ნინო სუხიშვილი: "აზრზე არა ვარ, რა გვაპატია ჯემალ ჭკ­უასელმა" (ექსკლუზივი) - კვირის პალიტრა

ნინო სუხიშვილი: "აზრზე არა ვარ, რა გვაპატია ჯემალ ჭკ­უასელმა" (ექსკლუზივი)

"ჩვენ ჯილდოებისთვის არ ვმუშაობთ! "

"ჩვენი ხელოვნება ახალგაზრდებში პატრიოტიზმის გაღვივების ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული მცდელობაა"

"ბატონი ჯემალი კარგი ლოტბარია და არა მოცეკვავე ან ქორეოგრაფი. არ ვიცი, რა პრეტენზიები აქვს... ვერ გავიგე, რა დავაშავეთ, იქნებ პირადად გამაგებინოს ბატონმა ჯემალმა"

ანსამბლი "სუხიშვილები" ახლახან საგასტროლო ტურნედან დაბრუნდა, შემთხვევით ვისარგებლეთ და ანსამბლის დირექტორი ნინო სუხიშვილი ინტერვიუზე დავითანხმეთ.

- სამწუხაროდ, დღეს საქართველოში კულტურის სფერო არ არის პრიორიტეტული... ჩვენთვის დიდი პატივია ქვეყნის ყველა პროექტში მონაწილეობა და თუ საქართველოში ვართ, ყველა ღონისძიებაზე სიამოვნებით გამოვდივართ. დიდი მადლობა ყველას, ვისაც მიაჩნია, რომ "სუხიშვილების" გამოსვლით ღონისძიება ლამაზდება.

- შარშან საიუბილეო წელი გქონდათ...

- 70 წელი შეგვისრულდა. ვითვლით 1945 წლიდან, როცა ანსამბლს ოფიციალურად მიენიჭა წოდება... თუმცა ილიკომ და ნინომ მოღვაწეობა 20-იან წლებში დაიწყეს. 2015 წელი მეტისმეტად გადატვირთული იყო. ფაქტობრივად, მსოფლიოს შემოვუარეთ... ტურნე უკრაინიდან დავიწყეთ (ბოლო 11 წელია ეს ტრადიცია გვაქვს), შემდეგ იყო ბელორუსია, მოლდავეთი, ბალტიისპირეთის ქვეყნები. ძალიან წარმატებული გამოსვლა გვქონდა ეგვიპტეში, ხუთი კონცერტი ჩავატარეთ ლონდონში, შემდეგ ნიუ-იორკში, ფილადელფიასა და ვაშინგტონში. ამერიკიდან გადავფრინდით ჩინეთში, შემდეგ ისრაელის ხუთ ქალაქში ჩავატარეთ კონცერტი. ვეწვიეთ ბულგარეთს, შვეიცარიას და მთელი დეკემბერი იტალიაში გავატარეთ. 31 დეკემბერს, ახალ წელს, სცენაზე შევხვდით, 12 საათი იყო, როცა მაყურებელი ბისზე გვიხმობდა... საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს ეგვიპტეში, პირამიდების ფონზე შევხვდით. ეს იყო უდიდესი შთაბეჭდილებებით სავსე კონცერტი. 5 000 მაყურებელი ესწრებოდა და პარალელურად ეგვიპტის არხებმა პირდაპირ ეთერში გადასცეს. ჩვენი გამოსვლა მთელმა არაბულმა სამყარომ ნახა, რაც ნახევარ მილიარდ მაყურებელს ნიშნავს... ამ კონცერტს იმდენად დიდი წარმატება ხვდა წილად, ლა-სკალას კონცერტის ტოლფასი იყო ჩვენთვის. დიდი შრომა გასწია ჩვენმა საელჩომ ეგვიპტეში. მონაწილეობდა საქართველოს კულტურის სამინისტროც, ძალიან კარგად გააშუქა ქართულმა მედიამაც...

- გამოსვლები საქართველოშიც გქონდათ...

- რეგიონები მოვიარეთ... საიუბილეო კონცერტი გვქონდა ფილარმონიაში, სადაც მსოფლიო დონის ვარსკვლავები გამოდიოდნენ. ეს ნამდვილი დღესასწაული იყო! მაყურებლის თხოვნით, 23 იანვარს კონცერტის გამეორებას ვგეგმავთ...

- 30 იანვარს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი იხსნება სპექტაკლით "აბესალომ და ეთერი", სადაც "სუხიშვილებიც" მიიღებთ მონაწილეობას...

