"ნიკა გვარამიამ ახალგაზრდებს შეურაცხყოფა ისე მოგვაყენა, დღემდე სინდისი არ აწუხებს და არც ბოდიშის მოხდას გეგმავს" - კვირის პალიტრა

"ნიკა გვარამიამ ახალგაზრდებს შეურაცხყოფა ისე მოგვაყენა, დღემდე სინდისი არ აწუხებს და არც ბოდიშის მოხდას გეგმავს"

"პრესკონფერენციიდან "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს არ გავაგდებთ, მაგრამ ტელევიზიასთან, რომელსაც ასეთი სამარცხვინო დირექტორი ჰყავს, ყოველგვარ კონტაქტს ვწყვეტთ"

უნივერსიტეტში დაძაბულობა პიკს აღწევს - თსუ-ს ისტორიაში პირველად ერთმანეთს სტუდენტები უპირისპირდებიან და ერთმანეთისგან განსხვავებულ მოთხოვნებს აყენებენ. თვითმმართველობის წარმომადგენლები რექტორის გადადგომას კატეგორიულად მოითხოვენ, "ააუდიტორია 115"-ის წევრები კი, ლადო პაპავას თანამდებობაზე დარჩენისკენ მოუწოდებენ. უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებზე kvirispalitra.ge-სთან "აუდიტორია 115"-ის წევრი გვანცა ხონელიძე საუბრობს:

- კანცლერობაზე წარდგენილ გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნა მხოლოდ მიზერული შედეგი იყო. უნივერსიტეტისთვის გარდამტეხი პროცესი ახლა უნდა დაიწყოს - "ოდეერების" ადგილი სტუდენტებს შორის არ არის. რაც მთავარია, ამ ბრძოლამ დაგვანახა, რომ სამართლიანობის მიღწევა შესაძლებელია, უბრალოდ, ამჯერად ამაში თვითმმართველობის ძალადობრივი, ზონდერებით დაკომპლექტებული და არალეგიტიმური ძალა გვიშლის ხელს. რატომღაც ისე მოხდა, რომ თვითმმართველობის წარმომადგენლების რექტორის კაბინეტში შეჭრის შეფერხება სამართალდამცავებმა ვერ მოახერხეს - რატომ არ ისჯებიან კანონის დამრღვევები დღემდე, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია.

- თვითმმართველობის წევრები რექტორის გადადგომას ითხოვენ, თქვენ უერთდებით ამ მოთხოვნას?

- თვითმმართველობას ჩვენთვის გაუგებარი ძალა მართავს, რომელსაც როგორც ჩანს, დღეს პაპავას რექტორად ყოფნა არ აწყობს. ჩვენ საბჭოს დაშლას ვითხოვთ, მაგრამ პაპავას რექტორის პოსტზე ყოფნა დღეს აუცილებელია. სტაბილურობის მიღწევა მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. თუ პაპავა თანამდებობიდან გადადგება, არავინ იცის ვინ მოვა უნივერსიტეტში და რა პოლიტიკას გაატარებს, ახალი კანდიდატის გაცნობას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. თანაც ლადო პაპავას უფლებამოსილება, დაახლოებით, ერთ წელიწადში გასდის, ამიტომ გაუგებარია, რატომ ითხოვენ თვითმმართველობის წევრები ვადამდე მის გადადგომას. პირველ რიგში, თავად ეს თვითმმართველობა უნდა გაუქმდეს. სხვათა შორის, მინისტრმა სანიკიძემაც მიმდინარე პროცესებზე პირდაპირი პასუხისმგებლობა დააკისრა პაპავას. როგორც ჩანს, ასე ცდილობენ პაპავას თითიდან გამოწოვილი ბრალდებები წაუყენონ, გადააყენონ და მის ნაცვლად უნივერსიტეტში მოძალადე, პოლიციური რეჟიმის დამამყარებელი პირი მოიყვანონ.

- ფაქტია, რომ არცერთი მხარე პოზიციის დათმობას არ აპირებს, სადამდე მივა პროცესი, გათვლილი გაქვთ?

- დესტაბილიზაციის მომხრე არ ვართ, მაგრამ არც პოზიციის დათმობას ვგეგმავთ. თუ პროცესის შეჩერება ვერ მოხერხდა, ეს ისევ ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურების პასუხისმგებლობა იქნება. ჩვენ ამ ბრძოლას აუცილებლად გამარჯვებით დავასრულებთ - აქციები მომავალშიც გაგრძელდება. სხვათა შორის, ამ პროცესში მედიის ლუსტრაციაც მოხდა. მაგალითად, "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ახალგაზრდებს შეურაცხყოფა ისე მოგვაყენა, დღემდე სინდისი არ აწუხებს და როგორც ჩანს, არც ბოდიშის მოხდას გეგმავს. მან სოციალურ ქსელში აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადება გაავრცელა, მისმა ირონიულმა და არაადეკვატურმა დამოკიდებულებამ, სტუდენტების აღშფოთება გამოიწვია. მისი მტკიცებით, თურმე ჩვენ პარტიულ ინტერესებს ვემსახურებით. როგორც ჩანს, თავად გვარამიას ვერ წარმოუდგენია დამოუკიდებელი მოქმედება ვიღაცის მითითების გარეშე, ალბათ, არც ღირებულებები გააჩნია, რომლისთვისაც ყოველგვარი პირადი თუ სხვა სახის ინტერესის გარეშე იბრძოლებს. ჩვენ სტუდენტები ვგმობთ მის განცხადებას, მის დამოკიდებულებას ახალგაზრდების მიმართ და "რუსთავი 2"-საც ბოიკოტს ვუცხადებთ. სხვათა შორის, ამის შესახებ მათ ეთერში უკვე ვთქვი, თუმცა ამის მიუხედავად, ნიკა გვარამიას სტუდენტების ბოდიშიც კი არ მოუხდია. მართალია, პრესკონფერენციიდან "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს არ გავაგდებთ, მაგრამ ტელევიზიასთან, რომელსაც ასეთი სამარცხვინო დირექტორი ჰყავს, ყოველგვარ კონტაქტს ვწყვეტთ. ეს სრულიად "აუდიტორია 115"-ის პოზიციაა.

რუსუდან შელია (სპეციალურად საიტისთვის)