"აფხაზი მაღალჩინოსნის სახლში გამართულ ნადიმზე, ქართველი ექიმების სადღეგრძელო არაერთხელ გაისმა" - კვირის პალიტრა

"აფხაზი მაღალჩინოსნის სახლში გამართულ ნადიმზე, ქართველი ექიმების სადღეგრძელო არაერთხელ გაისმა"

ჟურნალისტი მანანა მაზიაშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე მეტად ემოციურ ჩანაწერს აქვეყნებს:

"გალიდან ჩამოსულმა მეგობარმა დღეს გულისამაჩუყებელი ამბავი მიამბო: რამდენიმე თვის წინ ოჩამჩირეში აფხაზეთის უშიშროების სამსახურის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ოჯახის უფროსი ვაჟი სიმაღლიდან ჩამოვარდა და მძიმედ დაშავდა. საჭირო იყო სასწრაფო ოპერაცია, რომელსაც სოხუმში ვერ გააკეთებდნენ. ოჯახი ასეთი არჩევანის წინაშე დადგა: ან თბილისი, ან რუსეთის რომელიმე დიდი ქალაქი. თუმცა როგორც აფხაზი ექიმები ამბობდნენ, მოზარდის ბედს წუთები წყვეტდა და ოჯახმაც მოკლე გზა აირჩია - თბილისი. ავადმყოფი ზუგდიდიდან ჩასული რეანომობილით წამოიყვანეს, მარტო, მშობლებმა გაყოლა ვერ შეძლეს. თბილისში ქართველმა ნეიროქირურგებმა ურთულესი ოპერაცია გაუკეთეს, მთელმა საავადმყოფომ უპატრონა, მოუარა და გამოჯანმრთელებული გაამგზავრა ოჩამჩირეში. მოგვიანებით, მთელი გალი ლაპარაკობდა აფხაზი მაღალჩინოსნის სახლში გამართულ ნადიმზე, სადაც ქართველი ექიმების სადღეგრძელო არაერთხელ გაისმა. ამის მერე გალელებმა ერთი უცნაურობაც შეამჩნიეს: ენგურს გაღმა ექიმთან მიმავალ მგზავრებს პრობლემებს აღარ უქმნიან, თუმცა იქაურებს კარგად ახსოვთ, უფრო ადრე როგორ გარდაიცვალა მოზარდი, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭიდებოდა, მაგრამ მოუწესრიგებელი დოკუმენტების მომიზეზებით ე.წ. საზღვარზე არ გაატარეს.

ჩემი მეგობარი მარწმუნებს, ამ ფაქტებს წყალი არ გაუვაო. თუ ვინმემ მოიგონა, არც ეს არის ცუდი, როგორც ჩანს, ენგურს გაღმა მცირედით, მაგრამ მაინც დათბა".

წყარო