"ყოველ ჩვენგანს აქვს მეორე, ფარული ცხოვრება, რომლისაც რცხვენია" - სად მთავრდება ქრისტიანობა და იწყება ბარბაროსობა - კვირის პალიტრა

"ყოველ ჩვენგანს აქვს მეორე, ფარული ცხოვრება, რომლისაც რცხვენია" - სად მთავრდება ქრისტიანობა და იწყება ბარბაროსობა

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერის გამოქვეყნებას "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი გამოეხმაურა, რომელიც სულ ახლახან "თავისუფალი დემოკრატებს" შეუერთდა:

"კარგახანს ვიჭოჭმანე, სანამ ამას გამოვაქვეყნებდი.

გოეთე ამბობდა, ამქვეყნად არ არსებობს ცოდვა, რომელსაც მე ვერ ჩავიდენდიო. ყოველ ჩვენგანს აქვს მეორე, ფარული ცხოვრება, რომლისაც რცხვენია, რომელსაც თვალს არიდებს, ან კიდევ რაღაც გამართლებებით მოსავს და ცდილობთ ნორმად შესთავაზოს სხვებს. ახლა წარმოიდგინეთ, ერთ დღესაც ვინმემ ჩვენი მთელი ეს საიდუმლო ცხოვრება წინ რომ დაგვიდოს.

ჰოდა, დაგვიდებენ ამას მოჰყვება ნიშნისმოგებით კიჟინი, რათა ვიღაცამ ასე დაივიწყოს საკუთარი სიბნელე და ვინძლო, ღმერთსაც მოაწონოს თავი. აქ მთავრდება ჩვენი ქრისტიანობა და იწყება ბარბაროსობა. მტერსაც ის უნდა, რომ ჩვენში ქრისტიანებად წოდებული ბარბაროსები გააღვიძოს.

თუ მეტი არ შეგვიძლია, თავი მაინც დავანებოთ იმ ადამიანს და ვაცალოთ, თავად გაერკვეს თავის ფიქრებში. დღეს საქართველოში ასეთ მძიმე დღეში თითქმის არავინ მეგულება. სხვა საქმეა, ვისურვებთ თუ არა მის პოლიტიკოსობას. უადგილოც არის ამაზე საუბარი. ახლა მის ადამიანურ ბედზეა ლაპარაკი და არა - პოლიტიკურზე.

არც ეს გახლავთ პოლიტიკური განცხადება. ნამდვილად არა ვარ "იმდენად" პოლიტიკოსი, რომ ახლა პოლიტიკური განცხადებები ვაკეთო. უბრალოდ, არავის გვინდა ისეთ სამყაროში ცხოვრება, სადაც თვალს გვადევნებენ, ჩუმად გვიღებენ, რათა ეს შემდეგ პოლიტიკური მიზნებისათვის გამოიყენონ, სადაც ასე შეიძლება ადამიანი გაიმეტონ.

იმათ მივმართავ, ვის ხელშიც მსგავსი მასალაა - მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ჯგუფს მიეკუთვნებიან ან ვისი მითითებით მოქმედებენ. მათ ხელში ბოროტი იარაღია და თავისი ნებით უნდა გაანადგურონ, თუ სურთ, რომ ადამიანური სახე შეინარჩუნონ. ის, რაც ამ კადრებშია, კიდევ შეიძლება აიხსნას სიყვარულით, გატაცებით და ა.შ. მათ კი არავითარი გამართლება არა აქვთ და გამავრცელებლები ყველაზე ცუდი ადამიანები არიან, ვინ კი მინახავს ან გამიგონია. ცოდვილს მონანიებით ეშველება, ამათ - არაფერი. მათ სიცოცხლეშივე შეუძლიათ ზნეობის სახელით ადამიანს ჯოჯოხეთი მოუწყონ და მთელი ქვეყნიერების წინაშე მარტო დატოვონ.

უნდა მაპატიოთ ეს განცხადება. მესამე დღეა, გონს ვერ მოვსულვარ".

წყარო