"დირიჟორების მუდმივი დაპირისპირება როდესმე დამთავრდება?!" - კვირის პალიტრა

"დირიჟორების მუდმივი დაპირისპირება როდესმე დამთავრდება?!"

"ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი, რომლის გამოჩენა იმ სცენაზე არის დირიჟორის პროფესიის დისკრედიტაცია"

ორ ქართველ დირიჟორს, ნიკოლოზ რაჭველსა და ვახტანგ კახიძეს შორის ფარული დაპირისპირება, როგორც ჩანს, უკვე წლებია გრძელდება. ამის შესახებ ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ალაპარკდა. რამდენიმე დღის წინ მან პირად გვერდზე გაასაჯაროვა წერილი, რომელიც მისი თქმით, სამგვერდიანია და რომლის დედანიც კულტურის სამინისტროში ინახება. წერილს ხელს აწერს დირიჟორი ვახტანგ კახიძე, რომელიც თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში მემანიშვილის არ შეშვებას მისი არაპროფესიონალიზმით ხსნის.

"ნიკოლოზ რაჭველი პროფესიონალი დირიჟორისთვის აუცილებელ ვერცერთ პირობას ვერ აკმაყოფილებს და მიმაჩნია, რომ სადირიჟორო პულტისკენ მისი ასეთი დაჟინებული ლტოლვა და ამპლუაში თვითდამკვიდრების დაუოკებელი სურვილი, დირიჟორის პროფესიის დისკრედიტაცია და დიდი შეურაცხყოფაა. მიმაჩნია, რომ ამ პიროვნების მიერ საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის მთავარი დირიჟორისა და განსაკუთრებით მუსიკალური ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავება ყოვლად დაუშვებელია", - ეს ნაწყვეტია იმ წერილიდან რომელიც ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ვახტანგ კახიძემ კულტურის სამინისტროს მისწერა.

ამ საკითხს ნიკოლოზ რაჭველმა ვრცელი სტატუსი მიუძღვნა და წუხილი გამოთქვა, რომ თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში

ორკესტრს არ უთმობენ ადგილს.

ნაწყვეტი ნიკოლოზ რაჭველის "ფეისბუკსტატუსიდან:

"სად დავუკრავთ მალერის მუსიკას, რომელსაც ჭირდება მხოლოდ სიმფონიური მუსიკის დარბაზი შესაბამისი აკუსტიკით და მასშტაბური სცენით, რომელიც საბედნიეროდ ჩვენს ქალაქს აქვს, მაგრამ ჩვენ იქ არ გვიშვებენ... (ოფიციალურ მიზეზად სახელდება შემდეგი არგუმენტი: ნიკოლოზ რაჭველი არის უნიჭო, უგემოვნო და არაპროფესიონალი, რომლის გამოჩენა იმ სცენაზე არის დირიჟორის პროფესიის დისკრედიტაცია და ჯანსუღ კახიძის ხსოვნის შეურაცხყოფა! ამ სიტყვების ავტორი მუსიკოსი ვახტანგ კახიძე გახლავთ...)".

ორკესტრების ხელმძღვანელებს შორის არსებული დაპირისპირების გასანეიტრალებლად დეპუტატი თემურ ჭკუასელი ახალი ინიციატივით გამოვიდა. მისი თქმით, სახელმწიფოს მხოლოდ ერთი ორკესტრი უნდა ჰყავდეს, რომელსაც მაესტროები რიგ-რიგობით უდირიჟორებენ, პოზიციის გასამყარებლად კი ვენის ფილარმონიის ორკესტრის მაგალითი მოიშველია, რის შემდეგ დეპუტატი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს. ამ საკითხის თაობაზე მან "ფეისბუკში" კიდევ ერთი ვრცელი განმარტება გააკეთა:

"ჩემი საუბარი, რომლის დროსაც ერთი სიმფონიური ორკესტრის ,,იდეა’’ გავაჟღერე, არაკომპეტენტურად მონათლეს და სრულიად სამართლიანადაც...

მე უფრო მკაცრ შეფასებასაც გავიმეტებდი,მხოლოდ არაკომპეტენტური კი არა, მსგავსი, ,,იდეა’’ წმინდა წყლის უტოპიაა. მაშ რაშია საქმე?!

საქმე ის გახლავთ, რომ ასეთი პასუხით, მინდოდა საკითხის ირონიზირება მომეხდინა სულ მცირე იმ სამი პრობლემის გამო, რომელსაც ახლა წარმოგიდგენთ:

1.დირიჟორების (და არა მხოლოდ) მუდმივი დაპირისპირება და ურთიერთ მტრობა როდესმე დამთავრდება?!

2.საჭიროა კი ქვეყანაში იყოს იმდენი ორკესტრი, რამდენიც დირიჟორია, იმდენი თეატრი რამდენიც რეჟისორია, იმდენი ანსაბლი, რამდენიც ლოტბარია და თუ საჭიროა, მათგან რამდენი შეიძლება იყოს სახელმწიფოს ხარჯზე, ანუ რამდენს შეიძლება ერქვას სახელმწიფო თუ ეროვნული?!

(ქართული ხმები საკმაოდ პოპულარული იყო, მაგრამ არსებობის 30 წლის მანძილზე ერთი თეთრი არ აქვს მოთხოვნილი სახელმწიფოსთვის).

3. გვყავს კი ამდენი პროფესიონალი მუსიკოსი, თუ იმ ,,მომთაბარე’’ მომღერლების მსგავსად, რომლებიც რამდენიმე ანსამბლში ერთდროულად ახერხებენ სიმღერას, სიმფონიური ორკესტრებშიც იგივე ხდება?! (მესმის რომ უჭირთ და იმიტომ!)

აი, ყველაფერ ამაზე ჩაღრმავებას ვამჯობინე იოლად გავსულიყავი და ირონიზირებული პასუხი გამეცა ჟურნალისტებისთვის. როგორც ჩანს კარგად ვერ მოვახერხე ეს და დავიმსახურე კიდეც კრიტიკა. ესაა და ეს."