დედას დაუბრუნდა - კვირის პალიტრა

დედას დაუბრუნდა

"კვირის პალიტრის" რედაქციაში წერილი მივიღეთ, 21 წლის გოგონა მაღალმთიანი აჭარიდან გვწერდა:

"მე ანა ბარათაშვილი ვარ, 21 წლის, ეტლით მოსარგებლე შშმპ პირი აჭარის მაღალმთიანეთიდან. პატარაობიდან ბრძოლა მიწევდა, ბევრს ვვრჯიშობდი.... 5 წლის რომ ვიყავი, სახლი დაგვენგრა. ჩემმა ოჯახმა ყველაფერი თავიდან დაიწყო. სკოლაში წასვლის დრო რომ მოვიდა, ისეთი არაადაპტირებული გარემო დაგვხვდა, რომ სასწავლო წელი ჩემთვის სკოლის მერხის ნაცვლად სახლის მაგიდასთან დაიწყო. კლასელები ხანდახან ჩემთან მოდიოდნენ, ხანაც მე მივყავდი მშობლებს სკოლაში. 14 წლისას ჯანმრთელობა გამიუარესდა, ძლიერი ტკივილების გამო ვერც ხელებს ვამოძრავებდი, ვერც ვკითხულობდი. შემდეგ ექიმმა ძლიერმოქმედი პრეპარატები დამინიშნა, რომელთაც დღემდე ვიღებ, და ჩემი საყვარელი საქმიანობა - კითხვა საერთოდ ამიკრძალა. განვიცდი, რომ ვერ ვირჩევ წიგნებს და ვერ ვეცნობი ლიტერატურას.

2 წლის წინ შშმპ ბავშვთა ტრენინგზე აღმოვჩნდი ქობულეთში. იქ მივხვდი, რომ მარტო არ ვარ! ბევრი მეგობარი შევიძინე; ერთ-ერთმა მათგანმა ორგანიზაცია დააარსა - "ცვლილებები თანაბარი უფლებებისთვის", - და მეც გამაწევრა. ხშირად ვიკრიბებით და ვსაუბრობთ ჩვენს პრობლემებზე, მათი გადაჭრის გზებზე. ორგანიზაციამვე მაჩუქა პლანშეტი და ახლა ჩემს ნაფიქრალს მისი საშუალებით გამოვხატავ. ვწერ პატარა ჩანახატებს, მოთხრობებს, იქნებ, დაინტერესდეთ და გამომიქვეყნოთ".

მიხედავად იმისა, რომ ამ ტიპის მასალები ჩვენს საიტზე არ ქვეყნდება, გადავწყვიტეთ ანას ნატვრა ავუსრულოთ და მისი დაწერილი ერთი პატარა ისტორია გამოვაქვეყნოთ... ნუ განსჯით მკაცრად, გაითვლისწინეთ, რომ გოგონას წერაც და კითხვაც უდიდეს ძალისხმევად უჯდება. ჩვენი მხრიდან კი ანას დიდ წარმატებას ვუსურვებთ

დედას დაუბრუნდა

ბათუმში ოჯახი ცხოვრობდა: მამა, დედა და 2 შვილი. უფროსი თიკა მხიარული, ჭკვიანი და სიცოცხლით სავსე გოგონა იყო; უმცროსი ავთო კი დისაგან განსხვავებით, მეტად მშვიდი გახლდათ. და-ძმას ერთმანეთი ძალიან უყვარდა. ოჯახი მდიდარი არ იყო - მამას ბევრი შრომა უწევდა იმისათვის, რომ ოჯახი ნორმალურად შეენახა. დედა მშვენიერი დიასახლისი იყო, ლამაზი ხმა ჰქონდა და შვილებს ხშირად უმღეროდა.

დრო გადიოდა და თიკაც იზრდებოდა. ყველასთან მეგობრობდა, მაგრამ, სხვა გოგონებისაგან განსხვავებით, ბიჭებთან უფრო ნახულობდა საერთო ენას. სიმღერაც შეიყვარა და დედასთან ერთად ხშირად ღიღინებდა. სულ სადღაც ეჩქარებოდა. თავისი ხალისიანი ხასიათით ყველას ხიბლავდა. ყველას იოლად უახლოვდებოდა. მაგრამ ყველაზე მეტად სწორედ დედა უყვარდა.

ერთხელ თიკას მშობლებმა სახლში რემონტის გაკეთება გადაწყვიტეს. თიკას მამას ნელ-ნელა, ყოველდღიურად მოჰქონდა საჭირო მასალა, მაღლა სართულზე კი მათი აზიდვა თიკას დედას უწევდა. ერთ დღესაც კიბეზე გული წაუვიდა, მაგრამ მაშინ ამ ამბისათვის ყურადღება არ მიუქცევიათ.

