რატი ამაღლობელი: "მოდის საშინელი ზიზღისა და მუქარების წერილები" - კვირის პალიტრა

რატი ამაღლობელი: "მოდის საშინელი ზიზღისა და მუქარების წერილები"

შეგახსენებთ, პოეტი რატი ამღელობელი ლექსით, სავარაუდოდ, ადამიანის გაყინვის თაობაზე 4 იანვარს, პატრიარქის დაბადების დღეს გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმურა, რომელსაც სოციალურ ქსელში ძალიან დიდი რეზოანასი მოჰყვა. (იხილეთ)

"პატრიარქი გაიყინა,

საკუთარ დაბადების დღეზე გაიყინა,

83 წლის მოხუცი პატრიარქი

მეტროს ჩასასვლელში,

მიწისქვეშა გადასასვლელში

გაიყინა.

დიახაც, მე მიყვარს პატრიარქი

ჩემი გაყინული პატრიარქი..." - ეს არის ამონარიდი ამაღლობელის ლექსიდან, რომლის გამოქვეყნების შემდეგ პოეტმა "ფეისბუკზევე" შემდეგი განმარტება გააკეთა: "ლექსია, ხალხო, ლექსი, შეიძლება ცუდი, დასაგმობი, მაგრამ არამც და არამც "ზუსტი" ინფორმაცია".

მოგვიანებით რატი ამაღლობელმა შემდეგი შინაარსის ჩანაწერი გამოაქვეყნა:

რატი ამაღლობელი:

"მოდის საშინელი ზიზღისა და მუქარების წერილები, თუმცა გაცილებით მეტნი ხართ ისინი, ვინც თანადგომასა და სითბოს გამოხატავთ, ამიტომ მოგმართავთ თქვენ მადლიერების განცდით და არა მათ, ვინც ზიზღში და ბოღმაში განლევს წუთისოფელს, -

ძალიან დიდი მადლობა თანადგომისათვის, გილოცავთ შობას და გისურვებთ ისეთ სკოლებს საქართველოში, სადაც მოწაფეები "შპარგელკების" გარეშე ისწავლიან ლიტერატურას, პოეზიას, შეძლებენ წაკითხულიდან შინაარსის დამოუკიდებლად გამოტანას, მსჯელობას, საკუთარი აზრების კონსტრუირებას, მათ ჰარმონიაში მოყვანას სამყაროსთან, უნივერსუმთან, ხილულთან და უხილავთან, არა კომპრომისებისა და კონფორმიზმის ხარჯზე, არამედ სხვათა მოსმენის, გაგების, სწორი აღქმისა და მათში ერთგვარი შეღწევის, სხვად-ყოფნის, სხვად-ქცევის მეშვეობით, საშუალებით. სხვაგვარად გაუგებარი, ბენლით მოცული, ყრუ და არაფრის მთქმელია სამყარო, ასეთივენი ვართ ჩვენც მის მიმართ.

როგორ გვჭირდება კარგი სკოლები და მასწავლებლები, ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაფერს უნდა შეეშვას კაცი და ერთი კარგი სკოლა გააკეთოს, სადაც ბოლომდე დაიხარჯება ახალგაზრდებისათვის". (წყარო)