"სამშობლო არასდროს დამვიწყებია" - ახალგაზრდა, რომელმაც ამერიკული კარიერა მიატოვა და სამშობლოში სხვათა დასახმარებლად დაბრუნდა
"სამშობლო არასდროს დამვიწყებია" - ახალგაზრდა, რომელმაც ამერიკული კარიერა მიატოვა და სამშობლოში სხვათა დასახმარებლად დაბრუნდა
20-03-2016
"ყოველთვის მინდოდა განათლების საკითხს მივდგომოდი მოსწავლეებზე და სტუდენტებზე ორიენტირებული კუთხით, რათა მათში გაზრდილიყო ცოდნის მიმართ ინტერესი და დავხმარებოდით იმ შრომისმოყვარე მოსწავლეებს, რომლებსაც გარკვეული გარემოებები უშლიდა ხელს წინსვლაში"

ამ ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ რესპოდენტთან ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ, სამსახურისკენ მიმავალმა რუსთაველის მეტროსთან უჩვეულო ხალხმრავლობა შევნიშნე. პროფესიულმა ინტერესმა მსძლია და ხალხის ჯგუფს მეც შევუერთდი - რამდენიმე წამში შუა ქუჩაში დადგმულ მომცრო მაგიდასთან, ახალგაზრდა მამაკაცის წინ ვიდექი, რომელიც ცხელ წვნიანსა და საგულდაგულოდ დამზადებულ სენდვიჩებს გამვლელებს უფასოდ სთავაზობდა. მაშინდელი ემოციების სიტყვებით გადმოცემა დღესაც მიჭირს - ეს იყო სანდრო, ამერიკიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნებული ქართველი, რომელმაც 18-წლიან ამერიკულ კარიერაზე უარი თქვა, საქველმოქმედო ორგანიზაცია "ნათელი საქართველო" დააფუძნა, სოციალურად დაუცველ სკოლის მოსწავლეებს ხატვისა და მუსიკის გაკვეთილები დაუფინანსა, აბიტურიენტები, რომლებსაც ფინანსურად განსაკუთრებით უჭირდათ, ეროვნული გამოცდებისთვის უფასოდ გადაამზადა, იმ დღეს კი თავხსმა წვიმაში, რუსთაველის მეტროსთან იდგა და თანამოქალაქეებს ცხელი სადილით უმასპინძლდებოდა. რატომ აკეთებს ამ ყველაფერს? - სანდრო შელია kvirispalitra.ge -სთან თავის ცხოვრებასა და მომავალ გეგმებზე საუბრობს:

- დასავლურ განათლებაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. 1995 წელს გავიმარჯვე სოროსის კომპიუტერული მეცნიერებების ოლიმპიადაში და ჩავირიცხე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ყოველგვარი გამოცდის გარეშე. მალე მონაწილეობა მივიღე გაცვლითი პროგრამის კონკურსში, როგორც ბაკალავრიატის სტუდენტმა. 300 მონაწილიდან იმარჯვებდა ოთხი. ერთ-ერთი მათგანი მე აღმოვჩნდი და შესაბამისად, წავედი სწავლის გასაგრძელებლად შეერთებულ შტატებში. მალე სტიპენდიაც ავიღე რომ დავრჩენილიყავი და სწავლა და ცხოვრება იქ გამეგრძელებინა. კომპიუტერულ მეცნიერებებთან ერთად ბაკალავრის ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდანაც ავიღე. იმის გამო, რომ სწავლის საფასური საკმაოდ მაღალია შტატებში, ორმაგი დატვირთვით ვსწავლობდი და ოთხი წლის ნაცვლად ორ წელიწადში დავამთავრე ბაკალავრიატი, 19 წლის ასაკში. ამის შემდეგ მივიღე მაგისტრის ხარისხი ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლისაგანდან, Executive Masters in Leadershipპ. ვაშინგტონში დავრჩი ჯერ სამუშაო ვიზით, ხოლო შემდეგ "გრინ ქარდით" და ჩემი კარიერა საკმაოდ წარმატებულადაც განვითარდა. ბოლო 10 წლის განმავლობაში ვიყავი აკრედიტაციების სამსახურის უფროსი დირექტორი ამერიკის ეროვნული სტანდარტების ინსტიტუტში (ANSI), რომელიც ამერიკაში საკმაოდ პრესტიჟულ ორგანიზაციად ითვლება. ეს 100 წლიანი ისტორიის მქონე ორგანიზაცია, რომელიც გახლავთ ISO-ს დამფუძნებელი წევრი, პასუხისმგებელია აშშ-ში სტანდარტების შემუშავების კოორდინირებაზე და სხვადასხვა ორგანიზაციების აკრედიტაციაზე არა მარტო შტატებში, არამედ მსოფლიო მასშტაბით.

