"ჩუბჩიკა" - "მისი ცხოვრება მუდმივი სამწერტილი იყო..." - კვირის პალიტრა

"ჩუბჩიკა" - "მისი ცხოვრება მუდმივი სამწერტილი იყო..."

"ის იყო მხატვარი, რომლისთვისაც ხატვის გარეშე არ იყო სიცოცხლე, სიცოცხლე კი ხატვასთან ერთად ჰქონდა გათავისებული"

მხატვარი თენგიზ მირზაშვილი - "ჩუბჩიკა", ის ხელოვანია, რომელმაც თავისი ქვეყნის პალიტრაში უკვდავი, დაუძველებელი ფერები დატოვა. ის 1934 წლის 10 თებერვალს მესტიაში დაიბადა. ხატვის ნიჭი, რომელიც ღვთისგან ჰქონდა მინიჭებული, სამხატვრო აკადემიაში სრულყო, შემდეგ კი თავისი შემოქმედება მთლიანად ეროვნულ თემაზე ააგო. მუშაობდა წიგნის გრაფიკაში, აფორმებდა საბავშვო და მისთვის საყვარელი ქართველი პოეტების წიგნებს... იყო ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეის ერთ-ერთი დამაარსებელი.

თენგიზ მირზაშვილის ნახატები აღიარეს გერმანიის, კანადის, ავსტრიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების გამოფენებზე; ამავე დროს მისი შემოქმედების ნიმუშები რამდენიმე ქვეყნის მუზეუმებშია დაცული, მათ შორის ამერიკაში.

თენგიზ მირზაშვილმა მრავალი წელი მოანდომა ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების კვლევას, შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა წიგნი-ალბომი "ფიროსმანი", ეძებდა და აგროვებდა ფიროსმანის ნახატებს და სამშობლოში აბრუნებდა. ანუ აკეთებდა იმას, რაც ახლა ასე შეუძლებელი ჩანს. ერთ-ერთ ინტერვიუში ის ამბობდა: "რუს მწერალ კონსტანტინე სიმონოვსაც ჰქონდა ფიროსმანის ნახატები. მას ამ თემის გამო რამდენჯერმე ვესტუმრე. ერთხელ რეზო ინანიშვილიც მყავდა წაყვანილი. თავის აგარაკზე ჰქონდა ფიროსმანის ნახატები. ძალიან კარგად კი მიგვიღო, მაგრამ სასმელი არ შემოგვთავაზა.

გვითხრა, - ამ ნახატებს დავუბრუნებ საქართველოს, ოღონდ ასლები გამიკეთეთო. გავიკითხ-გამოვიკითხე, ვინ აკეთებდა ასლებს. მოვნახე ერთი მხატვარი, გვარად კუპრიაშინი და მივუყვანე. მივუყვანე, მაგრამ რად გინდა - სიმონოვი ნახატებს ვერ შეელია - მე სანამ ცოცხალი ვარ, მქონდესო. საწყალმა უკვე იცოდა, რომ სიმსივნე ჰქონდა. მერე ვესტუმრეთ მე და სოლიკო ხაბეიშვილი. იგივე გაგვიმეორა - ანდერძს ვწერ, რომ ეს ნახატები საქართველოს დაუბრუნდესო. ასლებზე ხმა აღარ ამოუღია. მოკლედ, ვერ შეელია.

ეს იყო "ბეგოს კომპანია" და "სააღდგომო ქეიფი"...

მერე სიმონოვი გარდაიცვალა. მისი ცოლი იყო ხელოვნებათმცოდნე ლუდმილა ჟადოვა. რამდენჯერმე შევხვდი. არაფერს ამბობდა, მაგრამ ვიცოდი, რომ უნდოდა გადმოეცა ფიროსმანის ნახატები. მერე ისიც კიბოთი აღესრულა. ბოლოს, კონსტანტინე სიმონოვის შვილმა, კატიამ ჩამოიტანა ის ნახატები და ჩვენს მუზეუმს გადასცა, - მამაჩემის სურვილი ასეთი იყოო.

