"სამწუხაროდ, არასდროს უთქვამს ჩემთვის: მიყვარხარო"! - გოგი დოლიძის სიცოცხლის სიმღერა, სახელად, სიყვარული - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, არასდროს უთქვამს ჩემთვის: მიყვარხარო"! - გოგი დოლიძის სიცოცხლის სიმღერა, სახელად, სიყვარული

"8 მარტს გოგი რეზიდენციაში არ მისულა - იმ დილით გარდაიცვალა"

"ვხედავ, გოგი თავისი განუყრელი ლაბადით ცალ მუხლზე დაჩოქილა, ხელზე გადაბრუნებული გიტარა დაუდევს და გიტარაზე კი ურიცხვი ლურჯი ია დაუწყვია"

"1996 წელი იყო. ბარნოვზე კაფის გახსნა გადავწყვიტე, გოგის კი მხოლოდ პრეზენტაციის წინ შევატყობინე. მეჩხუბა, რა დროს კაფის გახსნა იყოო, მერე კი დამპირდა, 7 მარტს ვბრუნდები თბილისში, 8-ში სამთავრობო რეზიდენციაში ვმღერით, ამის შემდეგ შენთვისაც მოვიცლიო... 8 მარტს გოგი რეზიდენციაში არ მისულა - იმ დილით გარდაიცვალა. ჩემი კაფე კი მხოლოდ 3 თვის შემდეგ გაიხსნა... გოგის გარეშე...", - ფილოლოგი, მომღერალი და სიმღერის პედაგოგი გვანცა შალამბერიძე წლების შემდეგაც ცრემლმორეული იხსენებს ახალგაზრდა კაცს, რომლის დაღუპვის ამბავმაც ელდასავით დაუარა მთელ საქართველოს; რომელმაც დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი აატირა და რომელიც მთელ საქართველოს დააკლდა. 20 წლის წინ, 8 მარტს გოგი დოლიძე გარდაიცვალა!

გვანცა შალამბერიძე:

- იმხანად ბავშვთა ფონდის გაზეთში ვმუშობდი. გოგის ჩაწერა მინდოდა და შესათანხმებლად დავურეკე. კარგად მახსოვს, 1988 წლის 18 ოქტომბერი იყო. თვითონ დაგიკავშირდებიო და, - მეორე დღეს შინ მეწვია. ისე შინაურულად იქცეოდა, მეგონა, დიდი ხნის მეგობრები ვიყავით. ჩემი მშობლები და მეგობრებიც გავაცანი. ჩაწერას, რა თქმა უნდა, სუფრა მოჰყვა და... ასე დაგვათენდა - ბოლო სიმღერა მე და გოგიმ დილის შვიდის ნახევარზე შევასრულეთ. მალევე დავმეგობრდით.

როგორი იყო გოგი?

ძალიან მიყვარს თოვლი და ეს ყველამ იცოდა, მათ შორის - გოგიმაც. იმ წელიწადს თბილისში ზამთარი უთოვლოდ გადიოდა და ცუდ გუნებაზე ვიყავი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის საღამოს განყოფილებაზე ვსწავლობდი და ლექციები ღამის 10 საათზე მიმთავრდებოდა. ერთ-ერთ უთოვლო საღამოსაც უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, ლექციაზე შევედი და იქიდან გამოსული, კიბეზე გავშეშდი - ულამაზესად ბარდნიდა. ეიფორიიდან მანქანის სიგნალმა და გოგის ხმამ გამომაფხიზლა: მამა (გოგი ახლობლებს ასე მიმართავდა), ფეხი არ მოიცვალო, ახლავე მოვბრუნდებიო - თავისი მეგობრის, თამაზ ელიავას მანქანით იყო. ჩაჯდომისთანავე მითხრა, შინ დარეკე და გააფრთხილე, რომ ჩემთან ერთად ხარ და დაგაგვიანდებაო. ვიფიქრე, საქეიფოდ მივდივართ-მეთქი, თუმცა არც ჰქონდა მნიშვნელობა, სად წავიდოდით, ცუდ ადგილას ხომ არ წამიყვანდა? დედას დავურეკე და წყნეთისკენ განვაგრძეთ გზა. ქვემო წყნეთს გავცდით და გოგიმ ტყისკენ შეუხვია, ცხვირით თბილისისკენ მოაბრუნა მანქანა, გაჩერდა და ფარები აანთო. უცებ მეკითხება: არ გაინტერესებს, აქ რატომ ვართო? - ისეთი სილამაზეა, ეგ ნაკლებად მაინტერესებს-მეთქი, - ვუპასუხე. - სწორედ მაგ სილამაზის საყურებლად წამოგიყვანეო, - გაიღიმა, მანქანიდან გადავიდა, საბარგულიდან გიტარა ამოიღო, ჩაჯდა და დაიწყო ჯანო კახიძის "მოვა მაისი". აღარც გაჩერებულა. დაუსრულებლად მღეროდა, მე კი გაოგნებული და აღფრთოვანებული ვუსმენდი. მალე ხმასაც ავუწიე, ბოლოს მთელ ხმაზე ვმღეროდით და ასე გაგრძელდა დილის 6 საათამდე. ასეთი იყო გოგი...

