საშინელი ტრაგედია თბილისში - ბუნებრივ აირს ამჯერად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

საშინელი ტრაგედია თბილისში - ბუნებრივ აირს ამჯერად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

21 იანვარს, ნაძალადევის რაიონში, ხორნაბუჯის ქუჩაზე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

27 წლის შორენა აბულაძე და 32 წლის ზაზა ხუხუნაიშვილი რამდენიმე თვის დაქორწინებულები იყვნენ. როგორც ირკვევა, ახალდაოჯახებულებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. მეზობლებმა მას შემდეგ, რაც მათთან დაკავშირება ვერ მოახერხეს, სამაშველო სამსახური გამოიძახეს. შემთხვევის ადგილზე მისულ მაშველებს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გარდაცვლილი დახვდათ.

დაღუპული შორენა აბულაძე იუსტიციის სამინისტროს თანამშრომელი იყო. სამინისტროს "ფეისბუკის" გვერდზე სამძიმრის ტექსტი გავრცელდა:

"შორენა აბულაძე 2009 წლის 25 ნოემბრიდან გადიოდა სტაჟირებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში. 2010 წლის 2 აგვისტოს დაინიშნა აღსრულების ეროვნული ბიუროს ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის განყოფილების სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე. 2014 წლის 8 მაისიდან მუშაობდა საქმისწარმოებისა და საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო განყოფილების სატელეფონო კონსულტანტის თანამდებობაზე. იუსტიციის სამინისტრო სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებსა და ახლობლებს".

"ვერაფრით ვერ ვიჯერებ და ვერ ვინელებ, დღე და ღამე ვფიქრობ და ვერ ვხვდები ესეთი უსამართლობა რატო უნდა ხდებოდეს, ადამიანებს რომლებსაც ესე უყვარდათ ერთმანეთი სულ თვალებში შესციცინებდნენ, ესე ნაადრევად და ესე საცოდავად რატო უნდა დაესრულებინათ ცხოვრება, როგორ გინდა ახლა რამის გჯეროდეს კიდე და ცხოვრება გიხაროდეს".

"რა არის ეს ცხოვრება, დღეს ვართ და ხვალ შეიძლება აღარ ვიყოთ. ადამიანისგან მხოლოდ ტკბილი მოგონებები გრჩება, მთელი დღე შენს სურათებს ვათვალიერებ, ასჯერ შემოვედი შენ საიტზე, სულ აქ იყავი და მგონია შემოხვალ, მთელი დღე ვიხსენებთ შენთან გატარებულ დღეებს, არაფერი ცუდი არ მახსენდება, ერთი მომენტი არ გამახსენდა, სადაც მოწყენილი იყავი, როგორ შეიძლებოდა შენი სიკვდილი, სიცოცხლით სავსე იყავი, ვერცერთს ვერ მოგინელებთ ვერასოდეს", - წერენ გარდაცვლილი შორენა აბულაძის მეგობარები "ფეისბუკში". მათი თქმით, შორენა საოცრად ხალისიანი და სიცოცხლით სავსე გოგონა იყო.

ზაზა ხუხუნეიშვილის "ფეისბუკგვერდიდან" ირკვევა, რომ ახალგაზრდა "იბერია ბიზნეს ჯგუფის" თანამშრომელი იყო.