- გვიხარია, რომ ნანატრი, ულამაზესი ოპერა იხსნება. ჩვენ მეორე აქტის ბოლოს ვიცეკვებთ. ეს სიმბოლურია, რადგან თავის დროზე, როცა "აბესალომ და ეთერი" დაიწერა, ზაქარია ფალიაშვილმა მიიწვია ილიკო სუხიშვილი, რომელიც მაშინ ძალიან ახალგაზრდა იყო. 20 წლისამ სპექტაკლისთვის დადგა ცეკვები და ზაქარია ფალიაშვილთან თანამშრომლობდა... ახლა უმცროსი ილიკო სუხიშვილი აღდგენილი "აბესალომ და ეთერისთვის" დგამს ცეკვებს...

2011 წელს "სუხიშვილების" მოცეკვავე, რომელიც ცუდად გახდა, სააკაშვილის დაცვას ტერიტორიიდან გაჰყავს

- წლების განმავლობაში თქვენ მიმართ ისმოდა კრიტიკა, თითქოს გაუჭირდა მაყურებელს სიახლის მიღება...

- ჩემთვის მათი აზრი, ვინც ამას ამბობდა, არ იყო კომპეტენტური. ჩვენ ყოველთვის ხალხურ შემოქმედებას წარმოვაჩენდით და ახალი ცეკვებიც სულითა თუ არსით ეროვნული და ქართულია! არა აქვს მნიშნელობა, 40-იან წლებში დაიდგა, 80-იანში თუ XXI საუკუნეში. ჩვენი ტენდენციაა მუდმივად ახლის ძიება და დროის ფეხდაფეხ მიყოლა. გაჩერება ნიშნავს დაღმასვლას. ყველაფერი აჩქარდა - მუსიკის რიტმი, ტემპი... დრომ მაინც თავისი თქვა! ახალმა ცეკვებმა დროს გაუძლო! ექსპერიმენტიც ჩავატარეთ - ჯერ კლასიკური ცეკვების კონცერტი გავმართეთ, შემდეგ ახალი პროგრამა წარმოვადგინეთ... ახალ პროგრამაზე ბევრად დიდი მოთხოვნა იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხს მოსწონს! ძველის განახლება აუცილებელი იყო და ახალგაზრდების დიდი ინტერესი ხალხური შემოქმედების მიმართ, ჩვენი დამსახურებაა! ამას მორიდების გარეშე ვამბობ! დღეს ჩვენს სტუდიასა და აკადემიაში მოსწავლეთა რიცხვი ათასზე მეტს აღწევს... ჩვენი ხელოვნება ახალგაზრდებში პატრიოტიზმის გაღვივების ერთ-ერთი ყველაზე გამართლებული მცდელობაა.

- შარშან ანსამბლ "ბანის" სკანდალზე ჯემალ ჭკუასელმა განაცხადა, - როცა ვპატიობთ უფროსს, უმცროსი ასე ფუჭდებაო... უფროსებში "სუხიშვილები" იგულისხმა...

- აზრზე არა ვარ, რა გვაპატია ჯემალ ჭკუასელმა. არც ის გამიგია, რამე საპატიებელი თუ ჰქონდა უმცროსს ან უფროსს. მისთვის არაფერი დაგვიშავებია და მიკვირს, რას გვერჩის... თანაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მასთან. არ ვიცი, ვინ აწყენინა.

ბატონი ჯემალი კარგი ლოტბარია და არა მოცეკვავე ან ქორეოგრაფი. არ ვიცი, რა პრეტენზიები აქვს... როცა ნინო და ილიკო ანსამბლს ქმნიდნენ, მაშინაც ბევრი ბრალდება ისმოდა. უსწორებდნენ - ასე და ასე უნდა იყოსო, მაგრამ ვინმემ მითხრას, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად?! ქართული ცეკვა მათ კლასიკის დონეზე და ისეთ რანგში აიყვანეს, რომ მსოფლიო ტაშს უკრავს... ამიტომ ვერ გავიგე, რა დავაშავეთ, იქნებ პირადად გამაგებინოს ბატონმა ჯემალმა...

- ყველა მთავრობისთვის საამაყოა "სუხიშვილები"... თქვენი დამოკიდებულება როგორია მთავრობასთან, დისტანციას ინარჩუნებთ?

