"არასდროს გვქონია სურვილი რაიმე ქართული მოგვეპარა" - ვინ და რატომ გაასაღა "დაისი" სომხურ ცეკვად?! - კვირის პალიტრა

"არასდროს გვქონია სურვილი რაიმე ქართული მოგვეპარა" - ვინ და რატომ გაასაღა "დაისი" სომხურ ცეკვად?!

ინტერნეტში ანსამბლის ხელმძღვანელის, ვართან გევორქიანის ოფიციალური წერილი გავრცელდა

წინა კვირას, ვიდეოპორტალ "იუთუბზე" გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ქართული ცეკვა "დაისი" ვიდეოს ავტორმა სომხურ საქორწილო ცეკვად მოიხსენია, საზოგადოებაში საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. უფრო კონკრეტულად კი, "იუთუბზე" შექმნილი ექაუნთიდან "MENQ meroncov" აიტვირთა ვიდეო, რომელიც ასახავს ერევანში მოქმედი ქორეოგრაფიული ანსამბლის "გევორქიანის ცეკვის აკადემიის" ერთ-ერთი კონცერტის ფრაგმენტს, სადაც ანსამბლის სოლისტები, ვართან და სირანუშ გევორქიანები ქართულ ცეკვას, "დაისს" ასრულებენ. ვიდეოს განმარტებაში ეწერა, რომ ეს სომხური საქორწილო ცეკვაა.

იხილეთ ვიდეო

ამ გაუგებრობის განსამარტად, გუშინ ინტერნეტში ანსამბლის ხელმძღვანელის, ვართან გევორქიანის ოფიციალური წერილი გავრცელდა, სადაც ის ამბობს, რომ მან და მისმა მეუღლემ "დაისი" ნამდვილად იცეკვეს, თუმცა ეს ცეკვა სომხურ ცეკვად არასოდეს გაუსაღებიათ.

გთავაზობთ გევორქიანის წერილის თარგმანს:

"ჩემო ძვირფასო ქართველო მეგობრებო,

გთხოვთ მიიღოთ ეს წერილი, როგორც განმარტება იმ გაუგებრობასთან დაკავშირებით, რომელიც მოჰყვა YouTube-ზე "MENQ meroncov" ექაუნთის მიერ ატვირთულ ვიდეოს". მნიშვნელოვანია დავაზუსტოთ, რომ ჩვენ არ გვაქვს არც ფაქტობრივი, არც იურიდიული კავშირები ამ ექაუნთთან. ამასთან, ამ ექაუნთს ჩვენი მასალების ასატვირთად არ ჰქონდა ოფიციალური ან სიტყვიერი ნებართვა.

ჩვენ ოფიციალურად მოვთხოვეთ "MENQ meroncov" YouTube-ის ექაუნთს, გაასწორონ შეცდომა და ამოიღონ ვიდეო ინტერნეტიდან. ასეთივე მოთხოვნა გავუგზავნეთ YouTube-ის ადმინისტრაციას და ველოდებით პასუხს.

1987 წელს, სომხეთში, ერევანში ჩამოყალიბდა ეროვნული ქორეოგრაფიული ანსამბლი "დრუჟბა" (მეგობრობა). სხვა ქვეყნებიდან მოიწვიეს რამდენიმე ქორეოგრაფი, რათა ანსამბლისთვის საკუთარი ეროვნული ცეკვის გაკვეთილები ჩაეტარებინათ. მოწვეულ ქორეოგრაფებს შორის იყო ქართველი ქორეოგრაფი, რომელსაც უნდა შეესრულებინა ცეკვა "დაისი" ქართველი კომპოზიტორის, ზაქარია ფალიაშვილის მუსიკის ფონზე.

2000 წელს, აკადემიის ყოველწლიური კონცერტის დროს, მე და ჩემმა ცოლმა გადავწყვიტეთ, აუდიტორიისთვის სიურპრიზი გაგვეკეთებინა და შევასრულეთ ეს კონკრეტული ცეკვა, რომლის ვიდეო აიტვირთა ჩვენს YouTube-ის და Facebook-ის ოფიციალურ გვერდებზე.

მესმის თქვენი იმედგაცრუების და მინდა გულწრფელი ბოდიში მოგიხადოთ მესამე მხარის მაგივრად მათი შეცდომის გამო. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ეს გაკეთდა ჩვენი თანხმობის და ინფორმირების გარეშე.

Gevorkian Dance Academy არის ცეკვების საერთაშორისო სკოლა. ჩვენ ვასრულებთ სომხურ, ამერიკულ, რუსულ, მოლდოვურ, ქართულ, ბერძნულ, ებრაულ, ციგნურ და სხვა მრავალ ცეკვებს. არ ვფიქრობ, რომ ეს სხვა კულტურების ცეკვის მოპარვას ნიშნავს, არამედ ეს არის კარგი გზა მათი კულტურების გასაცნობად. ამ წერილთან ერთად გიგზავნით ჩვენი გამოსვლების აფიშების ფოტოსურათს, სადაც აღნიშნულია თითოეული ცეკვის წარმომავლობა.

ჩვენ არასდროს გვქონია სურვილი ან განზრახვა, მოგვეპარა ქართული კულტურის ან რომელიმე სხვა კულტურის ნაწილი და მათი წარმოჩენა სომხური კულტურის ნაწილად.

პატივისცემით,

ვართან გევორქიანი,

Gevorkian Dance Academy-ის დირექტორი."

იხილეთ ასევე: "თქვენი სიმღერა არ მომიპარავს, ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მოხდა" - რას ამბობენ სომეხი კომპოზიტორი და მომღერალი?! (ექსკლუზივი)