ივე­რი­ის ღვთის­მ­შობ­ლი, ოპი­ზის ოთხ­თა­ვი, თორნიკე ერისთავის აბჯარი - უნიკალური კადრები ათონის მთიდან - კვირის პალიტრა

ივე­რი­ის ღვთის­მ­შობ­ლი, ოპი­ზის ოთხ­თა­ვი, თორნიკე ერისთავის აბჯარი - უნიკალური კადრები ათონის მთიდან

"ჩავედით ეგეოსის ზღვის ნაპირას, იმ ადგილას, სადაც ქართველი ბერი გაბრიელი ზღვიდან გამობრძანებულ ღვთისმშობლის ხატს შეეგება; სადაც შემდეგ წყარომ ამოხეთქა და ახლა პატარა ეკლესია დგას. შუადღეს სწორედ ამ ადგილის მოლოცვით სრულდება პროცესია".

ჟურნალისტი დავით ახვლედიანი ძალიან ბევრს მოგზაურობს და ყველაფერს ფოტოვიდეოობიექტივით აფიქსირებს. მისი მოგზაურობის ტრაექტორიიდან ქართველებისთვის სანუკვარ-საოცნებო ადგილი შევარჩიე - ათონის მთა და ათონის ივერთა მონასტერი. როგორ გაიცნო დავითმა მსოფლიო პატრიარქის პრესმდივანი, როგორ მოხვდა ივერონში და როგორ მოახერხა უნიკალური კადრების გადაღება, მისი მონათხრობით შევიტყობთ:

დავით ახვლედიანი ათონის მთის წვერზე - მსოფლიო პატრიარქის პრესმდივანი კურიოზულად გავიცანი: მეუღლესთან ერთად სტამბოლში, ძველ კონსტანტინოპოლში სეირნობისას კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს მივადექი. თან პატარა სამოყვარულო კამერა მქონდა და მართალია, ელემენტი თითქმის ჯდებოდა, გადავწყვიტე, ვინმე ჩამეწერა (იმხანად აფხაზეთის ეპარქიის საკითხი მწვავედ იდგა და ამ საქმეში მსოფლიო საპატრიარქოც ჩართული იყო). მირჩიეს, მსოფლიოს პატრიარქის პრესსამსახურის ხელმძღვანელს, პროტოპრესვიტერ დოსითეოსს დავკავშირებოდი. ჰოლიდანვე დავურეკე და, მართალია, თავად ოთხ ენაზე ლაპარაკობდა, საკომუნიკაციო ენებში ვერ "დავემთხვიეთ" - მე ის ენები არ ვიცოდი, მან - რუსული და ინგლისური ანუ რაც მე ვიცოდი. აქ კი ჩემი მეუღლის "გერმანისტობა" გამომადგა, რომელმაც თარჯიმნობა გამიწია. ორი საათის შემდეგ დაგვიბარა, ჩამოგვაკითხა და რომ მეგონა, ეზოშივე ჩავწერდი, მისი ყოვლადუწმინდესობის, მსოფლიო პატრიარქის, ბართლომე I-ის კაპინეტში შეგვიძღვა. ის ინტერვიუ შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი ტელევიზიით გადაიცა, მე და მამა დოსითეოსი კი დღემდე ვმეგობრობთ. ათონის მთიდან სააღდგომო რეპორტაჟის მომზადება რომ გადავწყვიტე, დასახმარებლად მივმართე და ივერთა მონასტრის გადასაღებად შუამდგომლობაც ვთხოვე. პარალელურად, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ჩვენმა საპატრიარქომაც გამატანა შუამდგომლობის წერილი.

....

მოკლედ, ყველანაირი ნებართვა ავიღე და ოპერატორთან ერთად 4 დღით ათონის მთაზე გავემგზავრე.

ათონის 20 მონასტრიდან იერარქიულად პირველი - ათანასე დიდის მიერ დაარსებული დიდი ლავრაა; მეორე - ვათოპედის მონასტერი, სადაც ამჟამად 3 ქართველი ბერი მსახურობს; მესამე - ივერთა მონასტერი; მეოთხე - სერბული და ა.შ.

ოპიზის ოთხთავი

....

ათონის მთავარ მისადგომთან - დაფნისთან ბორნით 2 საათში მივცურეთ და იქიდან ავტობუსით ავედით ათონის დედაქალაქ კარიესში, საიდანაც სხვადასხვა მონასტრისკენ ირჩევ მარშრუტს. მომლოცველთა ერთ ნაწილთან ერთად სამარშრუტო ტაქსით 15-20 წუთში უკვე ივერთა მონასტერში ვიყავით. არც კი ვიცი, როგორ გადმოგცე, რა დამემართა: რაც უფრო ვუახლოვდებოდი შესასვლელს, მით უფრო მიჩქარდებოდა გული, თითქოს სხვანაირად ვსუნთქავდი. შესასვლელშივე ულამაზესი კოლონადაა და თითოეულ კედელს ვკოცნიდით... აბა, რა გითხრა, სასწაული ემოციაა... მთავარ შესასვლელშივეა ჩვენი წმინდანების - იოანე, ექვთიმე და გიორგი მთაწმინდელების შუშაში ჩასმული უზარმაზარი ფრესკა, მოპირდაპირე მხარეს კი, ფრესკაზე გამოსახული არის ქართველი გაბრიელ ბერი და ნათლის სვეტი, რომელიც ზღვის ტალღებზე მდგომი ივერიის ღვთისმშობლის ხატიდან გადმოდიოდა... ივერონის ბერებს შევატყვე, ჩვენ შესახებ იცოდნენ, იღუმენიც გამოგველაპარაკა ინგლისურად (წამოსვლისას დაგვლოცა კიდეც ამ იღუმენმა).

