ე.წ. ღორის გრიპისგან გარდაცვლილი 3 ადამიანი - როგორია მედიკოსების პროგნოზი ეპიდემიის გავრცელებაზე - კვირის პალიტრა

ე.წ. ღორის გრიპისგან გარდაცვლილი 3 ადამიანი - როგორია მედიკოსების პროგნოზი ეპიდემიის გავრცელებაზე

მედიკოსები მოქალაქეებს ხელების ხშირად დაბანასა და ვირუსის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში სკოლაში, უნივერსიტეტსა თუ სამსახურში წასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

ე.წ. ღორის გრიპის (H1N1) ვირუსით ამ დროისთვის 3 ადამიანია გარდაცვლილი. ერთ-ერთია შუახნის ქალბატონი, რომელიც ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა, ის ზუგდიდში აფხაზეთიდან გადმოვიდა. 39 წლის მამაკაცი თბილისში დასავლეთ საქართველოდან გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე იყო, დიაგნოზი კი ე.წ. ღორის გრიპი. მესამე გარდაცვლილი კი, შუახნის მამაკაცია, რომელიც ქუთაისში გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ სამივე გარდაცვლილს, H1N1 ვირუსი სხვა ქრონიკული დაავადების ფონზე განუვითარდათ.

მედიკოსების განცხადებით, იანვრის ბოლოსა და თებერვალში გრიპის ვირუსები კიდევ უფრო მოიმატებს, თუმცა როგორც ამბობენ, ეს ზამთრის პერიოდში ჩვეულებრივი მოვლენაა და ჯერ-ჯერობით ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. მედიკოსები მოქალაქეებს ხელების ხშირად დაბანასა და ვირუსის სიმპტომების არსებობის შემთხვევაში სკოლაში, უნივერსიტეტსა თუ სამსახურში წასვლისგან თავის შეკავებას ურჩევენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელის, პაატა იმნაძის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში 100 ათას მოსახლეზე გრიპის 250 შემთხვევა ფიქსირდება.

"გავრცელება არის საშუალო, ხოლო სიკვდილის შემთხვევები საბედნიეროდ ძალიან დაბალი. დღეს ყველა შემთხვევა, რაც არის გრიპის, არის H1N1 ვირუსი, გარდა ზოგიერთი შემთხვევებისა. ძალიან იშვიათ შემთხვევებში გვხვდება H3. ავადმყოფისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, გრიპის რომელი ვირუსით გახდება ავად. ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურება იმისთვის გვჭირდება, რომ ვიცოდეთ რა ვირუსები ცირკულირებს საქართველოში".

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს განცხადებით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური საგანგებო მუშაობის რეჟიმზე გადადის. ამას გარდა, დავით სერგეენკო ინიციატივით გამოვიდა და სამსახურების ხელმძღვანელ პირებს მოუწოდა, თავიანთი სამსახურებრივი ავტომობილები გახშირებული გამოძახებებისთვის გამოიყენონ.

"გავაძლიერებთ თბილისის სასწრაფო დახმარების სამსახურს. მივამაგრებთ დამატებით მანქანებს. იგივე ეხება რაიონულ სასწრაფოს. სამსახურებრივი მოხმარების მანქანები უნდა გადამისამართდეს, მეც მზად ვარ, რითიც დავდივარ, ჩემი მანქანა გადავამისამართო ამ საქმეზე, რომ ოჯახის ექიმებმა დაიწყონ სიარული მაღალი ტემპერატურის დროს გამოძახებებზე და არ გაუშვან ასეთ გამოძახებაზე აკივლებული სასწრაფოები, როდესაც ამ დროს კაცი კვდება სადღაც. ცხელების გამოძახებები, რომლებიც არის არა რისკ-ჯგუფის პაციენტეში, ამაზე სასწრაფო ბრიგადა არ უნდა გავიდეს. არამედ უნდა გავიდეს მსუბუქი პატარა მანქანა, რომელშიც იქნება ოჯახის ექიმი. თბილისის სასწრაფოს მიმართ მაქვს რეკომენდაციები და ბრძანება, ასევე რაიონული სასწრაფოს მიმართ, მენეჯერები ცოტა ხნით ჩამოვიდნენ თავიანთი მანქანებიდან. მათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ტაქსით იარონ, ყველას აქვთ საკმარისი ხელფასი ამისთვის და ეს მანქანები გამოიყენეთ ამ კატეგორიის გამოძახებებზე. ასეთ შემთხვევებზე გავიდეს სწორედ ეს მანქანები".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით