"კომისარიატიდან მაგდებდნენ, სახლში წადი, ბავშვი ხარო, მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე" - 14 წლის ქართველი გავროში - ბიჭს სოხუმის დაცემამდე პოსტი არ მიუტოვებია - კვირის პალიტრა

"კომისარიატიდან მაგდებდნენ, სახლში წადი, ბავშვი ხარო, მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე" - 14 წლის ქართველი გავროში - ბიჭს სოხუმის დაცემამდე პოსტი არ მიუტოვებია

"კვირის პალიტრის" არქივი, 2016 წელი

"არასოდეს მინანია ომში წასვლა. მე იქ ისეთი საძმო და მეგობრები გავიჩინე, დღემდე მეამაყება ცოცხლებიც და დაღუპულთა სულებიც"

"სამშობლოს ვიცავდით, თან, ასე ვთქვათ, შურდულებითა და ხის თოფებით ვიბრძოდით, მაგრამ მაინც დავიცავით სოხუმი..."

ჰიუგოს მოთხრობის პერსონაჟისგან განსხვავებით, ქართველ გავროშად მონათლული გიორგი ბურაშვილი, საბედნიეროდ, ომის ტრაგიკული სახე არ გამხდარა, თუმცა ომის ცხოვრებას პატარა მეომარი ბიჭისთვის არც ნაკლები დაღი დაუსვამს. კომისარიატიდან ასაკის გამო ბევრჯერ გამოაგდეს, მაგრამ იმდენი ქნა, მაინც წავიდა აფხაზეთში საბრძოლველად.

14 წლის ბიჭს სოხუმის დაცემამდე იარაღი და პოსტი არ მიუტოვებია და პირნათლად მოიხადა სამშობლოს წინაშე ნაკისრი მოვალეობა. ბრძოლის ველისგან განსხვავებით, ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩრდილში დგომა მირჩევნიაო, გიორგი თავდაპირველად უარობდა, ბოლოს მაინც დაგვთანხმდა ინტერვიუზე.

გიორგი ბურაშვილი: - 14 წლის ვიყავი, როცა თბილისის ომში წავედი. ასე რომ ვთქვათ, სამოქალაქო ომიდან დაიწყო ჩემი საბრძოლო ცხოვრება. ოჯახი წინააღმდეგი იყო, მაგრამ გადაწყვეტილება მაინც მივიღე. ჩავთვალე, რომ ჩემი წასვლა აუცილებელი იყო და უბნელებთან - გლდანელებთან ერთად აფხაზეთში გავეშურე საომრად. კომისარიატიდან მაგდებდნენ, სახლში წადი, ბავშვი ხარო, მაგრამ მაინც ჩემი გავიტანე.

პირველად ოჩამჩირეში ჩავედი, 24-ე ბრიგადაში ვიბრძოდი, რომლის გენერალიც ცხონებული ბუთხუზა თოფაძე იყო. ვიყავი სპეცრაზმშიც, სადაც ირაკლი ამირეჯიბიც, ბატონი ჭაბუას ვაჟი, იყო.

- ომში "გავროშა" შეგარქვეს, თუმცა იმ პერსონაჟისგან განსხვავებით, საბედნიეროდ, თქვენთვის ომი ტრაგიკული შედეგის გარეშე დასრულდა.

- ალბათ, მასავით კარგი და მამაცი ბავშვი რომ ვიყავი, იმიტომ შემარქვეს ეს სახელი. ერთმა თანამებრძოლმა "მომნათლა, რომელსაც ჩელენტანოს ვეძახდით, და ეს სახელი დღემდე მომყვება. გავროში თუ კურკებს აგროვებდა, მე ტყვიებს ვაგროვებდი, თან ვომობდი, თან იარაღი და ტყვია-წამალი მიმქონდა ნაწილში. თანამებრძოლები ისე მეპყრობოდნენ, როგორც პატარა ძმას. პოლკის შვილი ვიყავი.

- ომი სავსეა შემზარავი და სასტიკი მომენტებით, რაც მოზარდის ფსიქიკაზე უფრო მძაფრად აისახება..

