"ქართული არც არასდროს დამვიწყნია" - ემიგრანტი ბიჭის გზა ქართული მარნიდან პარიზულ "მარნამდე" - კვირის პალიტრა

"ქართული არც არასდროს დამვიწყნია" - ემიგრანტი ბიჭის გზა ქართული მარნიდან პარიზულ "მარნამდე"

არქივი 2016-02-09

"მინდა, ქართველი მეუღლე მყავდეს"

ანსამბლი "მარანი" ხუთი ემიგრანტი ქართველის, ხუთი ფრანგის, ერთი ამერიკელისა და ერთი იტალიელის შემადგენლობით

ამ საოცრად საინტერესო და სასიამოვნო ადამიანს ქართულმა ხალხურმა სიმღერამ და ჩვენებურმა მარანმა შემახვედრა. წლებია, ტარიელ ვაჩაძე საფრანგეთში ცხოვრობს. ამბობს, არავინ იცის, ცხოვრება სად გადაგაგდებსო და ასეცაა: ჯერ 30 წლისაც არ არის და უკვე საკმაოდ საინტერესო ცხოვრებისეული გეოგრაფია აქვს - რამდენიმე ქალაქსა და ქვეყანაში მოუხდა ცხოვრება.

- დედა რუსი მყავს, მამა - ქართველი. დავიბადე მინსკში, მერე კი საქართველოში წამოვედით. 6 წლის ასაკამდე ვცხოვრობდი აფხაზეთში, გაგრაში; ომი რომ დაიწყო, 1992 წელს გადმოვედით თბილისში და სასტუმრო "აჭარაში" ვცხოვრობდით, ხოლო 2000-2001 წლების მიჯნაზე წავედით ჯერ ჰოლანდიაში და შემდეგ - საფრანგეთში. საბოლოოდ, სწორედ საფრანგეთში დავფუძნდით და დღემდე პარიზთან ახლოს ვცხოვრობთ. ასე რომ, საქართველოში მხოლოდ ყრმობა გავატარე. ფაქტობრივად, ოჯახის მთელი ფინანსური სახსრები ჩემს განათლებას მოხმარდა. საფრანგეთში სკოლის შემდეგ უნივერსიტეტი დავამთავრე და ახლა დოქტორანტი ვარ. სხვათა შორის, დედას პირველი ქორწინებიდან მინსკში უფროსი და მყავს, მამას პირველი ქორწინებიდან კი სანკტ-პეტერბურგში - უფროსი ძმა, რომელიც 4 წლის წინ თვითონ მოვძებნე და გავიცანი...

- ამდენ მოგზაურობაში ქართული ხალხური სიმღერის შესწავლა და შეყვარება სადღა მოახერხეთ?

- მამის გენის წყალობით - მთელი მისი ოჯახი მღეროდა, ვაჩაძეებიც და ბედელაძეებიც (ბებია ბედელაძე მყავდა). ორივე გვარი რაჭიდანაა, ვაჩაძეები ნიკორწმინდიდან, ბედელაძეები კი - სოფელ სხვავიდან. სახელი ბებიამ დამარქვა - ტარიელი მის ომში დაკარგულ ძმას ერქვა. პირველი სიმღერაც - "შინმოუსვლელო, სადა ხარ?" ბებიამ მასწავლა ფანდურზე. ორი წლის წინ ჩვენმა ანსამბლმა "მარანმა" მეორე დისკი ჩაწერა და მართალია, ოდნავ გადასხვაფერებული, მაგრამ ეს სიმღერაც შევიტანეთ. რასაკვირველია, ის ბებიაჩემის - ნაზიკო ვაჩაძე-ბედელაძის ხსოვნას მივუძღვენით.

- გაოცებული გისმენთ, რადგან თქვენი თაობის აქ გაზრდილი ბარე ბევრი ქართველი ვერ ლაპარაკობს ასე მოხდენილი ქართულით, როგორც - თქვენ. არადა, ცხოვრების დიდი ნაწილი საფრანგეთში გაატარეთ... საგანგებოდ შეისწავლეთ?

