"საუკეთესო იყავი, ვერასდროს ვერავინ შეგედრება" - ზვავმა 28 წლის სნოუბორდისტი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

"საუკეთესო იყავი, ვერასდროს ვერავინ შეგედრება" - ზვავმა 28 წლის სნოუბორდისტი იმსხვერპლა

მთიდან წამოსულმა ზვავმა სპორტსმენი ქვეშ მოიყოლა

რამდენიმე საათის წინ, ბაკურიანში მცირე ზვავის ჩამოწოლის შედეგად სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა "კოხტა გორასა" და "დიდველს" შორის მოხდა. მთიდან წამოსულმა ზვავმა სპორტსმენი ქვეშ მოიყოლა. მაშველებმა რამდენიმესაათიანი ძებნის შედეგად სნოუბორდისტი გარდაცვლილი იპოვეს. ზვავის ჩამოწოლის დროს დიაკონაშვილი თხილამურებით სრიალებდა, თუმცა ის სათხილამურო ტრასებიდან მოშორებით, გაუკვალავ თოვლში იმყოფებოდა.

ნუგზარ დიაკონაშვილი სნოუბორდის ფედერაციის ბაკურიანის ჯგუფს ხელმძღვანელობდა. სპორტსმენი 2015 წლის საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი იყო. 28 წლის სნოუბორდისტი 2018 წლის კორეის ზამთრის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, სადაც მას საქართველო უნდა წარედგინა.

"ნინძა, ნათელში გამყოფოს ღმერთმა, ჩემი ძმა ხარ, უზომოდ მომენატრები. საუკეთესო იყავი საქართველოში, ვერასდროს ვერავინ შეგედრება. უზომოდ დაგვაკლდები. ძალიან მიყვარხარ." - ასეთი სტატუსი გამოქვეყნდა საქართველოს სნოუბორდის კლუბის "ფეისბუკის" გვერდზე.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.