50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია - კვირის პალიტრა

50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია

მარტიდან , "გამომცემლობა პალიტრა L" , წიგნების ახალი სერიის, სახელწოდებით "50 პერსონა - მათ შექმნეს ისტორია" , გამოცემას იწყებს.

ახალი სერია გამოვა ყოველთვიურად ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად და ცნობილი ისტორიული პიროვნებების ბიოგრაფიებს შეეხება.

ჟურნალთან ერთად გამოვა წიგნები, რომელიც ყველა თაობის წარმომადგენელს ერთნაირად დააინტერესებს. გვესაუბრება "გამომცემლობა პალიტრა L"-ის მთავარი რედაქტორი ნინო დეკანოსიძე.

- წიგნები ადრეც ახლდა ჟურნალ "ისტორიანს" და ეს შეთავაზება კვლავაც მკითხველის თხოვნით განახლდება. სხვადასხვა ჟანრის წიგნი ჩვენს სხვა არაერთ პერიოდულ გამოცემასაც უკვე რამდენიმე წელიწადია ახლავს და გამოცდილებამ აჩვენა, რომ პროექტი მკითხველის დიდ მოწონებას იმსახურებს. "ისტორიანს" შესაბამისი პროფილის წიგნები მოჰყვებოდა: ქართული ისტორიული რომანები, რომელიც სიმბოლურად ვახტანგ ჭელიძის "ქართლის ცხოვრების ქრონიკებით" დავასრულეთ. რამდენიმე თვემ განვლო და ამ ხნის განმავლობაში სულ ვფიქრობდით, რომელი წიგნები გამოიწვევდა მკითხველის ინტერესს. რასაკვირველია, უპირატესობა ისტორიულ ჟანრს ენიჭებოდა, თუმცა განვიხილავდით სხვა ვარიანტებსაც. მაგალითად, გვსურდა მხატვრული ლიტერატურისა და ისტორიის ერთმანეთთან დაკავშირება; ცნობილი უცხოელი მწერლების ისტორიულ რომანებზე სოციოლოგიური კვლევაც მოვაწყვეთ. ბოლოს, ბიოგრაფიებზე შევჩერდით, თუმცა პოლიტიკოსებითა და ისტორიული მოღვაწეებით არ შემოვიფარგლებით, გვექნება დიდი მწერლების, ისტორიკოსების, ფიზიკოსების ბიოგრაფიები და სხვ. ამ თვიდან, ანუ მარტიდან, დაიწყო ბიოგრაფიების სერია იმ 50 პერსონისა, რომელთაც მსოფლიო შეცვალეს. ესენი იქნებიან სხვადასხვა პროფესიის, სხვადასხვა ეპოქებში მცხოვრები ცნობილი ადამიანები. პირველი წიგნი ქრისტეფორე კოლუმბის ბიოგრაფიას მიეძღვნება. მან ახალი სამყარო აღმოაჩინა, რამაც მსოფლიო ისტორიის მდინარება რადიკალურად შეცვალა.

- ამბობთ, რომ წიგნები ახალგაზრდა თაობისთვისაც მიმზიდველი იქნება...

- მინდა გითხრათ, რომ ეს არ იქნება "მოსაწყენი" ბიოგრაფიები. წიგნის ზედმიწევნით მოყვარული უნდა იყოს მკითხველი, რომ მეტ-ნაკლებად მშრალ ბიოგრაფიას ჩაუღრმავდეს და სქელტანიანი ნაწარმოებები თავიდან ბოლომდე წაიკითხოს. ჩვენი სურვილია, დაინტერესდნენ და წიგნები წაიკითხონ ახალგაზრდებმაც. ჩვენი სერიის ბიოგრაფიები იქნება ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობილი, უფრო ბელეტისტრიკის ტიპისა, მხატვრული ლიტერატურის ელემენტებითა და ცხოვრებისეული ეპიზოდებით გაჯერებული - ყველაფერი, რაც იყო ამა თუ იმ ცნობილი ადამიანის ცხოვრებაში, დასამახსოვრებელი და საეტაპო პერიოდები, აგრეთვე სახასიათო დეტალები.

ქრისტეფორე კოლუმბის ბიოგრაფიას უინსტონ ჩერჩილის მოჰყვება. ჟურნალ "ისტორიანის" ხელმომწერებს შორისაც მოვაწყვეთ კვლევა და საყურადღებო შედეგი მივიღეთ: მათ აინტერესებთ იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესა და მიგელ დე სერვანტესის ცხოვრება. ამიტომაც უინსტონ ჩერჩილის შემდეგ სერვანტესის ბიოგრაფია გამოვა. მისი ცხოვრება მართლაც გამორჩეული იყო: როგორც ბოლოს ცნობილი გახდა, იგი მეკობრეებმა მოიტაცეს (ამის შესახებ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ეწერა და ბევრმა მკითხველმა აქედან გაიგო, ბევრმაც ალბათ იცოდა)... მოკლედ, გიამბობთ იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც გვაინტერესებს, მათზე ბევრი რამ გაგვიგია და უფრო მეტი გვინდა გავიგოთ. ჩვენ შევეცდებით, ნახევრად სამეცნიერო ბიოგრაფიები უფრო სხარტად და საინტერესოდ გიამბოთ... პროექტის ერთ-ერთი ავტორი გახლავთ მარი ჯაფარიძე. ასევე ვეძებთ იმ ავტორებს, რომელთაც კალამი უჭრით და სურთ ამ პროექტში მონაწილეობა.

- რა ეღირება ახალი პროექტის წიგნები?

- როგორც ყოველთვის, ფასი მინიმალური იქნება. შეძლებს მათ შეძენას ყველა მსურველი. ჟურნალ "ისტორიანის" მკითხველი კი, როგორც ყოველთვის სპეციალურ ფასად მიიღებს.