ამ შემთხვევიდან რამდენიმე წელი გავიდა. ერთ დღესაც ნათესავის ქორწილში მიდიოდნენ. ზაფხულის ცხელი დღე იყო და დედა ცდილობდა, შვილი მცხუნვარე მზისაგან დაეფარა. თან მაგრად ეჭირა მისი ხელი - კარგად იცოდა, რომ ხელი რომ გაეშვა, მისი მოუსვენარი შვილი იანცებდა. განუწყვეტლივ არიგებდა, წყნარად ყოფილიყო, კარგად მოქცეულიყო, გვერდიდან არ მოშორებოდა.

ქორწილში უამრავ ნათესავსა თუ ნაცნობს მოეყარა თავი. ერთმა ახლობელმა იცოდა, რომ თიკას დედას ცეკვა უყვარდა და საცეკვაოდ გაიწვია. დედას თიკაც გაჰყვა. რამდენიმე წამში დაინახა, ცეკვისას როგორ დაეცა დედამისი იატაკზე. სიჩუმე ჩამოვარდა. ყველა ქლას მისცვივდა. თიკა დედის გვერდზე, იატაკზე, დაეშვა და ტიროდა. სასწრაფოც მოვიდა, მაგრამ უკვე გვიანი იყო -გული აღარ ძგერდა. ასე დაკარგა თიკამ დედა, რომელიც უზომოდ უყვარდა. ძლივს მოაშორეს დედის უსულო სხეულს დაკრძალვის დღეს. მამა ორ მცირეწლოვან ბავშვს ვერ მიხედავდა, ამიტომაც თიკას უმცროსი ძმა ბიცოლამ წაიყვანა სოფელში, გოგონა კი მამასთან დარჩა.

დრო გადიოდა. თიკა იზრდებოდა... დარდს გულში იკლავდა, რომ სხვებს არ შეემჩნიათ. დედა რომ მოენატრებოდა, ღიღინს იწყებდა, ხოლო მის სურათს ბალიშქვეშ ინახავდა.

გოგონა 14 წლის გახდა. სურვილი გაუჩნდა ქრისტიანად მონათლულიყო, მაგრამ მამა ისლამის მიმდევარი იყო და სურდა, შვილების მის რჯულს გაჰყოლოდნენ. ამიტომაც გოგონა ჩუმად დადიოდა ეკლესიაში. ერთხელაც მამამ უთხრა, თქვენი მოვლა მარტოს მიჭირს და ცოლი უნდა მოვიყვანოო. ამის მოსმენა ძალიან გაუჭირდა, მაგრამ ძმის გამო არაფერი უთქვამს - ბიჭს ყურადღება და მოვლა სჭირდებოდა, მას მერე, რაც ბავშვი სოფლიდან ჩამოიყვანეს, სწორედ თიკას დააწვა მთელი საოჯახო საქმეები.

და მამამაც მოიყვანა ცოლი. თავიდან ყველაფერი ნორმალურად იყო: დედინაცვალი ალაგებდა, თიკასა და მის ძმას უვლიდა. ამასობაში კი თიკას გულში ვიღაც გაჩნდა! უყვარდა, მაგრამ თავისთვის, ჩუმად, არავის რომ არ ეუბნებოდა ისე - თიკას მამამ რომ გაიგო, ის ბიჭი სომეხია და თან ქრისტიანიო, შვილს მასთან ურთიერთობა აუკრძალა. იმიტომ, გოგონა ჩუმად მაინც ხვდებოდა ბიჭს.

ერთხელ თიკა დედის საფლავზე წავიდა და ძმაც თან წაიყვანა. სასაფლაოსთან ახლოს მათი დეიდა ცხოვრობდა, რომელსაც თიკაზე ორი წლით პატარა გოგონა ჰყავდა. მას სიარული არ შეეძლო, მაგრამ მის დეიდაშვილებს ეს სულაც არ ადარდებდათ - თიკა ეფერებოდა, თბილი სიტყვებით ულამაზებდა დღეებს, ბიჭი კი ეტლით დააქროლებდა ეზოში.