- დიდი მადლობა ასეთი შექებისთვის. ქართული არც არასდროს დამვიწყნია. ეს, უპირველესად, ოჯახის დამსახურებაა - მამა იყო ძალიან მომთხოვნი და შინ უცხოურ სიტყვას ვერ გავაჭაჭანებდით. დედასაც კარგად ესმის ქართული, საქართველოში ცხოვრებისას ლაპარაკობდა კიდეც, მაგრამ საფრანგეთში ქართული და ფრანგული ერთმანეთში აერია, ამიტომ მასთან რუსულად ვსაუბრობ, მამასთან - ქართულად. შინ კი, "მამას" რომ დავიძახებ, დედაც და მამაც რუსულ "დას" და ქართულ "ჰოს" ერთდროულად მპასუხობენ.

- ძალიან სასიამოვნოა უცხოეთში გაზრდილი ქართველის ასეთი კარგი ქართულის მოსმენა და არანაკლებ სასიამოვნოა თქვენი ნამღერი ქართული ხალხური სიმღერების მოსმენა. ვიდეოჩანაწერებში ჩანს, ხალხურ საკრავებზეც უკრავთ. მოდი, თქვენს "მარანზე" გვიამბეთ - როგორ შეიქმნა და ვინ არიან მისი წევრები?

- ანსამბლი დიდი ხნისაა, 1993 წელს ფრანგო-ამერიკელმა მუსიკისმცოდნემ, ფრანკ კეინმა დააარსა პარიზში. "მარანიც" მანვე უწოდა. ყურმოკვრით ვიცი, რომ ისე ძალიან მოსწონდა და უყვარდა ქართული ხალხური სიმღერა, ამერიკაში რომ ვერ იპოვა მისი შესწავლის მსურველები, საგანგებოდ ჩამოვიდა საფრანგეთში. ანსამბლის შესაქმნელად სარეკლამო განცხადება გაუკეთებია და უმეტესწილად, ფრანგები გამოხმაურებიან, შემდეგ კი ქართველებიც შეჰმატებიან, ძველი ემიგრანტების შთამომავლები. მათ შორის ყოფილა ოთარ პატარიძეც, ქართველი საზოგადო მოღვაწე საფრანგეთში. დღეს ფრანკ კეინი ანსამბლთან აღარ მუშაობს, მაგრამ ქართულ მუსიკალურ ბგერას ანუ ვოკალს და სწორ სუნთქვას მსურველებს ინდივიდუალურად ასწავლის. მე "მარანს" 2009 წელს შევუერთდი. ამჟამად მარანში ხუთი ემიგრანტი ქართველი ვართ, ხუთი - ფრანგი, ერთი - იტალიელი და ერთიც - ამერიკელი. თუმცა მე ორმაგი მოქალაქეობა მაქვს და იქაური წესით, ფრანგად მივიჩნევი. მოკლედ, ქართველიც ვარ და ფრანგიც.

- სად ატარებთ რეპეტიციებს და სად გამოდიხართ ხოლმე?

- 1921 წლის ქართველი ემიგრანტების მიერ დაარსებულ პარიზის წმიმდა ნინოს ეკლესიაში ვიკრიბებით ხოლმე კვირაში ერთხელ, ყოველ ოთხშაბათს და იქვე ვრეპეტიციობთ. ფრანგი პროდიუსერი გვყავს და კონცერტებსაც ვატარებთ. უკვე მესამედ ვაახლებთ პროგრამას და ორი კონცერტიც დავგეგმეთ საფრანგეთში - ერთი 5 მაისს გვექნება, მეორე - 2016 წლის ბოლოს, დეკემბერში.

- რეპერტუარს როგორ არჩევთ?

- ვხელმძღვანელობთ "გრამაფონის" მიერ XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს კუთხეებში ჩაწერილი ხალხური სიმღერებით, რომელსაც ავთენტურობას არ ვუკარგავთ, თუმცა საკუთარ ხელწერასაც ვატყობთ. იმპროვიზაციის უფლებასაც მხოლოდ ანსამბლის უფრო გამოცდილი წევრები ვაძლევთ თავს. 2013 წელს ჩავწერეთ დისკი, რომელსაც გაზაფხულზე გამოვცემთ და იმედია, მსმენელიც შეგვაფასებს.

- ქართველი კონსულტანტები არ გყავთ?