ერთი არაჩვეულებრივი მხატვარი იყო, იგორ პოპოვი; მეუღლე კერამიკოსი და აკვარელისტი ჰყავდა, ალექსანდროვა. ამათ ჰქონდათ ფიროსმანის სამი ნახატი. მითხრეს, სანამ ცოცხლები ვიქნებით, ამ ნახატებს ჩვენ დავიტოვებთ და მერე დავაბრუნებთ საქართველოშიო. მერე საქართველოში ჩამოიტანეს ამ მხატვრების ნაქონი ფიროსმანის ორი ნახატი..."

თენგიზ მირზაშვილი იმ მხრივაც იყო საოცარი ხელოვანი, რომ ნახატებს უშურველად ჩუქნიდა ახლობლებს და იმ საზოგადოებას, რომელსაც აფასებდა. როდესაც მისი გარდაცვალების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გამოფენა მოაწყვეს, აღმოჩნდა, რომ მხატვარს მხოლოდ მათთვის 200 ნახატი მაინც ჰქონია ნაჩუქარი.

ბევრი მეგობარი ჰყავდა, თანაც, სულ სხვადასხვა ხასიათის და მისწრაფებების ადამიანებთან მეგობრობდა. ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია იხსენებს: "ვერ ვიტყვი, რომ მისი მეგობარი ვიყავი, თვითონ იყო დემოკრატიული ადამიანი, რომელიც ყველასთან ახერხებდა ურთიერთობას. არ იყო სნობი, უბრალო ადამიანებიც უყვარდა. იყო ძალიან გულისხმიერი, რაც ხელს არ უშლიდა, ყოფილიყო პრინციპული და თავისი მკვეთრი აზრი გამოეთქვა. საოცარი მოპყრობა იცოდა. სახელოსნოში რომ მიხვიდოდი, შეეძლო, შეშის ღუმელზე პური გაეფიცხებინა და მურაბით მოერთმია. ანდა ბიბლიოთეკაში დაწყებული საუბარი სადმე ახლოს, არც ისე მაღალი კლასის რესტორანში გაგვეგრძელებინა. გამოთქმა -"კაცი, რომელიც დააკლდა ქალაქს", ყალბი მეგონა. მაგრამ თენგიზი რომ გარდაიცვალა, ზუსტად ეს გრძნობა გამიჩნდა...

თენგიზ მირზაშვილის ნახატებიც საოცარ ემოციებს ასხივებს იმის მიხედვით, იქ რა არის დახატული. თუ შემოდგომაა - სიმწიფესა და ბედნიერებას; თუ ზამთარია, - სევდასა და სისპეტაკეს. აი, დაახლოებით ამგვარად: "შორს, შემაღლებულ კორტოხზე, ძველი ეკლესიის თუ ციხის ნანგრევები მოჩანს. გადაჭირხლული მთები ბრწყინავენ ზამთრის ბრჭყვიალა მზეში. ხან მქრქალი ლურჯი ბურუსი დაჰკრავთ. აქა-იქ თოვლი გატეხილია, მეზობელთან გადასულ კაცს თუ გაუკვალავს. ვიღაც ტყიდან ბრუნდება. თეთრ გორაკებზე ძროხები ჩანს შავად. ჯოხს დაყრდნობია პატრონი... თითქოს გრძნობ, რომ სუსხია, თოვლის სუნი ტრიალებს. სითეთრეა გამეფებული და ისეთი სიმშვიდეა და სევდა... ამ სევდაში პატარა სახლებში ალბათ მშვიდად და ლამაზად ცხოვრობენ ადამიანები. ყველა ოჯახი ზამთრისთვის მომარაგებულია. რომელიმე მეზობელთან შეშის ღუმელი ბუბუნებს, მიუსხდებიან და გრძელ ღამეებში ქვეყნის ამბებს არჩევენ, გემრიელ ამბებს იხსენებენ და დათბობას ელოდებიან. ზამთარი დგას გრძელი, ტკბილი, საყვარელი"...

