"რუკაზე მონიშნავს იმ ტერიტორიას, სადაც ნაღმია და გააუვნებლებს მას" - დისტანციური გამნაღმველი ახალგაზრდა გამომგონებლებისგან - კვირის პალიტრა

"რუკაზე მონიშნავს იმ ტერიტორიას, სადაც ნაღმია და გააუვნებლებს მას" - დისტანციური გამნაღმველი ახალგაზრდა გამომგონებლებისგან

"მას შეუძლია მიწის ქვეშ 4 მეტრზე ავტომატურად "წაიკითხოს" ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია და დისტანციურად განაღმოს ის. ეს ხდება დროის უმცირეს მონაკვეთში და ცდომილება თითქმის გამორიცხულია. ამ შემთხვევაში ნაღმი გაუვნებელყოფილია და საფრთხეს არც შემდეგ წარმოადგენს"

ჩვენს მკითხველს ალბათ ახსოვს ახალგაზრდა ახალციხელი ქართველი გამომგონებლები, რომლებიც შარშან "ნასას" ყურადღების ქვეშ მოექცნენე. (იხილეთ: ბიჭები მომავლიდან - ახალციხელი მოსწავლეების გამოგონებას NASA-ში ელოდებიან) ირაკლი კაპანაძისა და კარლო ხუციშვილის ინოვაციური გამოგონება მულტიკლიმატიზატორი "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს" მიერ განხორციელებული "ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის" გამარჯვებული გახდა, რის შემდეგაც ქართველი მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში მიიწვიეს.

როგორც კარლო ხუციშვილი ჩვეთან საუბარში ამბობს, ამჯერად ის თავის მეგობრებთან ერთად, დისტანციურ გამნაღმველზე მუშაობს:

- ყველამ ვიცით, რომ ჩვენი სახელმწიფო ჩართულია სამშვიდობო მისიებში და ჩვენ ჯარისკაცებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში უწევთ ყოფნა, სადაც ნაღმზე აფეთქების შედეგად არაერთი დაიღუპა და დაშავდა... არ გვაქვს ამბიცია, რომ ჩვენი გამოგონება ამ პრობლემას ამოწურავს, მაგრამ გვაქვს იმედი, რომ მის მოგვარებაში მცირედი წვლილის შეტანა შეგვიძლია და ეს პროექტი LIFESAVER- ს სიცოცხლის შემნარჩუნებელს ნიშნავს და გამოყენების შემთხვევაში, მნიშვნელოვნად შეამცირებს როგორც ადამიანურ, ასევე სამხედრო ტექნიკის, საინჟინრო ობიექტების და მოძრავი ტექნიკის დანაკარგს.

- როგორი იქნება ამ დანადგარის  ფუნქცია?

- მოწყობილებოს მოდელი აიპადით იმართება და ამა თუ იმ კონკრეტულ ადგილზე გადაიფრენს და სპეციალური პროგრამის საშუალებით რუკაზე მონიშნავს იმ ტერიტორიას, რომელზეც ნაღმია ჩადებული. მას შეუძლია მიწის ქვეშ 4 მეტრზე ავტომატურად "წაიკითხოს" ნაღმის არსებობის შესახებ ინფორმაცია და დისტანციურად განაღმოს ის. ეს ხდება დროის უმცირეს მონაკვეთში და ცდომილება თითქმის გამორიცხულია. ამ შემთხვევაში ნაღმი გაუვნებელყოფილია და საფრთხეს არც შემდეგ წარმოადგენს.

- რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ ცდომილება გამორიოცხულია?

- ჩვენი მოწყობილობის მაკეტი უკვე დავტესტეთ მცირე მანძილზე და ზუსტი შედეგი მოგვცა. მისი სრულყოფილების შემთხვევაში, შედეგი გაუმჯობესდება, ანუ დიდი მანძილზე შეძლებს მუშაობას... ეს პროექტი გამოტანილი გვქონდა "ლეონარდო და ვინჩის" გამომგონებელთა და მკვლევართა კონკურსის გამოფენაზე, სადაც ფინალში გავედით და ჟიურის მოწონებაც დავიმსახურეთ. მაშინ ჩვენი პროექტით ბიზნესმენებიც დაინტერესდნენ, მაგრამ ჯერჯერობით მისი დაფინანსების საკითხი არ დამდგარა. ძალიან გვინდა, თავდაცვის სამინისტროს დავუკავშირდეთ და ეს პროექტი გავაცნოთ.

- ვისთან ერთად მუშაობდით ამ პროექტზე?

- ჩემს მეგობართან, თორნიკე მაზმიშვილთან და ჩემს დასთან, ანა ხუციშვილთან ერთად. იდეა დიდი ხნის მოფიქრებული გვქონდა, მაგრამ დრო არ გვქონდა რათა მასზე საფუძვლიანად გვემუშავა. მას შემდეგ, რაც მე დავიწყე რაღაცების გამოგონება, ისინიც დაინტერესდნენ, ერთად ვაგროვებდით ინფრომაციას და შემდეგ ერთმანეთში ვაჯერებდით... თორნიკე კადეტთა ლიცეუმში სწავლობს. მე ამჟამად კომაროვის სკოლაში რობოტექნიკას ვასწავლი. გასულ წელს წლის საუკეთესო გამოგმონებლის სტატუსი მომენიჭა და კომაროვის ლაბორატორიაში მუშაობის საშუალებაც მომეცა, რაც ძალიან დიდი შეღავათია ჩემთვის. ზოგ რამეს სახლშიც ვაკეთებთ, მაგრამ უმეტეად მაინც შესაბამის გარემო და მოწყობილობა გვჭირდება. პარალელურად, კიდევ რაღცებზე ვმუშაობთ, მაგრამ მთავარია ეს პროექტი მივიყვანოთ ბოლომდე. დახვეწა სჭირდება....

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)