"ჯერ მამების შექმნილი და გამოძერწილი "თოჯინები", მერე - ქმრებისგან" - კვირის პალიტრა

"ჯერ მამების შექმნილი და გამოძერწილი "თოჯინები", მერე - ქმრებისგან"

"მსახიობები ძალიან კარგი "ქურდები" ვართ"

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ის, როგორც მსახიობი, "ბედის ნებიერაა". 3 წლიდან სცენაზე დგას. პატარა გოგონა პარტნიორობას ბუმბერაზ მსახიობებს უწევდა. მართალია, პროფესიული არჩევანის გაკეთებისას მამა გაანაწყენა, მაგრამ ამ ნაბიჯის გადადგმა არასდროს უნანია. ამბობს, რომ თეატრში შესვლისთანავე იკეტება კარი, რომელიც რეალური ცხოვრებიდან თიშავს. თამუნა ნიკოლაძე დღეს სწორედ იმ კარს მიღმა არსებულ ცხოვრებაზე, როლებსა და გარდასახვაზე გვიამბობს.

....

რეჟისორ ვანო ხუციშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში - "თოჯინების სახლი" ის მთავარ როლს ასრულებს. მის გმირს ნორა ჰქვია.  "იბსენს "თოჯინების სახლის" სიუჟეტად მეგობრის თავს გადახდენილი ნამდვილი ამბავი გამოუყენებია. XIX საუკუნეში დრამატურგიაში გადატანილი ეს ამბავი ფემინიზმის მანიფესტადაც კი შეურაცხავთ.

-  ვანო ხუციშვილმა ნორაზე მუშაობა რომ შემომთავაზა, იმ წუთიდანვე ნერვიულობა დამეწყო. მას თითოეული დეტალი იმდენად ზუსტად ჰქონდა გათვლილი და ისე კარგად ამიხსნა, თუ რატომ უნდოდა, რომ მე მისი ნორა ვყოფილიყავი, დავთანხმდი. ვანოს ყველა მსახიობი ენდო. 26 მაისს ამ სპექტაკლს 5 წელი უსრულდება. როცა ვიცი, "თოჯინების სახლში" უნდა ვითამაშო, შინაგანი ფორიაქი ერთი კვირით ადრე მეწყება.

....

სცენა სპექტაკლიდან: "თოჯინების სახლი" როცა ამ სპექტაკლზე ვმუშაობდი, "შუა ქალაქში" გადიოდა და კვირაში 2 სერიას ვიღებდით. მაქსიმალურად ვცდილობდი, საკუთარი თავი მეკონტროლებინა. ქეთევანი და ნორა - ორ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ როლს ვასრულებდი და ამიტომ. აბა, სად სიტუაციური კომედია და სად - ფსიქოლოგიური დრამა? ძალიან რთული იყო.

პიესაში - "თოჯინების სახლი" ცხოვრების 3-დღიანი მონაკვეთია ნაჩვენები. ნორა ძლიერი ქალია, მისი მდგომარეობა გავითავისე და მოვიშინაურე. პროტოტიპებიც მყავს. ხომ იცით, მსახიობები ძალიან კარგი "ქურდები" ვართ. ნორა დედაა და დედობის განცდა, შვილის გაჩენის სიხარული რომ შემეგრძნო, სამშობიაროში წავედი, 2 ქალის მშობიარობას დავესწარი (ამ დროს აღმოვაჩინე, რომ ექიმობასაც შევძლებდი). ნორას როლზე იმ პერიოდში ვმუშაობდი, როდესაც პირად ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი მქონდა. შეიძლება ითქვას, ამ სპექტაკლმა და ამ პერსონაჟმა გადამარჩინა. ახლა ძალიან კარგად ვარ, შინაგანად ფერადი გახლავართ.

- ფრაზა, რომელიც ნორას სათქმელიდან დაგამახსოვრდა.

- ქალები, რომლებსაც ტკივილი აქვთ გამოვლილი, ყოველთვის მეუბნებიან: ძალიან ხშირად, ყურში შენი ხმა ჩაგვესმის, - "მე შენი თოჯინა ცოლი ვიყავი, როგორც სახლში ვიყავი მამის თოჯინა ქალიშვილი"...

- არადა, ჩვენს რეალობაში ასეთი "თოჯინა" ძალიან ბევრია.

- რა თქმა უნდა, ჯერ მამების შექმნილი და გამოძერწილი "თოჯინები", მერე - ქმრებისგან. ნორამ ამის წინააღმდეგ გაილაშქრა. ის იყო თოჯინა, მაგრამ ნელ-ნელა გახდა პიროვნება. სპექტაკლში, როდესაც დარბაზი ნათდება, მე და ჩემი მეუღლე სასამართლოს წინაშე ვდგავართ...

- ...და ამ დროს წარმოთქმული ნორას სიტყვები მაშინდელ ნორვეგიაში ფემინისტურ მანიფესტად აღიქვეს.

- დღესაც ასე ხდება და ეს სპექტაკლი სწორედ ამიტომაც არის საინტერესო. ნაწარმოების შექმნიდან საუკუნეზე მეტია გასული, მაგრამ "თოჯინა ქალები" ისევ არსებობენ. ზოგიერთმა სახე იცვალა, ახლა ქალები რომ მუშაობენ და მამაკაცები სახლებში სხედან, ისინიც მამაკაცის თოჯინები არ არიან? ოღონდ, როიალზე შემოსკუპებული "კუკლები" კი - არა, მოსამსახურე თოჯინები. ზოგიერთი რობოტადაც იქცა.

- მაშინ რას ფიქრობდი, როცა "თოჯინა" იყავი?

- ეს საკუთარ თავთან მუდმივ წინააღმდეგობაში ყოფნის პერიოდი იყო. ჩემი გმირი ცდილობდა ადამიანებისთვის ეჩვენებინა, როგორი ბედნიერია, სინამდვილეში კი ეს განცდა სულაც არ ჰქონდა. ის სხვებს გამოგონილ ბედნიერებას უჩვენებდა.

- 5 წელია, ნორას თამაშობ. ვინმეს უთქვამს შენთვის, რომ ამ როლში საკუთარი თავი დაინახა?

- ძალიან ბევრ ქალს აღსარებისმაგვარი სიტყვები უთქვამს, სპექტაკლში წამოჭრილი პრობლემა ბევრი ქალის ტკივილია...

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 4 თებერვლის ნომერში