აფხაზი, რომელმაც ქართველებთან მტრობის გამო შვილი მოკლა - დახვრეტას ხუთჯერ გადარჩენილი ქართველის ნაამბობი - კვირის პალიტრა

აფხაზი, რომელმაც ქართველებთან მტრობის გამო შვილი მოკლა - დახვრეტას ხუთჯერ გადარჩენილი ქართველის ნაამბობი

"როგორ თუ ვერ მიცანი, მოხუცო, იმდენჯერ მყავხარ ნანახი ამ ქალაქში, ისეთი გაჯგიმული დადიოდი ამ მიწაზე, გეგონება, სულ შენი წინაპრების მიერ მოქარგულ-აყვავებული იყო,- დამიღრიალა თავზე შავბენდენაწაკრულმა აფხაზმა ახალგაზრდამ და გაშლილი ხელი ისეთი ძალით დამარტყა სახეში, რომ ჯერ რკინის კონსტრუქციას მივეხეთქე, მერე კი წავიქეცი. შევეცადე წამოვმდგარიყავი. ვიღაც თავს დამადგა და მანიშნა, - იწექიო... ცხვირიდან და წარბიდან სისხლი მდიოდა",- ასე იხსენებს ქართველი მოხუცი იმ უმძიმეს დღეს, როდესაც აფხაზებმა, მეზობლებთან ერთად, სატვირთო მანქანის ძარაზე შეყარეს და დასახვრეტად წაიყვანეს.

ნოდარ ზარნაძე სოხუმის დაცემის შემდეგ, თითქმის ერთი წელი ქალაქში დარჩა. მის ქუჩაზე კიდევ ათამდე მოხუცი იყო, იმ იმედით, რომ სულ მალე სიტუაცია შეიცვლებოდა და ყველა თავის სახლ-კარს დაუბრუნდებოდა... თუმცა, გარკვეული დროის შემდეგ, იქ გაჩერება შეუძლებელი გახდა. ჰოდა, ზოგმა წნეხს ვერ გაუძლო და როგორღაც, სამშვიდობოს გადმოვიდა, ზოგიც - დახვრიტეს...

- ხუთჯერ გამიყვანეს დასახვრეტად. პირველად ჩემს მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე, მასწავლებელი იყო, ოღონდ- სხვა სკოლაში მუშაობდა... ჩვენს პროფესიას აფხაზები ხშირად გვახსენებდნენ, კბილების კრაჭუნით, - თაობებს წამლავდითო... ამის გამო, არაერთი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი დახვრიტეს... იმ დღეს, ქალები და კაცები სხვადასხვა მანქანაში გაგვანაწილეს, მაგრამ ტყეში ყველანი ერთად შეგვკრიბეს. ეს პირველი შემთხვევა იყო და სტრესი იმდენად დიდი გახლდათ, რომ ახლა ბუნდოვნად მახსოვს, რას ითხოვდნენ ჩვენგან, მაგრამ მათი ყვირილი და გარკვეული ფრაზები ზოგჯერ ყურში ახლაც ჩამესმის... მერე მამაკაცები და ქალები ერთმანეთის პირისპირ დაგვაყენეს და გვიბრძანეს, - ქალებისთვის სახეში დაგვერტყა. ეს ბევრმა ვერ შეძლო, ზოგმა კი მეუღლისა თუ ახლობლის გადასარჩენად, მათი ბრძანება შეასრულა. ამაზე ხმამაღლა იცინოდნენ.

...

- ომის დასრულების შემდეგ, აფხაზეთში კიდევ ერთი წელი იცხოვრეთ, არა?

- დიახ, თითქმის ერთი, ჯოჯოხეთური წელი... ამის შემდეგ ჩემი ცხოვრება ორად გაიყო: ომამდე და ომის შემდეგ. ჩემი აფხაზი მეზობელი საკუთარი ოჯახის რისკის ფასად მიცავდა. ყველამ იცოდა, რომ იქ ვიყავი, მაგრამ ამ კაცის პატივისცემით, არაფერს მეუბნებოდნენ. სხვათა შორის, ეს კაცი ჩვენს უბანში ძალიან დაფასებული მუნა შამბა იყო. მას ორი, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული შვილი ჰყავდა. ერთ-ერთი ვაჟი- ტრისტანი ცნობილი იყო, როგორც ქართველების დაუძინებელი მტერი.

მუნამ რამდენჯერმე გააფრთხილა შვილი, ქართველების დევნა შეეწყვიტა, მაგრამ მამის შეგონებამ არ გაჭრა. ომის დასრულების შემდეგ, მასზე თქვეს, რომ "ქართველების ბიზნესი" ჰქონდა: მისი "რეკომენდაციით" აფხაზები იმ ქართველებს უცვივდებოდნენ სახლში, ვინც ახლობელი აფხაზის მფარველობის ქვეშ იყო, აწიოკებდნენ. ამას სისტემატურად სჩადიოდნენ. ის ქართველიც იძულებული ხდებოდა, სახლი დაეტოვებინა, თუნდაც იმიტომ, რომ მისი მფარველი აფხაზი ვარდებოდა ცუდ დღეში, მაგრამ სამშვიდობომდე გადასვლაში ქართველს აუცილებლად ვინმე უნდა დახმარებოდა,- სხვა შემთხვევაში გარისკვა არ ღირდა...

ერთ დღესაც გავიგეთ, რომ ბიჭმა თავისი კლასელის მამა დახვრიტა. ეს ბოლო წვეთი იყო მუნასთვის. იმდენად განიცდიდა შვილის ამბავს, რომ ცოცხალ-მკვდარი დადიოდა. ერთ დღესაც, გაუჩინარდა...

იხილეთ სრულად