"მერე კი ეს საშინელი სტიქია მოხდა და ორი და წამართვა..." - კვირის პალიტრა

"მერე კი ეს საშინელი სტიქია მოხდა და ორი და წამართვა..."

"კვირის პალიტრამ" გერმანიაში გამართული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხა 13-14 ივნისის სტიქიით დაზარალებულებს გადასცა

გასული წლის 25 სექტემბერს, ფრანკფურტში, 13-14 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად, კონცერტი გაიმართა, რომლის ორგანიზატორებიც მარიამ შტილერი-ფოფხაძე და პაატა ბოლოთაშვილი იყვნენ. კონცერტის იდეის ავტორმა, პაატა ბოლოთაშვილმა საღამოს პირველ ნაწილში, პრეზენტაციის სახით, სტუმრებს საქართველოსა და თბილისში 13 ივნისს დატრიალებული ტრაგედიის შესახებ უამბო. კონცერტის მეორე ნაწილი კი ცნობილ, გერმანიაში მოღვაწე ვირტუოზ მუსიკოსებს დაეთმო. დასწრება თავისუფალი იყო.

შემდეგ, მათ ქართული კერძები და ღვინო დააგემოვნეს, რომელთა საფასურიც, ასევე შემოწირულობის სახით, დაზარალებულთათვის შეგროვდა და გადმოეგზავნა.

როგორც "კვირის პალიტრასთან" საუბარში ერთ-ერთი ორგანიზატორი მარიამ შტილერი-ფოფხაძე აცხადებს, მათ თავად აარჩიეს ორი 13 ივნისის დაზარალებული და შეგროვილი თანხა მათზე გაიყო.

დავით ხიჯაკაძე, 13 ივნისის დაზარალებული:

- სტიქიისას მე და ჩემი ცოლ-შვილი ვერეს ხეობაში ვიყავით, ივნისის ტრაგედიის შემდეგ, ფაქტობრივად, ბოსელში გვიწევდა ცხოვრება, მაშინ, ლამის ყველა ტელევიზიამ გააშუქა ჩვენი საცხოვრებელი პირობები... შემდეგ, მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის რეკომენდაციით (მან მოამზადა ყველა საჭირო დოკუმენტი და მიმართვა) სულ რამდენიმე კვირაა, მოსკოვში მოღვაწე მომღერლებმა, დებმა მედეა და მირანდა მირიანიშვილებმა, გვიყიდეს ოროთახიანი ბინა, სადაც შეგვასახლეს. მეუღლეს მწვავე არითმია აქვს. მე, როგორც გითხარით, უმუშევარი ვარ, ეს თანხა, მართლაც მისწრებაა ჩვენთვის. ათასი რამე გვაქვს შესაძენი, მაგიდა და სკამებიც კი არ გვაქვს.

ლუკა ზარანდია, 14 წლის, 13 ივნისის დაზარალებული:

- იმ ღამეს, როდესაც ტრაგედია მოხდა, სახლში ვიყავი ნუცუბიძეზე, მეძინა...

ჩემი დები მარჯანიშვილზე იყვნენ, კაფეში, მეგობრებთან ერთად... როდესაც წვიმა დაიწყო, იმ დროს ისინი გმირთა მოედანით ტაქსით ბრუნდებოდნენ სახლში. ინდირამ თავის შეყვარებულს, ირაკლის დაურეკა, ამა და ამ ადგილზე ვართ და სახლში რომ მივალთ, შეგეხმიანებიო, მაგრამ არ შეხმიანებია, ირაკლიმ ლიზისაც დაურეკა, მაგრამ ვერც მას დაუკავშირდა... მათთან დაკავშირება ვერც დედაჩემმა შეძლო და დავიწყეთ ძებნა... რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, ჯერ ინდირა იპოვეს, შემდეგ ლიზი... სერგი, ჩემი დის შეყვარებული დღემდე არ არის ნაპოვნი. ისევე როგორც ტაქსის მძღოლი, ვინც მართავდა მანქანას... 13 ივნისს გარდაცვლილი ინდირა და ლიზი ზარანდიები

- ლუკა, ახლა სად ცხოვრობ?

- ახლა ხობში დავბრუნდი საცხოვრებლად, მშობლებიც იქ არიან... ამ თანხას დედას ჩავუტან და ერთად გადავწყვეტთ, რაში უნდა მოვიხმაროთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც გერმანიაში ჩვენი ტრაგედია გულთან მიიტანა და ასევე "კვირის პალიტრას". საბედნიეროდ, გულისხმიერი ადმიანები ბევრი არიან, ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, რომ პენსიონერს დაურეკავს, - 50 ლარს გირიცხავთო და სახელი და გვარიც არ უთქვამს. ასევე, მოსკოველმა დებმა მირიანაშვილებმა გვიყიდეს ბინა თბილისში. იქამდე ქირით ვიყავით. დედ-მამა გარევაჭრობით არჩენდნენ ოჯახს. ჩემი ორივე და მუშაობდა და ასე გაგვქონდა თავი. თითქოს ყველაფერი კარგად იყო... მერე კი ეს საშინელი სტიქია მოხდა და ორი და წამართვა...

იხილეთ ასევე: საქველმოქმედო კონცერტი გერმანიაში – რას ჰყვებიან გაწბილებული და მადლიერი ორგანიზატორები?

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)