ხატავდა ბევრს და სწრაფად, მაგრამ მერე დიდხანს ასწორებდა, ადგილზე არ ხატავდა, ესკიზებს არასოდეს აკეთებდა, დადიოდა, აკვირდებოდა... მერე მივიდოდა შინ და ხატავდა...

ახლობლებისთვის მისგან ნაჩუქარ ყველა ნახატს კი თავისი პატარ-პატარა ისტორია ახლდა. მაგალითად, ისეთი, როგორც ცნობილ მწერალს, ფოლკლორისტს, ვახუშტი კოტეტიშვილს შემთხვევია: ერთხელ მოსკოვში ყოფილან ის და "ჩუბჩიკა". ვახუშტი სადღაც მიდიოდა. რამდენ ხანში დაბრუნდებიო, - ჩუბჩიკას უკითხავს. ალბათ, ორ საათშიო. რამდენი სურათი გინდა, რომ დაგახვედროო? ვახუშტის უთქვამს, ათი-თხუთმეტიო. სამოც სურათს დავხატავო. კარგი რაო, - ხელი აუქნევია ვახუშტის... და მართლა ამდენი არ დაუხვედრებია? თან არ გეგონოთ, რომელიმე ნახატს ეტყობოდა ნაჩქარევობაო, - ამბობდა მერე ვახუშტი...

ვახუშტი ასეც ამბობდა: "ადრე, კომუნისტების დროს, უზენაესი საბჭოს საყრილობო კონცერტისათვის დაგვავალეს ფოლკლორული ბუკლეტის შედგენა. მე და თენგიზი მივუსხედით სამუშაოს. ალექსი ჭინჭარაულმა დაიგვიანა და იმ დროს მოგვევლინა, როდესაც საქმე თითქმის მოთავებული გვქონდა.

ჩვენი საყვედურების პასუხად ფარატინა ქაღალდი გადმოგვიდო, რომელზეც ეწერა:

"ზემოდან უბრძანებიათ: "შეგვიდგინეთო ბუკლეტი!"/ბუკლეტის შესადგენათა დამჯდარა ორი დუპლეტი./ერთ ჯინსით შემოსილია,/მეორე - პალტო ბუკლეთი,/მიველ და მეც მივუმატე კაფია ერთი კუპლეტი."

კრიტიკოსები კი ასე აფასებდნენ: "თენგიზს შეეძლო ეთქვა: "ვხატავ, მაშასადამე, ვარსებობ!" გააზრებული ჰქონდა თავისი დამოკიდებულება საკუთარი დროის, სოციალური დროის მიმართ. თავისუფალი, უქმად გასატარებელი დრო არასოდეს ჰქონია.

წერტილის დასასმელად ვერასოდეს იცლიდა; ხეირიანად ინიციალებსაც კი ვერ უსვამდა წერტილებს. მისი ცხოვრებაც მუდმივი სამწერტილი იყო..."

ეს "სამწერტილი" კი თენგიზ მირზაშვილისაგან სამყაროს უსარულო ხედვა იყო; ისეთი სიღრმისა, რომელშიც მხოლოდ ერთეულებს შეუძლია ჩახედვა. თენგიზ მირზაშვილი არასოდეს გაჩერებულა, მის ხელს არასოდეს დაუყოვნებია პალიტრის მოხატვა სიცოცხლის ბოლო დღეებშიც კი - ის იყო მხატვარი, რომლისთვისაც ხატვის გარეშე არ იყო სიცოცხლე, სიცოცხლე კი ხატვასთან ერთად ჰქონდა გათავისებული...

კაცი, რომელიც ნამდვილად დააკლდა თბილისს, 2008 წელს გარდაიცვალა და თბილისმა და ქართველმა საზოგადოებამ დიდუბის პანთეონში დაკრძლა...