რა წარწერა გააკეთა ჰიტლერმა "ვეფხისტყაოსანზე"?! - კვირის პალიტრა

რა წარწერა გააკეთა ჰიტლერმა "ვეფხისტყაოსანზე"?!

ჟურნალი "გზა" 24 მარტის ნომერში აქვეყნებს ინტერვიუს კოლექციონერთან, რომელსაც 450-მდე სხვადასხვა ენაზე გამოცემული "ვეფხისტყაოსანი" აქვს. გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

აი, რას ყვება გურამ ახალაია:

- 1712 წლიდან დღემდე რაც გამოსულა, ყველა ქართული გამოცემა მაქვს. "ვეფხისტყაოსანი" მსოფლიოში 49 ენაზე გამოვიდა და ყველა ენაზე გამოცემული წიგნი მაქვს, ოღონდ ზოგიერთი არასრულყოფილია. სულ 450-მდე სხვადასხვა ენაზე გამოცემული წიგნია ჩემს კოლექციაში. ზოგი მათგანი ავტოგრაფითაც არის.

1712 წლის გამოცემა ყველა კოლექციონერის ოცნებაა. მეც, თითქმის 40 წლის მანძილზე ვეძებდი. ამ წიგნის ფაქსიმალური ასლი აკაკი შანიძემ 1937 წელს გამოსცა. ზუსტად გაიმეორა ყველაფერი, ქაღალდიც კი იმდენად მიმსგავსებული იყო, რომ ყველას 1712 წლის გამოცემა ეგონა. ერთხელ, ზესტაფონიდან დამირეკეს, ჩავედი და 1937 წლის გამოცემა აღმოჩნდა. კახეთშიც ჩავედი, - მიმტკიცებდნენ, ნამდვილად ძველი წიგნიაო და იქაც არ გამიმართლა. ბოლოს, მივაგენი იმ პიროვნებას, ვინც ეს წიგნი რაღაც პრობლემის გამო გაყიდა. მადლობელი ვარ, რომ ნორმალურ ფასად დამითმო. ეს გამოცემა მსოფლიოში სულ 24 ცალია დარჩენილი და ჩემი ეგზემპლარი საუკეთესოდაა შენახული, მხოლოდ რამდენიმე გვერდი აკლია. მისი შეძენა უცხოელებმა ბევრჯერ მთხოვეს, დიდ თანხასაც იხდიდნენ, მაგრამ არ მივეცი.

....

1940 წელს გამოცემული "ვეფხისტყაოსანი", ლამაზი ყდითა და შესანიშნავი ყუთით სტალინს მიუტანეს, რომელმაც ასეთი შესწორებები შეიტანა: "პრევოდ შალვი ნუცუბიდზე" ჩაასწორა - "პერევოდ ს გრუზინსკოგო, შალვი ნუცუბიდზე". სატიტულო გვერდები ჩაასწორა; რამდენიმე ილუსტრაცია დაიწუნა, პირდაპირ გადახაზა და ასე მიჰყვა, თავისი მინაწერები დატოვა. წიგნის ტირაჟი იმწამსვე დააპატიმრეს (გაანადგურეს) და ხელახლა, ზუსტად იმავე ყდაში და იმავე ტირაჟით, 1941 წელს გამოსცეს. ძალიან იშვიათია 1940 წლის გამოცემა. სად არ ვეძებე? ნუცუბიძის ოჯახსაც არა აქვს. მხოლოდ გორის მუზეუმშია, სტალინის მიერ ჩასწორებული წიგნი, საიდანაც ასლები გადავიღე. ბერიასადმი მიწერილი წერილის ასლიც მაქვს.

....

საინტერესო ისტორია აქვს ბერლინში 1943 წელს, გრიგოლ რობაქიძის ხელმძღვანელობით მომზადებულ მინიატიურულ "ვეფხისტყაოსანს", რომელიც ქართველი ტყვეებისთვის გამოიცა. ისინი წიგნს ჩექმაში ინახავდნენ. როგორც ცნობილია, რობაქიძე ჰიტლერთან დაახლოებული პირი იყო. წიგნი მიუტანია ჰიტლერისთვის და ლეგენდის მიხედვით, მას წიგნზე მიუწერია "ქართველები ნიჭიერი ხალხია". ეს სინამდვილეს შეეფერება თუ არა, არავინ იცის, მაგრამ უტყუარია ის, რომ წიგნს ანტისაბჭოთა შესავალი ჰქონდა. ამის გამო, უშიშროების კომიტეტი დასდევდა. ვერავის ჩამოჰქონდა საქართველოში, თუ ვინმემ მოახერხა, მაშინვე იმ შესავალს ხევდნენ, წიგნს ტოვებდნენ. რამდენიმე კოლექციონერმა ეს წიგნი თავისი შესავლით მოვიპოვეთ. მინიატიურული წიგნების ტირაჟი რაც ნაკლებია, მით მეტად ფასობს.

ვინ ჩამოუტანა კოლექციონერს "ვეფხისტყაოსნის" ფინური გამოცემა, რამდენი ჩინურად თარგმნილი წიგნი და რომელი ქვეყნის პრეზიდენტების მიერ ხელმოწერილი ეგზემპლარები ინახება მის კოლექციაში, ასევე როგორ ჩაასწორა სტალინმა ნუცუბიძისეული თარგმანი? - ეს ყველაფერი წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 24 მარტის ნომერში.