"გზად გარდაცვლილი ქალი ვნახე, თავზე ძმა ადგა და დასტიროდა" - ნაბიჯები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე
"გზად გარდაცვლილი ქალი ვნახე, თავზე ძმა ადგა და დასტიროდა" - ნაბიჯები სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე
03-02-2016
"დილით ფილარმონიაში მივედი, მორიგე გაფითრებული დამხვდა. - რა ხდება-მეთქი? - ბომბი ჩამოაგდეს, არ აფეთქდაო. შენობის სახურავი ჭურვს მთლიანად ჩამოეგლიჯა, ცა მოჩანდა."

გთავზობთ ამონარიდებს ჟურნალ "გზის" სტატიიდან: "სოხუმელი მუსიკოსის ცხოვრების სიმფონია და..." რომელიც სრულად ჟურნალის 4 თებერვლის ნომერში შეგიძლიათ იხილოთ:

მევიოლინე ვაჟა ჩუბინიძე ამბობს, რომ მისი ცხოვრება ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიას ჰგავს... საკმარისია, ერთხელ მოისმინო, როგორ უკრავს და მერე აღარ დაგავიწყდება. ეს ადამიანი არა მხოლოდ გამორჩეული ხელოვანია - მისი ცხოვრების გზა და ამ გზაზე გადატანილი განცდები ისეთი მძაფრია, ერთის კი არა, ათი ადამიანის ცხოვრებას ეყოფა.
ჯერ იყო აფხაზეთში გატარებული ბავშვობა, მსახიობი მშობლები და ხელოვანი ხალხის გარემოცვა, მერე - ომი, ტყვიების ზუზუნი, მშობლიური ქალაქიდან გამოძევების ტკივილი, ჭუბერის გზა - სიარული სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე, სულიერი სიძლიერით გადარჩენილი სიცოცხლე... შემდეგ იყო თბილისი და კვლავ ბრძოლა არსებობისთვის, საერთო საცხოვრებლის გაუსაძლისი ყოფა...

ვაჟა ჩუბინიძემ სოხუმი ქალაქის დაცემის დღეს დატოვა, ამ დღის გახსენება კი ყველაზე მეტად უჭირს. იმ პერიოდში ის სოხუმის ფილარმონიას ხელმძღვანელობდა და ტყვიების ზუზუნშიც რეპეტიციებზე დადიოდა.
- 4-5 კაცი შემრჩა და რეპეტიციებს მაინც ვატარებდი. სმენით ვიცოდი, რა მოდიოდა - "გრადი", "ურაგანი"... დილით ფილარმონიაში მივედი, მორიგე გაფითრებული დამხვდა. - რა ხდება-მეთქი? - ბომბი ჩამოაგდეს, არ აფეთქდაო. შენობის სახურავი ჭურვს მთლიანად ჩამოეგლიჯა, ცა მოჩანდა. მივედი, ვნახე, ვცადე გადამეგორებინა, კარი გამომეღო, მაგრამ ვერ მოვერიე. მას 3 ნემსა ჰქონია, მათგან ერთ-ერთი მოღუნულა და ჭურვი არ ამოქმედებულა. გამოვიძახე სპეციალისტები და გაგიჟდნენ, - ამას როგორ შეეხეო? მათ გააუვნებელყვეს.

მინდოდა, უკვე გამოშიგნული ეს ჭურვი რელიკვიასავით შემენახა და კაბინეტში შევიტანე, მასში კი მიხაკი ჩავდე.
მდგომარეობა უფრო და უფრო იძაბებოდა, ორჯერ "გრადის" აფეთქების ტალღამ გადამისროლა. ნაცნობმა მითხრა, - მერხეულში ახლობელი მყავსო და დედაჩემი იქ გადავიყვანე. მეუღლე, ბავშვთან ერთად, რაჭაში იმყოფებოდა და მათი დარდი არ მქონდა. 27 სექტემბერს, დილით ქუჩაში რომ გავედი, მანქანები ქაოსურად მოძრაობდნენ. ერთი ნაცნობი წამომეწია, - ვაჟა, აქ რა გინდა, წამოდი ჩქარა, მანქანაში ჩაჯექიო. - სად წამოვიდე-მეთქი? - ყველაფერი დამთავრდა, ჩქარა დაჯექიო. როგორ, სახლში არ მივიდე-მეთქი? - შენს სახლში უკვე სხვები არიანო... ეს ყველაფერი წამებში მოხდა, გააზრება დღესაც კი მიჭირს. სოხუმში ორი სახლი და ყველაფერი ხელუხლებლად დავტოვე. რაც მეცვა, იმის გარდა აღარაფერი მებადა. ნაცნობმა სამხედრომ მერხეულამდე მომიყვანა. ჯარისკაცებმა დამტოვეს და თავად სოხუმში დაბრუნდნენ. დამიბარეს, ამ გზით წადიო. - მარტო ვარ, სად წავიდე-მეთქი? გზა მიჩვენეს, იარეო. დავადექი ამ გზას, მაგრამ სად მივდივარ, არ ვიცი.