- საერთოდ, არ მესმის რატომ უნდა ვიყო რომელიმე მთავრობასთან დაახლოებული?! მე მთავრობებს არ ვემსახურები! ჩვენ სახელმწიფო ანსამბლი ვართ და ყოველთვის ვიცეკვებთ ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ თავს პატრიოტებად მივიჩნევთ და ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ვმუშაობთ. თუ მთავრობა რამე ჯილდოს მოგვანიჭებს, მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ ჯილდოებისთვის არ ვმუშაობთ! ყველაზე დიდი ჯილდო ხალხის სიყვარულია!

- 26 მაისის სისხლიანი მოვლენების დროს ანსამბლმა არ იცეკვა, ამას ბევრი გმირობად გითვლით...

- ისმოდა კრიტიკა, იქ ხალხი დაიღუპა და ხელოვანებმა ჯილდოები მიიღეს მთავრობისგანო... ჩვენ მანამდე მივიღეთ ჯილდო, ზოგმა იმ დღეს და ზოგმაც შემდეგ, ზოგი ახლა იღებს... მაშინ მე და ილიკო ქალაქში არ ვიყავით. დასის ნაწილი იქ იდგა, რადგან დააყენეს, მაგრამ წინადღეს უკვე მთავრობისგან იყო გადაწყვეტილი, რომ ცეკვა არ იქნებოდა. ჩვენ ამერიკაში ვიყავით და იქიდან ვერ გავაკონტროლებდით... ძალიან კარგი, რომ გადაწყდა, არ გვეცეკვა, მაგრამ ვერ მივიწერთ გმირობას, რაც ჩვენ არ ჩაგვიდენია. ილიკომ კი თქვა, მაინც არ ვიცეკვებდითო, მაგრამ ჩვენთვის აზრი არავის უკითხავს... აქ რომ ვყოფილიყავით, არ ვიცეკვებდით!

- ცნობილია, რომ ბიძინა ივანიშვილს ქართული ხელოვნება ძალიან უყვარს, განებივრებული ხართ მისი ყურადღებით?

- მე და ილიკო ბიძინა ივანიშვილს ერთი-ორჯერ სამთავრობო კონცერტებზე შევხვედით და შორიდან სალამი ვუთხარით ერთმანეთს... ბევრჯერ დავპატიჟეთ კონცერტებზე, მაგრამ ვერ ახერხებს მოსვლას. როგორც ვიცი, ერთხელ დაესწრო, როცა ახალი პროექტი "რამიშვილები" წარმოვადგინეთ. ჩვენს კლასიკურ პროგრამაზე თუ საიუბილეო საღამოზე მოსვლა ვერ მოახერხა.

"კარგად ხვდებით, "უფროსში" ვისაც ვგულისხმობ"

შარშან ანსამბლ "ბანის" შესრულებულ "რაჭულს" არნახული აჟიოტაჟი მოჰყვა. ჯგუფმა სიმღერა გოგონების უკანალზე დაკვრით შეასრულა. ანსამბლ "ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი ამ ფაქტმა საოცრად აღაშფოთა:

- მერჩივნა, მოვმკვდარიყავი და ამ დღეს არ მოვსწრებოდი. ამას რას ვხედავ, გადავდექი კაცი ჭკუიდან. ისე ვარ გულგახეთქილი, არ მგონია, გადავრჩე. ასეა, როცა მაიმუნობას მოუთმენ უფროსს, აუცილებლად მიბაძავს და ირყვნება უმცროსიც. როცა ქართულს ცეკვავს ადამიანი და ჩეჩნურ და ამერიკული ფილმების მუსიკაზე ტლინკაობს, რა თქმა უნდა, ასე ბევრს აიყოლიებენ... კარგად ხვდებით, "უფროსში" ვისაც ვგულისხმობ. რადგან ამ ანსამბლის კონცერტები მოსწონს ხალხს, ბილეთები იყიდება და დარბაზი ყოველთვის სავსეა, ესე იგი, მათი ყველაფერი მოგვწონს... დაღუპვაა ფოლკლორის, როცა ქართული ცეკვა სხვა ქვეყნის მელოდიაზე სრულდება. როცა ცნობილი ანსამბლები ასე იქცევიან, ისინი სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ. ახლა ჩემზე იტყვიან, თავისი კოლეგების შურსო. მოვკვდი კაცი, როცა ვნახე "რაჭული" ასე რომ გაათახსირეს. ხმა ამოიღეთ, ხალხო, გავგიჟდები საცაა!

მანანა გაბრიჭიძე