- თუ ესე კარგად იყავით ამერიკაში, რატომ გადაწყვიტეთ საქართველოში დაბრუნება?
- მიუხედავად იმისა, რომ წლებია უკვე ამერიკის მოქალაქე ვარ, ჩემი სამშობლო არასდროს დამვიწყებია. შტატებში ცხოვრების დროსაც ხშირად ჩამოვდიოდი საქართველოში სხვადასხვა საერთაშორისო დახმარების პროექტების ფარგლებში. ბუნებრივია როდესაც ამერიკაში ცხოვრობ და იქ კარგი კარიერა და აწყობილი ცხოვრება გაქვს, ვერ მიატოვებ მოულოდნელად ყველაფერს. შესაბამისად, ამერიკის ეროვნულ სტანდარტების ინსტიტუტს საქართველოდანაც ვეხმარებოდი კონსულტანტის სტატუსით და აქედან ვმართავდი ANSI-ს ინფორმაციული მენეჯმენტის სისტემებს, რომლებიც ადრე მათთვის შევქმენი. დღემდე ხშირად დავდივარ ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში მათთან სათამამშრომლოდ და დასახმარებლად.

- ცნობილია, რომ განსაკუთრებით დაინტერესებული ხარ ახალგაზრდებს განათლების
მიღებაში დაეხმარო, რატომ?

- ხარისხიანი განათლება ყოველთვის იყო ის თემა, რომელიც გულთან ყველაზე ახლოს მიმქონდა. ამავე დროს, ყოველთვის მინდოდა განათლების საკითხს მივდგომოდი მოსწავლეებზე და სტუდენტებზე ორიენტირებული კუთხით, რათა მათში გაზრდილიყო ცოდნის მიმართ ინტერესი და დავხმარებოდით იმ შრომისმოყვარე მოსწავლეებს, რომლებსაც გარკვეული გარემოებები უშლიდა ხელს წინსვლაში. შარშან ჩამოვაყალიბე არასამთავრობო ორგანიზაცია, საქველმოქმედო ფონდი "ნათელი საქართველო", რომლის თანადამფუძნებელიც ჩემი მეუღლეა. საკუთარი სახსრებითა და სხვადასხვა სპონსორების დახმარებით, სკოლებიდან მთელი საქართველოს მასშტაბით შევარჩიეთ 30 აბიტურიენტი სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომლებსაც არ ჰქონდათ კერძოდ რეპეტიტორებთან მომზადების საშუალება. საქართველოს ყველაზე წამყვანი პედაგოგები შევარჩიეთ და ორი კვირის განმავლობაში, დღეში 5 საათი ჩვენს მოსწავლეებს, შავი ზღვის კურორტზე - ქობულეთში, ვამეცადინებდით უნარებში, ქართულსა და ინგლისურში.

- გიცდიათ თუ არა თქვენს პროექტებში ჩაგერთოთ საზღვარგარეთ მოღვაწე სხვა წარმატებული ქართველები?