მახსოვს, ძალიან წუხდა, მის ერთ-ერთ თანამშრომელს შინ ტელეფონი რომ არ ჰქონდა. ისეთი დრო იყო, წლობით რიგში უნდა ყოფილიყავი, რომ დაგედგა. გოგი მივიდა კავშირგაბმულობის სამინისტროში და ტელეფონი ურიგოდ დაადგმევინა, თან ითხოვა, მე არსად მახსენოთო. მისი თანამშრომელი შოკში ჩავარდა და პირველად სწორედ გოგის მიახარა ტელეფონის ამბავი. მგონი, დღემდე არც იცის, ვისი დამსახურებით ერგო ტელეფონი.

"ერთი იმ იათაგანი დღესაც შენახული მაქვს"

ჩემს ერთ-ერთ დაბადების დღეს 30-მდე მეგობარი მეწვია, გოგი კი ვერსად ვიპოვე - ძალიან მინდოდა, ისიც ყოფილიყო. მახსოვს, ხინკალს ვიღებდი ქვაბიდან, შემოსასვლელის კარი რომ გაიღო (ჩვენთან ზარს არც რეკავდნენ, რადგან კარი არასდროს იკეტებოდა) და გოგის ხმა მომესმა, მამაჩემს ეუბნებოდა: არ დამპატიჟა, მამიკო, თქვენმა შვილმა და ჩემო "ხოდით" მოვედიო. გავედი და რას ვხედავ - გოგი თავისი განუყრელი ლაბადით ცალ მუხლზე დაჩოქილა, ხელზე გადაბრუნებული გიტარა დაუდევს და გიტარაზე კი ურიცხვი ლურჯი ია დაუწყვია: მამა, გიტარა თავის პატრონიანად დღეს შენს განკარგულებაშიაო, - გაბრწყინებული სახით მითხრა... ერთი იმ იათაგანი დღესაც შენახული მაქვს, იმ ღამეს კი მაგრად მოვილხინეთ.

როგორი იყო მოწყენილი, სევდიანი გოგი? იდაყვებით დაეყრდნობოდა მაგიდას, ხელის გულებს სახეზე შემოიწყობდა და დუმდა - იმ წამს მიუხვდებოდი უგუნებობას - ფაქიზი სულის ადამიანი იყო და შეიძლება ვიღაცის დაუკვირვებელ ნათქვამს გაეფუჭებინა მისთვის განწყობა. არადა, მისგან ნაწყენი კაცი არ მეგულება...

ატირებული გოგი დოლიძე

ატირებული გოგი მთელმა საქართველომ ნახა ფილარმინიის სცენაზე, "ისევ მტკივა მორჩენილი იარას" რომ მღეროდა, ხოლო განსაკუთრებულად შემაძრწუნებელი სახე გია ჭირაქაძის შვილის დაკრძალვაზე ატირებულს ჰქონდა. ერთხელ ჩემს სახლშიც იტირა, ჩემს ოთახში მარტონი ვიყავით - დედამისის, დეიდა ქეთოს ავადმყოფობის გამო ნერვიულობდა. გოგი ყველაფერს მიყვებოდა, ერთადერთი, მეუღლესა და ვთქვათ, მეგობარ ქალთან დაკავშირებულ ამბებსა და ოჯახის დანგრევით გამოწვეულ განცდებზე არ ლაპარაკობდა. მეც არასდროს ვეკითხებოდი, თუმცა, იქნებ, ძალიანაც მაინტერესებდა... არადა, როგორი ახლობლები ვიყავით! ხშირად წავსულვართ ერთად ბაზარში, მისი ვაჟისთვის, ლევანჩოსთვის რაღაცების საყიდლად. ჩვენი შვილები ვაკის პარკშიც გაგვისეირნებია ერთად. მახსოვს, გარჩეულ მზესუმზირას უყიდდა ხოლმე და ეტყოდა, ჯერ მტრედებს აჭამეთო. მერე ჩამოვთვლიდით, ვის უფრო გემრიელი კერძი ჰქონდა შინ და იქ მივდიოდით...ყველაფერი საუკეთესო, ადამიანური იყო გოგიში და ალბათ იმიტომაც მღეროდა ასე განსაკუთრებულად.

ჩემიც და სხვისიც!