- მზარავს იმ პერიოდის გახსენება. ომმა მართლაც დიდი დაღი დამასვა. შემირყია ჯანმრთელობა. ხუმრობა ხომ არაა, ექვსჯერ კონტუზიას რომ მიიღებ. ბესლახუბასთან გლდანის საძმოს "ბეემპე" აგვიფეთქდა და მაშინ მივიღე მეექვსე კონტუზია. ჩვენ კი გადავრჩით, მაგრამ, საუბედუროდ, ირაკლი ამირეჯიბი დაიღუპა. მერე ლაბრაში გვქონდა დიდი ბრძოლა. ჩემთვის საამაყო იყო გლდანის საძმო, რომლის მეთაურიც თორნიკე ქურდაძე იყო. 40-მდე ვიყავით და საძმოდან 18 კაცი დავკარგეთ. დღემდე მივტირი იმ ლამაზ ვაჟკაცებს.

სოხუმის დაცემამდე იქ ვიყავი, ბოლოს ჭუბერით მოვდიოდით, გზადაგზა მიცვალებულებს ვმარხავდით, მათ შორის ჩვილ ბავშვებს.

შემდეგ ზემო აფხაზეთში გადავედით, რომელსაც აფხაზები აკონტროლებდნენ და ხელახლა მოგვიწია ომმა. საფლავებს ვთხრიდით, რომ ცხედრები როგორმე თავიანთ სახლებში გადაგვესვენებინა. ამ დროს დაგვეღუპა ბევრი თანამებრძოლი. ჭუბერიდან რომ მოვდიოდით, ღამით ჩვენების ვერტმფრენი აფეთქდა, დაღუპულების სხეულის ნაწილებს ვკრეფდით და ვაგროვებდით. ეს საშინელებაც ვიხილე პატარა ბიჭმა.

აფხაზეთის ომი ქართველების გენოციდი იყო. როცა ხედავ, ომში კაზაკი, ჩეჩენი და სხვა ერის წარმომადგენლები ჩამოდიან ქართველების გასანადგურებლად, უკან როგორ დაიხევ. ბევრჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში და სხვებისგან განსხვავებით, ასმაგად განვიცდიდი ნანახს. ომმა და სისასტიკემ დიდი კვალი დატოვა ჩემს ჯანმრთელობაზე და გენეტიკაზეც აისახა, ალბათ, ამის გამო ჩემი შუათანა შვილი, 9 წლის საბა, აუტიზმით მყავს დაავადებული. მადლობა ღმერთს, შესანიშნავი ოჯახითა და შვილებით რომ დამასაჩუქრა.

- ამასობაში შიში ან უკან, შინ დაბრუნების სურვილი არ გაგჩენიათ?

- გიჟს არ ეშინია მარტო, მაგრამ შიშსა და ნერვებს არ უნდა აჰყვე, თავს უნდა აჯობო. სამწუხაროდ, დავკარგეთ აფხაზეთი, თუმცა ჩვენ კი არა, ხელისუფლებამ და გენერლებმა დაკარგეს. ჩვენ სამშობლოს ვიცავდით, თან, ასე ვთქვათ, შურდულებითა და ხის თოფებით ვიბრძოდით, მაგრამ მაინც დავიცავით სოხუმი კბილებამდე შეიარაღებული კაზაკებისგან, ჩეჩნებისგან, აფხაზებისგან...

სხვათა შორის, აფხაზეთში ცხინვალიდან ჩამოსული დაქირავებული ოსებიც იბრძოდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, იქ შავკანიანებიც კი მყავს ნანახი.

არასოდეს მინანია ომში წასვლა. მე იქ ისეთი საძმო და მეგობრები გავიჩინე, დღემდე მეამაყება ცოცხლებიც და დაღუპულთა სულებიც.

- თქვენი ასაკისანი სხვებიც იყვნენ ომში?

- ბექა გოგოსაშვილი, ქურთი ედიკა ნადოევი, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაგვეცვალა. პირველი გვარდიელი "გავროშა, რომელიც აკია ბარბაქაძესთან იყო, გაგრაში მოკლეს. ომში დაახლოებით ხუთამდე გავროში ვიყავით.

- ომის შემდეგ როგორ წარიმართა თქვენი ცხოვრება?

- ომიდან დაბრუნებული სამხედროში გამიწვიეს, 6 თვე ვიმსახურე. 2008 წელს კოდორის ხეობის დასაცავადაც მივდიოდით, მაგრამ დავაგვიანეთ - სანამ შევიკრიბეთ, უკვე დაკარგული იყო. 2005 წელს მომანიჭეს ვეტერანის სტატუსი, რაც დიდი პატივია ჩემთვის. მერე დავიწყე მუშაობა და დღემდე წვალებითა და პატიოსანი შრომით ვინახავ ოჯახს.

ნანა ფიცხელაური