- კი, რასაკვირველია. პირადად მე, ჩემს გურული სიმღერის მასწავლებლად ვასიკო დოლიძეს მივიჩნევ, სწორედ მან შემაყვარა იმ კუთხის ფოლკლორი. "მარანი" კი სხვადასხვა პერიოდში საქართველოდან ყოველთვის იწვევდა ლოტბარებს და მათ შორის იყო ერთი წლის წინ გარდაცვლილი ლოტბარი, ზუგდიდის ანსამბლ "ოდოიას" დამაარსებელი ბატონი პოლიკარპე ხუბულავა, ასევე - ბატონი ოთარ ბერძენიშვილი, ბატონები გური და ტრისტან სიხარულიძეები, ფილფანების ოჯახი სვანეთიდან, რაჭველი ვაჟა გოგოლაძე, ანდრო სიმაშვილი კახეთიდან, მალხაზ ერქვანიძე. ამ უკანასკნელის ჩამოსვლას ახლაც ვგეგმავთ... ბოლო პერიოდში ანსამბლის კონსულტანტები, ძირითადად, ბგერაზე მუშაობენ, თორემ სიმღერების გარჩევას უკვე ჩვენც შეგვიძლია. ხალხური ინსტრუმენტებიც შევმატეთ ანსამბლს. საფრანგეთში ჩვენს ანსამბლს კარგად იცნობენ, იქაურ რადიოშიც უშვებენ ჩვენს სიმღერებს, პარიზის საოპერო თეატრშიც გამოვდივართ ხოლმე. ბატონი ოთარ იოსელიანის რამდენიმე ფილმშიც ვმონაწილეობთ... ასეთი მრავალფეროვანი ისტორია აქვს "მარანს". ახლა საქართველოს დიასპორის სამინისტროს კონკურსში ვმონაწილეობთ და 10 თებერვალს გვეცოდინება შედეგი - გამოვლინდება საზღვარგარეთ მცხოვრებ მამულიშვილებს შორის ქართული სიმღერების საუკეთესოდ შემსრულებელი.

- ტარიელ, რამდენიმე თვეა, საქართველოში ხართ. აქ რას საქმიანობთ?

- 2014 წელს პიკარდის უნივერსიტეტის თანამშრომელი გავხდი და საერთაშორისო სამართლისა და პოლიტმეცნიერების დოქტორანტი ვარ. ასოცირების ხელშეკრულებას ვიკვლევ და საქართველოში გარკვეულ ინფორმაციებს ვიძიებ, ევროპასთან დაახლოების პერსპექტივებს ვეცნობი. საქართველოს პარლამენტსა და ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში სტაჟიორად ვმუშაობ. სიმღერას აქაც ვახერხებ - ერთ-ერთ ახლადჩამოყალიბებულ გუნდში - "ოდაბადეში" ვმღერი. რა ვქნა? ასეა: ქართული ხალხური სიმღერა ჩემი განუყოფელი ნაწილია და სულიერად მამდიდრებს.

- გასაგებია, როგორი სიმღერა მოგწონთ, მაგრამ გოგონებზე რას იტყვით? - ვიცი, ჯერ არ დაოჯახებულხართ. აქ ხომ არ შეხვედრიხართ გულისსწორს?

- ჩემი საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანი ესეცაა (იცინის). მინდა, ქართველი მეუღლე მყავდეს. გოგონებს კატეგორიებად არ ვყოფ, მაგრამ... მთავარია, კარგი ოჯახისშვილი იყოს, მორწმუნე, თავმდაბალი (ამას ძალიან ვაფასებ), ერთმანეთს უსიტყვოდ ვუგებდეთ... მოკლედ, უმთავრესი მაინც დიდი სიყვარულია. ოჯახის სიმყარეც, ხომ, ამაზეა დამოკიდებული!

- პატარა კი იყავით, მაგრამ მაინც: რა გაგყვათ საქართველოდან?

- საქართველოს ნოსტალგია. ჩემი აქაური მამიდაშვილი - თამუნა მეუბნება ხოლმე, შენში ბევრი რამაა თავმოყრილიო და მართლაც ასეა. ჩემშია: ქართველი ბებიის დისციპლინა, ქართულის სიყვარული და დაფასება; დედას რუსული სულისკვეთება; მამას ტრადიციების სიყვარული - ამდენი ხნის წასულები ვართ და მაინც ყოველთვის საქართველოსკენ მომიწევს გული. ამიტომ პროფესიულ მომავალსაც საქართველოს ვუკავშირებ.

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)