"თუ მოწყალებას ვითხოვ, ცუდი ადამიანი ვარ?" - კვირის პალიტრა

"თუ მოწყალებას ვითხოვ, ცუდი ადამიანი ვარ?"

არავის უნდა ჩემთან ურთიერთობა. ამას წინათ კლასელები შემხვდნენ და ტელეფონის ნომრები ვთხოვე, მაგრამ არ მომცეს. უბანშიც მშობლები ბავშვებს ჩემთან ურთიერთობას უშლიან. არ ვიცი, რატომ, ასეთი მშობლები რომ მყავს? ქუჩაშიც ხომ იმისთვის გავდივარ, რომ რაღაც ვიშოვო და დედას და მამას ცხოვრება გავუადვილო?!

დიდუბეში,"დასავლეთისკენ მიმავალ სამარშრუტო ტაქსებთან 20 წლამდე შავგვრემანი ბიჭი გამვლელ-გამომვლელს ხატების შეძენას სთხოვდა... "ერთ ხატს თუ შეიძენთ, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დაეხმარებით",- მეუბნება და ხატს მაწვდის. უარს ვეუბნები და გზას ვაგრძელებ. იქვე 15-ოდე წლის მოზარდი მოწყალებას ავადმყოფი მშობლებისთვის ითხოვს... ისინი ხშირად ტრაგიკულ ამბებს თხზავენ, რათა კაპიკები დაგტყუონ, ახლაც ასე მეგონა, მაგრამ მერე რატომღაც პატარა ბიჭის ამბავს ბოლომდე მივყევი... რეალობა მძიმე და სულისშემძვრელი აღმოჩნდა.

ცხადიაშვილების ტრაგედია

გიორგი სოფელ დიღომში ეტლს მიჯაჭვულ მშობლებთან ერთად ცხოვრობს. წლებია, მისი ბავშვური ოცნებები ყოველდღიურმა სირთულეებმა შეცვალა. ყოველდილა უფასო სასადილოში მიდის, ავადმყოფი მშობლების გამოკვების შემდეგ კი ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გადის...

დაუპატიჟებელ სტუმარს ოთახში დიასახლისი, ნინო მჭედლიშვილი მხვდება. გაჭირვებით მაგებინებს, რომ გიორგი მაღაზიაშია გასული. ნათესავის ბინაში დროებით შესახლებულებს მხოლოდ სამი საწოლი, მაგიდა და ელექტროგამათბობელი აქვთ - ეს ცხადიაშვილების მთელი ავლადიდებაა, რაც თავიანთი სახლის დაწვის შემდეგ გადაურჩათ...

ამასობაში გიორგიც ბრუნდება და მიყვება, როგორ დაიწყო მათი ტრაგედია... ოჯახური იდილია 2008 წლის აპრილში, მას შემდეგ დასრულდა, როცა დიასახლისი სარეცხის გაფენისას აივნიდან გადავარდა. 31 წლის ნინო სიკვდილს გადაურჩა, მაგრამ ტვინი და ხერხემლის ფუძის ძვალი დაუზიანდა. წლების განმავლობაში მასზე მეუღლე ზრუნავდა, შარშან კი ნერვიულობისგან რობერტს ინსულტი დაემართა და მეუღლის მსგავსად, ისიც ეტლს მიეჯაჭვა.

გიორგი: - დედა წლების განმავლობაში სარეკლამო კომპანიაში მუშაობდა, მამა - გამწვანების სამსახურში...

აღდგომის მეორე დღე იყო. დედა სარეცხს ფენდა. უცებ თავბრუ დაესხა და აივნიდან გადავარდა. მე ეზოში ბავშვებთან ვთამაშობდი და დავინახე, სახლის წინ ვიღაც რომ დაეცა. მაშინვე მისკენ გავიქეცი და იქ მისულს დედა დამხვდა... ოთხი წელი გაუნძრევლად იწვა, მამა და ბებიები უვლიდნენ. ორი წელია, ეტლში ზის. მამას ინსულტი დაემართა. ახლა ორივეს მოვლა მე მიწევს. როცა დედ-მამა კარგად იყვნენ, შინ სულ სტუმრიანობა იყო. ახლა აღარავის უნდა ჩვენთან მოსვლა. მარტო მამაჩემის მეგობარი მოდის და თუ რამე აქვს, გვიტოვებს.

