"ცოცხალ არსებებს მშიერს ხომ არ დავხოცავდი?' - პენსიონერი ქალბატონი ოთხფეხა მეგობრების გადასარჩენად დახმარებას ითხოვს - კვირის პალიტრა

"ცოცხალ არსებებს მშიერს ხომ არ დავხოცავდი?' - პენსიონერი ქალბატონი ოთხფეხა მეგობრების გადასარჩენად დახმარებას ითხოვს

სოციალურ ქსელში ქალბატონი გულიკო კობახიძის წერილს წავაწყდი, რომლმაც შეუძლებელია გულგრილი დატოვოს ვინმე.

ადამიანი, არაფერს ითხოვს თავისთვის, ის მადლიან ადამიანებს საკუთარი ოთხფეხა მეგობრებისთის მხოლოდ და მხოლოდ საჭმლის შეძენას სთხოვს, რათა ისინი შიმშილით სიკვდილისაგან როგორმე იხსნას:

- მას მერე, რაც მეუღლე გარდამეცვალა სოფლიდან წამოსული ვიყავი და წლის განმავლობაში ქუთაისში ვცხოვრობდი. გარკვეული პერიოდის მერე ისევ დაბრუნდი სოფელ ხოტევში. სწორედ მაშინ მოვიდა  ჩემს ეზოში ორი ძაღლი, გული მოგიკდებოდა ისეთი გამხდრები იყვნენ. ცხოველები ძალიან მიყვარს, ამიტომ ეს ძაღლები შევიფარე, თურმე ერთ-ერთი მაკედ იყო და მალე ლეკვებიც დაყარა, მერე კიდევ ერთხელ იმაკა და საბოლოო ჯამში 20-მდე ძაღლი მოგროვდა. ხვად ლეკვებს პატრონი გამოუჩნდათ, ჩემთან კი 11 ძაღლი დარჩა...

- ქალბატონო გულიკო, 11 ძაღლის გამოკვება იოლი საქმე არაა, როგორ ახერხებდით?

- ძალიან მიჭირდა მათი გამოკვება (პენსიონერი ვარ,  პენსიის გარდა სხვა არანაირი შემოსავალი არა მაქვს). მაღაზიიდან ნისიად მომქონდა პური და პენსიიდან პენსიამდე ვისტუმრებდი, მაგრამ ახლა ჩემი პენსია საკმარისი აღარ არის, მაღაზიაში ვალი მაქვს და ნისიად აღარაფერს მაძლევენ. ნისიად ვყიდულობდი ხოლმე ხან შავ ფქვილს, ვუმზადებდი საჭმელს და ჩემი ხელით ვაჭმევდი. გეფიცებით, პენსიითაც ვერ ვიხდიდი მაღაზიის ვალს, მაგრამ ცოცხალ არსებებს მშიერს ხომ არ დავხოცავდი? მე რომ მხედავდნენ, უნდა გენახათ როგორ მეხვეოდნენ. საკუთარი შვილებივით ვუვლიდი, მაგრამ იძულებული გავხდი მიმეტოვებინა. რა ვქნა, არავინ მეხმარებოდა. სოფლის გამგებელს ვთხოვე დახმარება, იმასაც უთქვამს რაიონის გამგეობაში, მაგრამ ტენდერია საჭიროო და ათასი სხვა მიზეზი უთქვამთ.

- ანუ თქვენ წახვედით და სოფელში დატოვეთ ძაღლები?

- კი, იქ დავტოვე და მე ქუთაისში წამოვედი. გეფიცებით, მართლა აღარ შემეძლო მათი საცოდაობის ყურება, რომ მოვდიოდ ყველამ გამომაცილა, ალბათ ეგონათ რომ მათ საჭმელზე მივდიოდი და ისევ უკან დავბრუნდებოდი. დარწმუნებული ვარ. ახლაც მელიან, სხედან ეზოში და კარებს უყურებენ როდის შევალ, მაგრამ ასე ხელცარიელი როგორ მივიდე?! მშიერ შვილთან ხელცარიელი მივა ადამიანი?! ისე ვერ მივალ მათთანაც. გეფიცებით, ჩემთვის არ ვითხოვ დახმარებას, ჩემი ძაღლებისთვის მინდა რამე მცირედი, რომ შიმშილით არ დაიხოცონ. მირჩიეს, როცა დაიბადებიან ლეკვები გადაყარე ან კიდევ საჭმელში საწამლავი ჩაუყარე და თვითონ დაიხოცებიანო, მაგრამ ეს რომ გავაკეთო, მერე მშვიდად როგორ ვიცხოვრო?!

- ქალბატონო გულიკო, ახლა რომ ვინმემ საკვები უყიდოს ძაღლებს, დაბრუნდებით უკან?

- აბა რას ვიზამ. ამ წამსვე, დაუფიქრებლად წავალ სოფელში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა თბილები არიან, თითქოს ადამიანებივით ფიქრობენ. სიამოვნებით მოვეფერებოდი ახლა, მაგრამ საჭმლის გარეშე იქ ვერ დავბრუნდები. იმედია, ვინმე ღვთისნიერი გამოჩნდება და ძაღლები შიმშილით არ დაიხოცებიან.

პ.ს. ქალბატონი გულიკო საკუთარი ოთხფეხა მოგებრების გახსენებაზე, ისე ტიროდა, რომ საუბრი ვეღარ გავაგრძელეთ. იმედია მართლაც გამოჩნდება ვინმე ღვთისენირი და ძაღლებს, რომლებიც ქალაბტონ გულიკოს ელოდებიან, მალე გაახარებს.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)