რა ერქვა ჩვენს ურთიერთობას?"ძმაკაცობა" - ნამდვილად არა... ვფიქრობ, ჩვენს მეგობრობას უფრო "სიმღერა" ერქვა. მე თითქმის პათოლოგიურად, არაჯანსაღად მიყვარდა სიმღერა, ისე, რომ "ქართული ხმების" რეპეტიციის გამო უნივერსიტეტში აკადემიურის აღებაც კი მომიხდა. საზღვარგარეთის ლიტერატურის ისტორიის გამოცდის ბოლო ვადა მქონდა, 2 საათზე დამინიშნეს და მაინცდამაინც იმ დღეს, 12 საათზე დამირეკა გოგიმ: თუ გცალია, ბევრი სასიარულო მაქვს და გამომყევიო - გამოცდის ამბავი არ იცოდა. ყველაფერი მოილია და უცებ მეუბნება: გინდა 2 საათზე "ჟურნალისტის" (მათ ანსამბლს მაშინ ასე ერქვა) რეპეტიციას დაგასწროო? ვიცოდი, ქართული საგალობლის საღამოსთვის ემზადებოდნენ და უნიკალურ საგალობლებს სწავლობდნენ. რეპეტიციაზე დასწრება იოლი საქმე არ იყო და... უყოყმანოდ დავთანხმდი. შინ დაბრუნებულმა მამას კაბინეტში შევაკითხე: გამოცდაზე არ მივედი, სირცხვილია ჩემი კურსზე დარჩენა (ძალიან კარგად ვსწავლობდი) და ძალიან გთხოვ, რამე მომიხერხე, აკადემიური რომ გამიფორმონ-მეთქი. მამა გაფითრდა, მაგრამ რას იზამდა?!

მაშინ უნდა იმღერო, როცა სხვებს ემღერებათ

ერთხელ სადღაც ვქეიფობდით. ყველამ გვთხოვა, იმღერეთო. ყელი მაწუხებდა, მივხვდი, ცუდად ვიმღერებდი და ვიუარე. გოგიმ იმღერა, მერე აივანზე გავიდა და მეც გამიხმო: რას გეტყვი, მამიკო, იცი? მაშინ უნდა იმღერო, როცა სხვებს ემღერებათ, თორემ კაცს თვითონ რომ მოესურვება, ისედაც იმღერებს. და თუ ამის გაკეთება არ გინდა, ადექი და აქედან წაბრძანდიო.შ ევიძურწე ოთახში და ბევრიც ვიმღერე - ვიცოდი, გოგი მართალი იყო. გოგიმ ისიც მასწავლა, უნიჭოდ, მაგრამ გულით მომღერალი კაცი არ გამეჩერებინა და სიმღერაშიც კი ავყოლოდი.

- ბევრ ქალს უყვარდა?

- მე რაც ვიცი, ბევრს. ამით გოგი არასდროს სარგებლობდა. ცოდნითაც, ისევ იმ ქალებისგან ვიცოდი, თორემ, ხომ გითხარი, ასეთ თემაზე ჩემთან არ ლაპარაკობდა. შეიძლებდა ფიქრობდა, რომ ამით ქალურ თავმოყვარეობას შემილახავდა; შეიძლება, ზოგადად, საჭიროდ არ მიაჩნდა თავის გატაცებებზე ჩემთან საუბარი - ის ხომ არ მეძმაკაცებოდა, ამიტომ გოგისთან ყოველთვის ქალად ვგრძნობდი თავს. ჩემდა უნებლიედ, ყოველთვის ვკეკლუცობდი, მას კი ქალთან მოქცევა არასდროს ეშლებოდა. ასე იყვნენ სხვებიც. და ამას ფლირტი ნამდვილად არ ერქვა. სულ მეგონა, რომ ზედმეტ რომანტიკულობას როცა ამჟღავნებდა, თუნდაც ისეთს, წყნეთსა და თოვლზე რომ გიამბეთ, სწორედ მაშინ იყო შეყვარებული.

- არასდროს დაეჭვებულხარ, რომ "ის ქალი" შენ იყავი?

- ასე რომ ყოფილიყო, ვფიქრობ, მეტყოდა...

- შენც უპასუხებდი: კი, გოგი?

- აუცილებლად. ნებისმიერი ქალი ასე მოიქცეოდა, რადგან შეუძლებელია, ადამიანს, რომელიც ასე მღერის სიყვარულზე, სიყვარულით არ უპასუხო. ასე ხომ, სხვას არავის უმღერია?! ასე მღეროდა გოგი, რომელსაც სამწუხაროდ, არასდროს უთქვამს ჩემთვის: მიყვარხარო!

- გოგისთან გადაღებულ ფოტოს რატომ ჩამოაჭერი შენი სახე?

- აქ გოგი ძალიან მთვრალი და მართლაც, სიმღერაში ჩაძირულია, მე კი ცუდად გამოვიყურებოდი... მაშინ ხომ ვერ წარმოვიდგენდი, რომ გოგი ასე მალე წავიდოდა? კიდევ ბევრ რამეზე მწყდება გული. ერთხელ მასთან, ტელევიზიაში ვიყავი და მთხოვა: სტუდია თავისუფალია და მოდი, დუეტი ჩავწეროთო, მე კი ვიუარე. თუმცა ქეიფისას ჩაწერილი ბევრი კასეტა მაქვს. და კიდევ მაქვს ფოტოები, რომელიც სხვას არ აქვს...

- გვანცა, რა სიმღერით იყო გოგი შენი?

- "შენი მოსვლა მზის ამოსვლა მგონია, შენი ქება ზღაპრად გამიგონია"...

ირმა ხარშილაძე