სიყვარული არ უფერულდება

ნინოს და რობერტს პირველი შვილი დაეღუპათ. გიორგი მეორეა. წყვილს მას მერე კიდევ ერთი შვილი გაუჩნდა, მაგრამ გარდაცვლილი დაიბადა. ამდენი ტკივილის მიუხედავად, ისევ ისე უყვართ ერთმანეთი... იმის გამო, რომ მშობლების მოვლა გიორგის უწევს, სკოლას ხშირად აცდენდა და გარიცხეს...

გიორგი: - სოციალური დახმარება და პენსიაა ჩვენი შემოსავალი. მარტო მამას თვეში 100 ლარის წამალი სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღე საჭმელი უფასო სასადილოდან მომაქვს, საკმარისი არ არის. ამის გამო ქუჩაში მიწევს გასვლა...

სახლს ვალაგებ, ჭურჭელს ვრეცხავ. ძველი გაზქურა და მაცივარი ცოტა ხნის წინ გვაჩუქეს... ადრე მამა რომ აკეთებდა საჭმელს, ვუყურებდი და ვისწავლე. ზამთარში ცივ წყალში ჭურჭლის გარეცხვა ძნელია. ცხელი წყალი არ გვაქვს, გაზზე ვათბობ და იმით ვბანაობთ... დილით უფასო სასადილოში მივდივარ. მერე თუ რამის გაკეთებაა საჭირო, ვაკეთებ და დიდუბეში მივდივარ. მთელი დღე იქ ვარ, საღამოს 7 საათზე ვბრუნდები, ცოტა ხანს ვისვენებ, მერე კი საოჯახო საქმეებს უნდა მივხედო...

ძალიან ბევრი ცუდი ადამიანი დადის ქუჩაში. არ გამჩენია სურვილი, ვინმესთვის ოჯახის ტრაგედია მომეყოლა. თუ უნდათ, ისედაც დამეხმარებიან.

- ახალ წელს როგორ შეხვდით?

- ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. სოციალურმა მუშაკებმა გაკეთებული საჭმელი მოგვიტანეს.

მე ბავშვობა არ მქონია... ან კი როგორ მექნებოდა - რაც თავი მახსოვს, დედა ასეთ მდგომარეობაშია. ყოფილა ახალი წელი, როცა მეკვლეც კი არ გვყოლია, ამ ახალ წელს კი მამაჩემის მეგობარი იყო. არავის უნდა ჩემთან ურთიერთობა. ამას წინათ კლასელები შემხვდნენ და ტელეფონის ნომრები ვთხოვე, მაგრამ არ მომცეს. უბანში ბავშვებს მშობლები ჩემთან ურთიერთობას უშლიან. არ ვიცი, რატომ, ასეთი მშობლები რომ მყავს? თუ მოწყალებას რომ ვითხოვ, ცუდი ადამიანი ვარ?! მეც მათნაირი ვარ, მათნაირად მინდა, ჯანმრთელი მშობლები მყავდეს. იმისთვის გავდივარ ქუჩაში, რომ რაღაც ვიშოვო და დედას და მამას ცხოვრება გავუადვილო.

- რაზე ოცნებობ?

- ავტომობილი მინდა ვიყიდო. ვიტაქსავებ და ქუჩაში მოწყალებას აღარ ვითხოვ. სრულწლოვანი რომ გავხდები, დაცვაში ვიმუშავებდი, მაგრამ ცხრა კლასის ატესტატი არ მაქვს. იქნებ როგორმე მოვახერხო და ცხრა კლასი დავამთავრო...

ვემშვიდობები მასპინძლებს და ქუჩაში გამოვდივარ... "რა ბედნიერია ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრები ჯანმრთელად ჰყავს", - ვფიქრობ და გზას მივუყვები... ნათესავებისა და ახლობლებისგან მიტოვებულ მოზარდს დახმარება სჭირდება. სიკეთეს ბევრი ერთმანეთისთვის უცნობი ადამიანი გაუერთიანებია და იმედი მაქვს, არც ეს შემთხვევა იქნება გამონაკლისი...

პ.ს. ვინაიდან სტატიას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და დახმარების სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა, ვაქვეყნებთ, ტელეფონის ნომერს, რომელზეც შეგიძლიათ დაუკავშირეთ ცხადიაშვილების ოჯახს და დაეხმაროთ:

551 09 52 80

დიდი მადლობა გულისხმიერებისთვის!

თორნიკე ყაჯრიშვილი