ერთ დღეს სკოლიდან ბებოსთან გაიარა- დედის დედასთან. დეიდა და დეიდაშვილიც იქ დახვდნენ. გოგონა ყველას გადაეხვია, მაგრამ ყველაზე თბილად დეიდაშვილს მოეფერა. იმ დღეს საოცარ ხასიათზე იყო. დეიდაშვილმა ჰკითხა, თვალები რატომ გიბრწყინავსო. თიკამ გოგონას ეტლი თავისკენ მოსწია და თითზე გაკეთებული ბეჭედი უჩვენა - უბრალო, მაგრამ ლამაზი. ეს ბეჭედი იმ ბიჭმა აჩუქა, რომელიც უზომოდ უყვარდა.

დღიური ჰქონდა და თავის გულისნადებს მას ანდობდა. იქ წერდა, როგორ აკლდა დედა; როგორ სურდა, არ დაემალა თავისი სიყვარული. დღიურს საგულდაგულოდ მალავდა, რადგან მამას რომ გაეგო, რომ იმ ბიჭს ხვდებოდა, სოფელში გამწესებდა. ეს კი ნამდვილად არ სურდა.

რამდენიმე დღის შემდეგ დედინაცვალმა მოსთხოვა, კედლებიდან დედამისის ფოტოები ჩამოეხსნა. თიკას ცრემლები წამოუვიდა, მაგრად იძულებული გახდა, ბრძანება შეესრულებინა. მხოლოდ ის სურათი დაიტოვა, ბალიშქვეშ რომ ჰქონდა დამალული. მერე ეჭვიანობა დაიწყო დედინაცვალმა - ქმარს ეჩხუბებოდა, შენი შვილები ჩემზე მეტად გიყვარს. ჯერ მათთვის ყიდულობ ყველაფერს და მე მერე გახსენდებიო. თიკა არაფერს ამბობდა, მხოლოდ დედის სურათს ალბობდა ცრემლებით.

დრო გადიოდა. გოგონა სულ უფრო დარდიანი ხდებოდა - საამისო მიზეზიც არ ელეოდა -დედინაცვალთან კამათობდა, მამა კი მას კი არა, დედინაცვალს უჯერებდა. თან თავისი სიყვარულის დამალვაც აღარ სურდა. ფიქრობდა, დედა რომ ჩემთან ყოფილიყო, ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა და უბედნიერესი ვიქნებოდიო. მხოლოდ ძმასა და სიყვარულთან იყო მხიარული და ბედნიერი. მამისაგან დაფარულად ეკლესიაშიც ლოცულობდა.

ერთხელ ბიძაშვილის დაბადების დღეზე მივიდა. მთელი სანათესაო იქ შეკრებილიყო. ის ეტლიანი გოგონაც იქ იყო, მას რომ ასე უყვარდა. რომ შეატყო, მოწყენილია, თიკამ სწორედ ის მუსიკა ჩართო,რომელიც ორივეს განსაკუთრებით უყვარდა. ჩართო და აცეკვდა. ისე ლამაზად ცეკვავდა, დეიდაშვილი ხასიათზე მოიყვანა.

დეკემბერი ილეოდა. სკოლაში წინასაახალწლო ღონისძიებები ტარდებოდა. თიკა დილით ადრე ადგა. თავი სტკიოდა - იმდენად, რომ გამაყუჩებელი დალია. ჩაიცვა და სკოლაში წავიდა. როდესაც მისი ჯერი მოვიდა, ლექსი ისე ტკბილად წაიკითხა, რომ მასწავლებელს თვალზე ცრემლი მოადგა. გოგონამ ლექსი დაასრულა და მერხზე უგონოდ ჩაიკეცა. მიცვივდნენ. ცდილობდნენ, გონს მოეყვანათ, მაგრამ უშედეგოდ. სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ყველამ გაიგო თიკას ამბავი. მთელი სანათესაო საავადმყოფოშ იყო. მათ შორის იყო ის ბიჭიც, თიკას რომ უყვარდა. გოგონა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული. გული ორჯერ გაუჩერდა. ექიმებს იმედი გადაეწურათ, მაგრამ მაინც იბრძოდნენ მის გადასარჩენად, თუმცა, უშედეგოდ - გოგონა გონს ვერ მოდიოდა. მესამედ გული საბოლოოდ გაუჩერდა. თიკა გარდაიცვალა.

დაკრძალვის დღეს ფერიას ჰგავდა. ცისფერ კაბაში გამოწყობილი ისე იწვა, მძინარე გეგონებოდათ. უკანასკნელ გზაზე ყველამ გააცილა: სკოლამ ნათესავებმა, მამა, ძმამ... მე კი, მე მხოლოდ ის ვიცოდი, რომ თიკამ ერთი ნატვრა აისრულა - ის დედას დაუბრუნდა.