***
მშიერი ვიყავი, ძალა მეცლებოდა. გზად ყველგან წყაროები მხვდებოდა და წყალს რომ ვსვამდი, მაგან გადამარჩინა. მოგვიანებით ჩემი მოსწავლის მამას გადავეყარე. 2 ვაშლი მომცა და იმ ვაშლს ვიზოგავდი. 1 კვირა ვიარე. გავიარე მერხეული, ლათა, ჩხალთა... ერთი ღამე საღორეშიც მეძინა. მერე გზადაგზა ხალხი მხვდებოდა, სადმე კოცონს თუ დავინახავდი, მათთან მივდიოდი და ვთბებოდი.
მაისური დამეწვა. როგორც იქნა, საკენს მივაღწიე. იმდენად ძალაგამოცლილი ვიყავი, ტანსაცმელიც კი მამძიმებდა. ჩხალთაში ბუჩქი დავინახე, გაყინული მაყვალი ესხა, დავკრიფე, ჯიბეებში ჩავიწყვე, მერე ვადნობდი და ისე ვჭამდი.

***
უღელტეხილი მქონდა ასავლელი. გზად გარდაცვლილი ქალი ვნახე, თავზე ძმა ადგა და დასტიროდა. - წადი, იარე-მეთქი. - ამას რა ვუყოო? - ვერაფერს გააწყობ, შენც მოკვდები-მეთქი. მიწა მარმარილოსავით მაგარი იყო. იმდენად გაყინული, ბარიც რომ გქონდა, გვამის დასამარხი მიწის ამოთხრა შეუძლებელი იყო.

მერე 2 ქალბატონს წამოვეწიე, ჩანთები ეჭირათ და ძლივს მიდიოდნენ. გამოვართვი ეს ჩანთები. ეგონათ, რომ ტარებაში ვეხმარებოდი. დამლოცეს, - შენ გაიხარეო, მაგრამ ორივე ჩანთა ხევში რომ მოვისროლე, მერე წყევლა დამიწყეს. შეუძლებელი იყო, იმ ჩანთებით მათ უღელტეხილი გადაელახათ, გზად გაიყინებოდნენ და იმ ჩანთებში სიცოცხლეზე ძვირფასი რა უნდა ჰქონოდათ?

185 კილომეტრი გავიარე. ფეხსაცმელები დამეხა, ძალიან რთული გზა იყო. უღელტეხილზე რომ ავედი, 20-25 კაცი მიწაზე ეყარნენ, სიარულის თავი აღარ ჰქონდათ. ამ ხალხს შევუძახე, - ადექით, ძალა მოიკრიბეთ, დავეშვათ-მეთქი. მათ შორის 4-5 წლის ბავშვი იყო, რომელსაც სიარული აღარ შეეძლო. ბედად, ვიღაცას კანფეტი აღმოაჩნდა. ტკბილი მიიღო თუ არა, ძალა მოიკრიბა და წამოდგა. ასვლაზე რთული, დაღმართზე ჩამოსვლა ყოფილა. დაღლილობისგან ტანს ვეღარ ვიკავებდი, ფეხები აღარ მემორჩილებოდა. ზოგიერთ მონაკვეთზე, სადაც ძალიან დაქანებული გზა იყო, ვწვებოდი და კოტრიალით მოვდიოდი.