- მყავს ძალიან ბევრი მეგობარი ვაშინგტონში, რომლებსაც სურთ განახორციელონ სხვადასხვა პროექტები საქართველოში, მართალია მათი დაბრუნების შანსი საქართველოში ძალიან მცირეა, თუმცა XXI საუკუნეში არ არის აუცილებელი კარგი საქმის გასაკეთებლად იყო ფიზიკურად სამშობლოში. სულ მცირე, მათ შეუძლიათ  მოგვაწოდონ ინფორმაცია, როგორ ვითარდება სხვადასხვა სფერო იმ ქვეყნებში, სადაც ისინი მოღვაწეობენ. სხვათა შორის, არც ისე დიდი ხნის წინ ვაშინგტონში შეიქმნა ორგანიზაცია "ქართული ცენტრი" რომლის "ფეისბუკგვერდის" დათვალიერების შემდეგ დავინტერესდი და დავუკავშირდი. აღმოჩნდა, რომ მისი დამფუძნებლები ჩემი იქაური მეგობრები არიან და ეს ცენტრი უკვე წარმატებით მოღვაწეობს. მივესალმები ამ ტიპის ინიციატივებს და იმედი მაქვს რომ სხვა ქართველებიც ამერიკაში და სხვა ქვეყნებში მიბაძავენ კარგ მაგალითს.

- ამ ბოლო დროს ხშირად გვესმის, რომ ინტერესმა იკლო საქართველოს მიმართ დასავლეთში, მათ შორის ამერიკაშიც. როგორც ამერიკის მოქალაქე, ამაზე რას იტყვით?

-  შემიძლია დარწმუნებით ვთქვა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს ნამდვილი მეგობარია. ძალიან კარგად მესმის ის იმედგაცრუება, რაც ბევრ ქართველს აწუხებს იმასთან დაკავშირებით, რომ ამდენი ხანია საქართველო ყველაფერს აკეთებს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციისთვის, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. ძალიან დამღლელია, როცა გეუბნებიან მოთმინება იქონიო მაშინ, როდესაც ერთ დაბრკოლებას მეორე მოსდევს. ეს რომ მხოლოდ ამერიკაზე ყოფილიყო დამოკიდებული, დიდი ხნის წინ ვიქნებოდით დასავლეთის ნაწილი. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, სწორედ ამერიკა იდგა და დგას ჩვენს გვერდით. ამერიკა გვიწევს დახმარებას ჰუმანიტარულ დარგში, პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებაში, განათლებისა და მმართველობის საკითხებში. რომ არა ამერიკული სტიპენდია, ჩემი ცხოვრება ალბათ სულ სხვანაირად წარიმართებოდა.

ამერიკელი ხალხი ძალიან კეთილი, გულუხვი და პოზიტიურია. თუმცა ვთვლი, რომ ამერიკის ახლანდელი მთავრობა უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული ჩვენს რეგიონში. ამერიკა ბევრად უფრო მტკიცედ უნდა დაგვიდგეს გვერდში და აგრეთვე უფრო მეტი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ საზოგადოებამ კარგად დაინახოს ყველაფერი ის, რაც მათ მიერ რეალურად გაკეთდა და კეთდება ჩვენს სასარგებლოდ - განსაკუთრებით დღევანდელ ვითარებაში, როდესაც ხშირად ვხედავთ XX საუკუნიდან შემოპარული საბჭოთა პროპაგანდის გამოვლინებას შეკვეთილი ინფორმაციის თუ "ფეისბუკკომენტარების" სახით.
ჩვენ კი, ქართველების უმრავლესობა ვისაც კარგად გვესმის თუ რა შედეგს მოიტანს ჩვენი ოჯახებისათვის და ჩვენი ბავშვების მომავლისათვის ჩვენი ქვეყნის კვლავ ჩათრევა ბნელ და უიმედო წარსულში, არ უნდა მოვერიდოთ ჩვენი აზრის გამოთქმას და ასევე უნდა დავუდგეთ გვერდში ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებს.
ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ჩვენ ყველას აღმოგვაჩნდება სიბრძნე და ძალა, რომ შევინარჩუნოთ სწორი კურსი და დავრჩეთ ერთგულნი ჩვენი წინაპრების ჭეშმარიტი საქართველოსი, იმ ქვეყნის, რომელიც სამაგალითო იყო ევროპისათვის მაშინ, როდესაც თვით თანამედროვე ევროპა დგავდა პირველ ნაბიჯებს... იმ საქართველოსი, რომელსაც ბედად უწერია თავისი უნიკალური და განსაკუთრებული ადგილი ევროპული ოჯახის წარმატებულ, თავისუფალ წევრთა შორის".

