთჯერ გავიმარჯვე გამოკითხვაში - ვის ისურვებდით მეკვლედ? ასე, რომ ხუთგზის საპატიო მეკვლე ვარ. ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ჯილდო. დამსახურება-მომსახურება, ამის პრემია, იმის პრემია არ მაინტერესებს - ჩემი მთავარი სტატუსი მეკვლეობაა! (იცინის) ჰოდა, ახლა "კვირის პალიტრის" მკითხველს ღმერთის წყალობას, ულევ სიკეთეს, ხვავსა და ვარაქას დავაბედებ!

ჯაბა კილაძე, მსახიობი:

- მეკვლეობის დროს არ ვაკვირდები ვის როგორი ,,ფეხი აქვს", მარჯვენა ფეხით შემოვა, თუ - მარცხენათი და სხვა, მაგრამ თვითონ ტრადიცია კარგია და უფრო ალამაზებს ახალ წელს. როგორც მეკვლე ძალიან ახლო მეგობრებში თუ ვარ ნამყოფი, თუმცა არ დავკვირვებივარ, როგორი ,,ფეხი მაქვს".

ნინი ბადურაშვილი, მომღერალი:

- რაღაც დოზით მჯერა ამ ტრადიციის, რადგან, ჩემი აზრით, რომ რაც უფრო კარგ ადამიანს შემოუშვებ სახლში, მით უკეთესი წელი გექნება. ცრურწმენების ნაკლებად მჯერა, მაგრამ ამას რაღაც დატვირთვა, ვფიქრობ, რომ აქვს.

მთელი ბავშვობა ჩემი ოჯახის მეკვლე ვიყავი, ახლა კი ასე კონკრეტულად არავისთან ვყოფილვარ. ერთი-ორჯერ ვარ ნამყოფი ახლობლებთან, ამბობენ, რომ ,,კარგი ფეხი" მაქვს.

ლელა მებურიშვილი, მსახიობი:

- ვფიქრობ, რადგან ეს ტრადიცია ამდენი ხანია არსებობს და ხალხი აფასებს, მნიშვნელოვანიც არის. თუმცა დიდად არ მჯერა, რომ ვუღაცის ფეხზეა დმოკიდებული ის, თუ როგორი წელიწადი გვექნება. ახალ წელს გილოცავთ!

ბახვა ბრეგვაძე, მსახიობი:

- მეკვლეობის თვითონ დიდად არ მჯერა,  მაგრამ სადღაც ქვეცნობიერში ყურადღებას ვაქცევ და ვამჯობინებ, რომ კეთილი და კარგი ადამიანი მოვიდეს პირველი ჩემთან სახლში. ჩემზე ამბობენ, რომ კარგი მეკვლე ვარ, თუმცა შეკვეთით არ დავდივარ (იცინის)...

გივი სიხარულიძე:

- მეკვლეობას ჩემს ცხოვრებაში არ ვიკისრებ, იმიტომ, რომ თუ კარგად წაუვა ის წელი, - შენს ფეხს ვენაცვალეო და ვაიდა, ცუდად წაუვიდეს, მთელი ცხოვრება უნდა იძახოს, - მოგტყდეს ფეხიო! მოკლედ, მეკვლეობას ძალიან ვერიდები. თვითონ ჩემ მეკვლეებად კი ჩემი შვილიშვილები მყავს ხოლმე.

მარიამ კაპანაძე (სპეციალურად საიტისთვის)