"მასახიობი კი არა, ყარაჩოხელი ვარ!" - კვირის პალიტრა

"მასახიობი კი არა, ყარაჩოხელი ვარ!"

ახალგაზრდა ჩოხოსანი გიორგი გილიგაშვილი ფართო საზოგადობამ GDS-ის ტელეპროექტ "ტიფლისით" გაიცნო. ამბობს, სერიალში სწორედ იმიტო მოხვდა, რომ ნაღდი "ტიფლისელია", რომელსაც ყველგან ნახავთ, სადაც საქართველოა...

- არ მიყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, თუ ქრისტიანი ხარ და ცოდვა გამძიმებს, ამის შესახებ მოძღვარს უამბობ, ხოლო თუ შენში რაიმე კარგია, ამის თქმა შენი მხრიდან უკვე ამპარტავანებაა... როდესაც მეკთხებიან ვინ ხარო, ასე ვპასუხობ:

"საქართველოს შვილი ვარ დედამიწის გულიდან,

პირბასრი შამშირი ვარ არგადავალ რჯულიდან,

ჩემი ქვეყნის ვალი მაქვს მედროშეთა გვარი მაქვს,

არსად დავიკარგები გულზე ქრისტეს ჯვარი მაქვს!"

- მსახიობის პროფესიაზე ბავშვობიდანვე ფიქრობდით?

- მსახიობი არ ვარ, ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეს დამბადა უფალმა, მადლიერი ვარ ამისთვის, ჩემმა მზემ! ქართველი ბიჭი ვარ, ქართველობისთვის თამაში არ მჭირდება, ეს მე სისხლსა და ხორცში მაქვს გამჯდარი.  თუ გულისხმობთ სერიალ "ტიფლისს", გეტყვით, რომ იქ თამაში ნაკლებად მიწევს, იქ შეიძლება სცენა იყოს დადგმული, თორემ ის მენტალობა, მანერა რასაც ხედავთ, ზუსტად ეგ  ვარ. მოკლედ, მასახიობი კი არა, ყარაჩოხელი ვარ!

- მსახიობობა თუ არა, მაშინ რა არის თქვენი პროფესია?

- პროფესიას რაც შეეხება, ასე ვამბობ ხოლმე - ღვთის სამართალს ვიცავ-მეთქი. ისე სამართალდამცავი ვარ, თბილისის ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული. მიყვარს და პატივს ვცემ იმ წლებს, რომელიც მანდ გავატარე. იმდენად დაწერილი სამართლის პატივისმცემელი არ ვარ, რამდენადაც დაუწერელი მორალური სამართლის.

- როგორ მოხვდით სერიალ "ტიფლისში" ?

- "ტიფლისში" მოვხდი, იმიტომ, რომ ნაღდი ტიფლისელი ვარ. უფლის ნება იყო ყველაფერი. "ტიფლისის" პირველი სერიის გასვლის შემდეგ ნახევარი ქალაქი - ჩემი ძმადნაფიცები, ძმები მეუბნებოდნენ შენ ამ ფილმში" უნდა იყოო, მაგრამ მე ვამბობდი, " ტიფლისში" არ ვარ, მაგრამ ჩემს გარშემო სულ ტიფლისია-მეთქი.

ჰოდა, ერთ დღეს ცხენით ჩავიარე აბაშიძეზე, მაშინ იმ ჭკუზე ვიყავი, ცხენს გამოვიყვანდი და გავაჭენ-გამოვაჭენებდი ხოლმე შუა ქალაქში, ჰოდა, ამ დროს დამინახა ვიღაც ბიჭმა და მითხრა, - მელანდებიო?! - თუ რეალური ხარ, "ტფილიშში" უნდა გადაგიღოთო...

- შეცვალა თუ არა თქვენი ცხოვრება სერიალ "ტიფლისში" გამოჩენამ?

- ჩვენი ცხოვრება სულ იცვლება... დვბადებით, ვიზრდებით, ვბერდებით ნელ-ნელა... შეცვალა იმ თვალსაზრისით, რომ ჩემ ცხოვრებაში ახალი მეგობრები გაჩნდნენ, საერთოდაც მთელი დედამიწა, მინდა, ჩემი მეგობარი იყოს, რომ სიყვარულით ვიყოთ გაერთიანებული. სადაც ქრისტეა იქ გამარჯვებაა და მე ამას ყოველთვის ვამბობ.

- რას გვეტყვით სამომავლო გეგმებზე?

- გუშინ, სიმართლე გითხრა, ვკვდებოდი, ოღონდ სერიალში სცენარის მიხედვით, მაგრამ მოხდა ისე, რომ ღვთის წყალობით გადავრჩი. ამიტომ წინასწარ არ მიყვარს არაფრის დაგეგმვა. კაცი ბჭობდა, გეგმავდა, უფალიკი მეოხებდა, ლოცულობდაო. როდესაც ვიწყებთ რაღაცის დაგეგმვას ძალიან სასაცილონი ვართ, ვინაიდან იმდენად პატარები ვართ ამხელა გალაქტიკაში, რომ ამ დროს ჩვენ არაფრის დაგეგმვის თავი არ გვაქვს... ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ უფალს მიანდო ყველაფერი დიდი სიყვარულით, მორჩილებით, მარხვითა და ლოცვით, და არა იცხოვრო ისე, რომ მარხვისა და ლოცვის დრო აღარ დაგრჩეს...

- და ბოლოს, რა არის ჩოხოსნის დევიზი?

- მთავარია კაცობა - ესაა ჩემი დევიზი. რომ მეკითხებიან რატომ მაინცდამაინც კაცობაო, ვეუბნები, რომ ამაში მაინცდამაინც კაცი არ იგულისხმება. უფალამა შექმნა დედაკაცი და მამაკაცი. ასე იყო საწყისი, არსებობს კაცობრიობა და არა ქალობრიობა, ჰოდა, კაცობრიობაში მოაზრებული ადამის და ევას ერთობაა. კაცობის საწყისი, რომ უფალის სამებობიდან და მამაღმერთობიდან უპირველესია ამაზე ვთანხმდებით, ხოლო შემდეგ არის უდიდესი დედა ღვთისმშობელი. როგორც ქრისტემ ეკლესია შეიყვარა, ისე უნდა შეიყვაროს კაცმაც ქალი, აქ დიდი სიყვარულია, როგორც ქრისტემ გაწირა ეკლესიისთვის, ერთობისთვის თავი, ისე მეუღლემ უნდა გაწიროს თავი თავისი მეუღლისთვის. სხვაგან წავედი, მაგრამ კაცობაში რას ვგულისხმობდი მაგის ახსნა შევეცადე. კაცობა, პირველ რიგში ნიშნავს, რომ შენ ადამის მოდგმისა ხარ, მეორე ის, რომ უფლის სიყვარული გაქვს, სამშობლოს სიყვარული გაქვს, დედისა და მამის პატივისმცემელი ხარ, შენი მოყვასის მოტრფიალე ხარ... რაც კი სანუკვარი სიტყვები არის ღვთის წიაღში კაცში არის გაერთიანებული.

მარიამ კაპანაძე (სპეციალურად საიტისთვის)