რუსა ქურასბედიანი (სპეციალურად საიტისთვის)

ლაურა
21 მარტი 2016 22:53
ჩემო ძვირფასო ქართველებო ზოგიერთი კიცხავთ და არ გეკადრებათ ეს არის მიღებული ფორმა ევროპასა და ამერიკაში მე ოცი წელია ევროპაში ვცხოვრობ აქ ტელევიზიაც იღებს მონაწილეობას სუპერმარკეტებიც ყოძელ შაბათ სუპერმარკეტის წინ დგანან ადამიანები და სთხოვენ ვინც სუპერმარკეტში შედის ვის რითაც შეგიძლიათ იმითი მოგვეხმარეთო რომ დავეხმაროთ გაჭივრებულებს ვინც სახლი დაკარგა ვინც ქუჩაშია ვისაც შემოსავალი არა ააქვს გემულარებით დიდი თხოვნით სიკეთის კეთექის გამო ნუ ჩაქოლავთ ადამინებს.ჩვენ რუსეთის იმპერიამ გადაგვაჩვია საუბედუროთ ისეთ თანადგომას რაც თვითეული ქართველი აკეთებდა გაჭივრების ჟამს და ასე მოვაღწიეთ დღემდე.ცოდვა არ არის ამდენი ადამიანი ხელგამოწვდილი ან ამდენი ბავშვი რომ საცოდავად გვიმზერენ?მაპატიეთ რას ნიშნავს თქვენი კომენტარები?რატომ უნდა გვეშინოდეს უცხოეთში მცხოვრებ ქართველებს იმისი რომ კარგი გავაკეთოთ ამაზე კი საყვედური და ასეთი პასუხი მივიღოთ,მაშინ თქვენ გააკეთეთ რაიმე სასიკეთო ნახევრად დაცლილ საქართველოში.ალბათ არ გშიათ და სხვისი შიმშილი ნაკლებად გადარდებთ არა გეკადრებათ არა ასეთი კომენტარები.ასეთ ღვთიურ საქმეში ევროპაში ყველაა ჩართული და ჩვენთან რატომაა მკრეხელობა ან რატომ გგონიათ რომ ყველა ვინც სიკეთეს აკე%თებს მთავრობაში უნდა მოსვლა.მთავრობაშიც რომ მოვიდეს ასეთ სიკეთეს გააკეთებს.მე ასეთ ქველმოქვედებას მივესალმები და მას რომ მიბაძოს ყველამ როგორც ევროპაშია არ იქნება შიმშილი.მე ბევრჯერ მიმიღია ამაში მონაწილეობა და საქართველოში კი ერთ–ერთ ახალგაზრდას დაუნგრიეს ოფისი და სანდვიჩები გადაუყარეს რატომ ასე%თი სიბოროტე ღმერთო?ნუჯთუ არ ეცოდებათ ის ადამიანები რომლებიც ქუჩაში დგანან?შენ თუ არ აკეთებს სხვას რატომ უშლი ხელს ვისწავლოთ ისტორიიდან ჰუმანურობა.დიდი თამარი ჩამოუვლიდაო ქვრივ ობლებს და უნაწილებდაო თავისი ხელით...იმ ქვეყნის შვილელბი ვართ ჩვენც.საბერძნეთში რომ ამდენი ადამიანი აწყლდება სირიდან და სხვადასხვა ქვეყნიდან დიდი და პატარა ყველა ფეხზეა დღედაღამე რომ არ ამოიხოცონ შიმშილით ომგამოვლილი და გაწამებული ადამიანები მოხალისეები აკეთებენ სწორედ ამ დიდ და ღვთიურ საქმეს ყველა განურჩევლად..ჩვენთან არ შეგვიძლიაა დავდგეთ ერთად ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას ვინც უცხოეთში ვართ და აღორძინდება ქვეყანა.დახმიარება ფულის მიცემა მარტო არაა სამოსიც უნდათ ჭერიც და საჭმელიც იმ ადამიანებს ვისაც უჭირთ ამაშგი ერთმანეთს უნდა დაუდგეთ არა თუ ჩავკოლოთ..ჩჩემი თხოვნაა კვირის პალიტრისადმი დამდეთ პატივი და დადეთ ჩემი კომენტარიც.წინასწარ გიხდით მადლობას.
