"ზოგი სწორად ინფორმირებული არ არის, სხვა კი ნაწყენია ძველებურად რომ აღარ აფინანსებენ" - "გაზპრომთან" მოლაპარაკებას კონცერტით გააპროტესტებენ - კვირის პალიტრა

"ზოგი სწორად ინფორმირებული არ არის, სხვა კი ნაწყენია ძველებურად რომ აღარ აფინანსებენ" - "გაზპრომთან" მოლაპარაკებას კონცერტით გააპროტესტებენ

"ეს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აგორებული კონცერტია"

"არა გაზპრომს!!! თუ რატომ არა, ჩემი აზრით, ამას ბევრი ფიქრი და ახსნა არ სჭირდება."

16 იანვარს, მთავრობის კანცელარიასთან გაზპრომთან მოლაპარაკებებისა და რუსული გაზის საქართველოში შესაძლო იმპორტის წინააღმდეგ აქცია-კონცერტი გაიმართება, რომლის ორგანიზატორები არიან ორგანიზაციები: Defend Liberty, "ჩვენი თავისუფლება", "საზოგადოებრივი ინიციატივა", "ახალგაზრდა ინიციატორთა კლუბი", უსაფრთხოების საკითხების კვლევის ინსტიტუტი", "სამოქალაქო ალტერნატივა" და "ევროპული კვლევების ინსტიტუტი". კონცერტში მონაწილეობას იღებენ ნიაზ დიასამიძე, ქეთათო, ერეკლე დეისაძე და სხვ. ამ კონცერტთან დაკავშირებით გვესაუბრებიან "33ა" -სა და "ვაკის პარკის" სოლისტები ნიაზ დიასამიძე და ზაზა ხუციშვილი:

ნიაზ დიასამიძე:

- კონცერტის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიმიღია, ამიტომ დეტალებზე ვერაფერს გეტყვით, რაც შეეხება თემას თუ რატომ ვმონაწილეობ პასუხი მარტივია - არა გაზპრომს!!! თუ რატომ არა, ჩემი აზრით, ამას ბევრი ფიქრი და ახსნა არ სჭირდება. ვგონებ, რომ ყველაფერი ნათელი და ცხადზე ცხადია.

ზაზა ხუციშვილი:

- ჩემი აზრით, ეს მუსიკოსები ასოცირებული არიან გარკვეულ პოლიტიკურ ძალებთან. შეიძლება ვინმე გულწრფელიცაა, შესაბამისად, გულწრფელ ადამიანებს ყოველთვის აქვთ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. რასაც ვუყურებ, გაზის თემაზე ყველაზე უფრო მეტს "ნაციონალურ მოძრაობა" ხმაურობს, მათი ყველაზე ჭკვიანი წარმომადგენელი იყო კახა ბენდუქიძე, მასზე უფრო მოაზროვნე ადამიანი "ნაციონალურ მოძრაობას" არ ჰყოლია, ჰოდა, ეს კაცი ამბობდა, რომ არამცთუ გაზის შემოტანა, არამედ მთლიანი მაგისტრალის გაყიდვაც არაა პრობლემა, როდესაც საქმე ბიზნეს ეხებაო. ახლა კი ლაპარაკი მხოლოდ ზამთრობით არსებული დეფიციტის შევსებაზეა და რუსული გაზი ამ შემთხვევაში არის ერთ-ერთი ალტერნატივა. ბიზნესის ანაბანაა, რომ როცა ერთ მომწოდებელთან გაქვს საქმე ის ყოველთვის მისთვის სასურველ ფასს შემოგთავაზებს და იძულებული ხარ დაეთანხმო, მაგრამ როგორც კი ალტერნატივა გამოჩნდება, უკვე თავისუფლად შეიძლება ფასზე ვაჭრობაც. მეტიც, შეიძლება ბლეფის დონეზე გააჟერო კიდეც, რომ სხვისგანაც ყიდულობ, რათა იმ ერთ მომწოდებელთან ფასზე გქონდეს მოლაპარაკების საშუალება. პირადად მე სწორად მიმაჩნია ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გატარებული პოლიტიკა.

- ანუ ეს კონცერტი ერთგვარად პოლიტიკურად ანგაჟირებულია?

- იმ რაოდენობის გაზის გამო, რის ყიდვასაც ჩვენ ვაპირებთ, ამხელა ხმაურის ატეხვა პოლიტიკური ქულების ჩაწერა უფრო მგონია. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აგორებული კონცერტი. შესაძლოა მუსიკოსთა ნაწილი გულწრფელად ფიქრობდეს, რომ მართლაც რაღაც საშიშროება გვემუქრება, ზოგი კი საერთოდ ვერ ერკვევა პოლიტიკაში და ვიღაცის ხათრით გამოდის კონცერტზე, ზოგი საკმარისად არაა ინფორმირებული, სხვა კი ნაწყენია ბიუჯეტიდან ძველებურად რომ აღარ აფინანსებენ და ა.შ.

- თქვენ თუ შემოგთავაზეს მონაწილეობა?

- ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ და რომც ეთქვათ არავითარ შემთხვევაში არ მივიღებდი მონაწილეობას.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)