.....

ტრაპეზის შემდეგ დასასრულის მაუწყებელ ზარს შემოჰკრეს და ჯერ იღუმენი გავიდა, შემდეგ მონასტრის საძმო და ბოლოს ჩვენ - საერო პირები. ამის შემდეგ გამოაბრძანეს წმინდა ნაწილები, რომლითაც მართლაც გამორჩეულია ათონის მთა, მით უფრო - ივერთა მონასტერი... სამონასტრო ტიპიკონით ბერები ადრე იძინებენ და ღამით კვლავ იწყებენ ღვთისმსახურებას. ამიტომ პილიგრიმებიც ღამით გაგვაღვიძეს. კელიიდან გამოსულს საოცარი, მისტიკური სანახაობა დამხვდა - უტკბესი ბიზანტიური გალობის ფონზე მონასტრის უზარმაზარი კედლების, ანთებული სანთლებით მოარული შავანაფორიანი ბერებისა და მათი ლანდების შემყურეს, თავი შუა საუკუნეებში მეგონა. მეორე დღესა და აღდგომის ღამესაც ივერთა მონასტერში ვიყავი და მთელი ლიტანიობა გადავიღეთ.

თორნიკე ერისთავის აბჯარი

- ივერიის ღვთისმშობლის ხატს როდის მიეახლე?

- ლიტანიობის შემდეგ, კვირა დილით სასწრაფოდ ვათოპედის მონასტერში გავემგზავრეთ.

....

ვათოპედის მონასტერში წითელი კვერცხებიც ჩამოგვირიგეს, თევზით გახსნილებულ ტრაპეზსაც დავესწარით და კვლავ ივერონში დავბრუნდით - ბრწყინვალე სამშაბათს ივერიის ღვთისმშობლის ხატის გამობრძანებას უნდა დავსწრებოდით (ხატს წლის განმავლობაში მხოლოდ 3-4-ჯერ გამოაბრძანებენ ხოლმე). ეს რიტუალიც ძალიან სადღესასწაულო და დიდებული იყო. ჯერ მონასტრის საძვალეში ავედით და იქიდან, გარშემო, კილომეტრიანი რადიუსით მთელი მისი მიწები - დაახლოებით, 5-6 კმ შემოვიარეთ. ბოლოს ჩავედით ეგეოსის ზღვის ნაპირას, იმ ადგილას, სადაც ქართველი ბერი გაბრიელი ზღვიდან გამობრძანებულ ღვთისმშობლის ხატს შეეგება; სადაც შემდეგ წყარომ ამოხეთქა და ახლა პატარა ეკლესია დგას. შუადღეს სწორედ ამ ადგილის მოლოცვით სრულდება პროცესია. ლიტანიობისას იქ უამრავი ადამიანი იკრიბება და საკმაო ჩოჩქოლია, ამიტომ ყოველთვის ამოდის ათონის პოლიცია. ხატს ჰყავს საკუთარი მცველი-მსახური, ბერი, რომელიც წესრიგს ამყარებს, რადგან ყველა მომლოცველს სურს, მცირე ხნით მაინც ატაროს ხატი და ცდილობს, მის ერთ-ერთ სპეციალურ ბეჭის შესადგომელს შეეყუდოს. ორ ასეთ კაცს თვითონ მცველი ბერი არჩევს და მხოლოდ 3-4 წუთს ატარებინებს.

....

ივერიის ღვთისმშობლის ხატის ლიტანიობა კი გადავიღეთ, მაგრამ ჩვენი ვიზიტი მთავრდებოდა და საცავის გადაღების იმედიც გვეწურებოდა, თუმცა... ივერონში ორი საცავია: მუზეუმი, სადაც მთელი არტეფაქტები, ოქრო-ვერცხლი, ექსპონატები და ბიბლიოთეკაა, ასევე დამწერლობის იშვიათი ნიმუშები და ოშკის ბიბლიაა. ოპიზის ოთხთავი კი მუზეუმშია გამოფენილ-გადაშლილი. ბიბლიოთეკა იშვიათად იხსნება, მუზეუმის გადაუღებლად წამოსვლა კი ნამდვილად არ მინდოდა. რამდენიმე ქართველი ვიყავით და მათ შორის იყო ბერძნულის მცოდნეც. სწორედ მასთან ერთად გადავეყარე საცავის მცველ ბერს - ქრისტოფოროსს. ლამის დავუჩოქე, ისე ვეხვეწებოდი მუზეუმის დათვალიერებას. მერე ის ქართველი ბიჭი ბერძნულად შეევედრა და... გაჭრა. სასწრაფოდ დანარჩენ ქართველებსაც შემოვურბინე კელიებში და წამოვიყვანე. ქრისტოფოროსი ძალიან საინტერესო ამბებს გვიყვებოდა მუზეუმში დაცულ ნივთებზე და ძალიანაც მინდოდა მოსმენა, მაგრამ ეს ნივთები მანამდე არავის გადაეღო და ამიტომ შანსს ხელიდან ვერ გავუშვებდი - ყველაფერი გადავიღე: თორნიკე ერისთავის აბჯარი, ოპიზის ოთხთავი, პეტრე I-ის შემოწირული 40-კილოგრამიანი სახარება და რა აღარ! მსოფლიოს რამდენ მუზეუმში ვყოფილვარ, მაგრამ მსგავსი შთაბეჭდილება არსაიდან გამომყოლია...

იხილეთ სრულად

ირმა ხარშილაძე