elene
21 მარტი 2016 12:38
მე მჯერა მისი, ღმერთმა დაგლოცოთ!!!
სხვა სიახლეები
ისტორიკოსებისა და მკვლევარების მიერ აღდგენილმა ფაქტებმა, კარტოგრაფიულმა მასალამ, მოვლენების დეტალურად ილუსტრირებულმა რეკონსტრუქციამ ყველა თაობის მკითხველის ინტერესი გამოიწვია.
დაწვრილებით...
აჭარაში ხარისხის ნიშნის მქონე ტურისტული ობიექტების რიცხვი გაიზარდა.
დაწვრილებით...
„თეგეტა მოტორსი“ ცენტრალურ ფილიალში მსუბუქი ავტომობილებისთვის 20 დამატებითი მომსახურების ადგილი გაიხსნა.
დაწვრილებით...
ყველასთვის საყვარელ კომპოზიტორს, გოგი ცაბაძეს 24 აგვისტოს 92 წელი შეუსრულდებოდა. მან იცხოვრა ისე, როგორც ნაღდმა თბილისელმა, უნიჭიერესმა ადამიანმა... სცენაზე გარდაიცვალა, როგორც ჭეშმარიტი ხელოვანი.
დაწვრილებით...
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტების ჩარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
დაწვრილებით...
1744 წელს ირანის 139-წლიანი ბატონობის შემდეგ სვეტიცხოველში, ქრისტიანული წესით, ქართლის მეფედ ეკურთხა ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი თეიმურაზ II (1744-1762),
დაწვრილებით...
ბათუმმა რიგით მეთერთმეტე მასშტაბურ ავტორბოლას ,,Bridgestone Black Sea Cup-2016” უმასპინძლა
დაწვრილებით...
გიორგი II (1565-1585) იმერეთის მეფემ ხანგრძლივად იმეფა.
დაწვრილებით...
"გზა მქონდა გადაკეტილი და როდესაც საზღვრები გაიხსნა, უკვე სიბერემ მომისწრო... უკვე 72 წლის ვარ. ზოგჯერ მავიწყდება ჩემი ასაკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვცურავ. ყოველდღე დავდივარ აუზზე. ზოგჯერ გამისწრებენ ახალგაზრდები, მაგრამ მერე ვცდილობ, არ მაჯობონ!..."
დაწვრილებით...
ლეილა აბაშიძე: "როდესაც გადასაღებ მოედანზე გამოჩნდა, ამერიკული კინოს გმირს ჰგავდა. თენგიზი არაჩვეულებრივი პარტნიორი იყო, საოცრად მგრძნობიარე, ტაქტიანი და ჭკვიანი. მან შექმნა ქართულ კინოში მამაკაცის ახალი, ინტელექტუალური გმირის სახე"
დაწვრილებით...
სასწრაფოდ! იაფად იყიდება სახლი ბორჯომში,
ქირავდება ბინა დღიურად, 2 комнатная
2-ოთახიანი, 60 კვ.მ. დღიურად!
იყიდება დუპლექსის ტიპის ახალი ბინა
მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია, იხილეთ მასალის გამოყენების პირობები