***
ჩუბინიძეებმა აფხაზეთიდან მხოლოდ 2 ვიოლინო ჩამოიტანეს, ეს ნივთი კი ამ შემთხვევაში, გაცილებით მეტი იყო, ვიდრე მუსიკალური საკრავი, რადგან ფიზიკური გადარჩენისთვის ბრძოლაში მთავარ იარაღად იქცა. სამსახურის ძიება დაიწყო, ბედი არაერთგან სცადა, მაგრამ ხან ადამიანების გულგრილობას გადააწყდა, ხან - უპასუხისმგებლობას. მისი ტკივილის გულთან მიმტანი გივი აზმაიფარაშვილი აღმოჩნდა. ვაჟა ჩუბინიძემ მუშაობა რადიო-ტელევიზიის ორკესტრში დაიწყო. ნანახსა და განცდილს უკვალოდ არ ჩაუვლია:
- 6 თვის განმავლობაში, გივი აზმაიფარაშვილთან რეპეტიციაზე რომ დავდიოდი, ჯიბით პურის ნაჭერი დამქონდა. ჯიბეში პური თუ არ მქონდა, ვერ ვუკრავდი. ზოგიერთი ამის გამო იცინოდა...

იხილეთ სრულად ჟურნალ "გზის" 4 თებერვლის ნომერში

ნატა
28 სექტემბერი 2016 07:31
შენს სახლში უკვე სხვები არიანო...

მტყერმა მოისმინა ასეთი . . .
mari
27 სექტემბერი 2016 18:42
Gmerto ushvele saqartvelos...
სხვა სიახლეები
2016 წლის 22-25 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი “Ad Black Sea” გაიმართა.
დაწვრილებით...
“თეგეტა მოტორსი” პრემიუმ კლასის Shell -ის, Motul-ისა და Mobil-ის ბრენდის ძრავის ზეთებზე მომხმარებელს აქციას სთავაზობს.
დაწვრილებით...
დედაქალაქის ავტობუსით მგზავრობა, როგორც მოსახლეობა ამბობს, ბოლო დროს რისკფაქტორი გახდა, რადგანაც დიდი ხანი არ არის, რაც ორი, არც თუ სახარბიელო ფაქტი მოხდა
დაწვრილებით...
"რუსები დაგვცინიან, ჩვენ კი ძმებს და სტრატეგიულ მოკავშირეებს ვეძახით. აფხაზეთის ხელისუფლება მათ მიმართ პოზიციის კი არა, ქალაქის საკანალიზაციო სისტემის შეცვლასაც ვერ ახერხებს. ამასობაში კი, დანარჩენ ცივილურ სამყაროს ერთი საუკუნით ჩამოვრჩით..."
დაწვრილებით...
ბათუმის საერთაშორისო ფილმების ფესტივალი დასრულდა.
დაწვრილებით...
"რა აფხაზი ხარ, აფხაზური არ იციო. არადა, თვითონ რუსულად ლაპარაკობდნენ. ვეკითხებოდი, რატომ ფიქრობთ, რომ თუკი რუსულად არ ვმეტყველებ, ამიტომ აფხაზი არ ვარ-მეთქი"?
დაწვრილებით...
აფეთქება სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია
დაწვრილებით...
სოფელი სახალვაშო, სოფელი შუამთა, ჭოროხის დელტა, კოლხეთის ნაციონალური პარკი და ბოტანიკური ბაღი ის ადგილებია, საიდანაც მტაცებელ ფრინველთა მიგრაციას 25 ქვეყნის ორნითოლოგი და ამ დარგით გატაცებული ტურისტი აკვირდება.
დაწვრილებით...
„თეგეტა მოტორსი“ საერთაშორისო ავტოინდუსტრიულ გამოფენაზე Automechanika Frankfurt 2016 წარდგა.
დაწვრილებით...
26 სექტემბერს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილი ცერემონია მიმდინარეობდა, როდესაც ღონისძიებისთვის ხელის შეშლა "აუდიტორია 115"-ის წევრებმა სცადეს.
დაწვრილებით...
ს პ ო რ ტ
იყიდეთ 62 კვ.მ. საუკეთესო ბინა
ქირავდება ბინა ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მეტროსთან
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები