"მამა არ მინდა და არც - დედა. მამაჩემის მეშინია"! - კვირის პალიტრა

"მამა არ მინდა და არც - დედა. მამაჩემის მეშინია"!

ჟურნალი "გზა" 24 მარტის ნომერში აქვეყნებს სტატიას დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელში არსებულ სოციალურ სახლზე, რომელიც ახალგაზრდა კაცმა დაარსა და დღეს ის სახლის პატარა ბენეფიციარების ოჯახის წევრი, მეგობარი და მშობელია...

გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან:

ამ წერილში რასაც წაიკითხავთ, გამოგონილი არაფერია. სახელ-გვარებს არ მივუთითებ, რათა არ მოხდეს იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვისზედაც ვისაუბრებ.  ის სოციალური სახლი, რომელზეც უნდა გესაუბროთ, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ სოფელშია. მას მაღალი, ქერა ახალგაზრდა კაცი ხელმძღვანელობს - დავარქვათ პირობითად, ლადო. ოცდაათიოდე წლისაა და ასაკთან შეუსაბამო ნაოჭები გასჩენია თვალების გარშემო. ამის მიზეზი, ადრე დაობლების გარდა, ისიც არის, რომ ლადოს ხშირად უწევს მოძალადე მშობლებთან ურთიერთობა.

სოციალური სახლის ერთ-ერთ ბენეფიციარს დავარქვათ ლუკა. ისიც ქერაა. ცხვირი ოდნავ აპრეხილი აქვს, თმა - "ასლაქული", თვალები - მორუხო-მოცისფრო და ნაღვლიანი. სოციალური სახლის ფანჯარასთან ხშირად ჯდება და გადასცქერის ყვავილებად აფეთქებულ ატმებსა და ტყემლებს. გარეთ გაზაფხულია, ბავშვის გულში კი ზამთრობს დარდები. ამაზე ლაპარაკი ლუკას არ უყვარს, მაგრამ საუბრისას მაინც იკვეთება დარდის მიზეზი. ეს ჩემსა და ლუკას შორის დიალოგია:

- მე უკვე დიდი ვარ. მეექვსეკლასელი გახლავართ და ლადომ კომპიუტერთან დაჯდომის უფლება მომცა. ვინც ვიმსახურებთ, მორიგეობით ვიყენებთ ინტერნეტს. ლადოს იცნობ?

- კი, ვიცნობ.

- ჩემს ლადოს იცნობ?! მას არ უთქვამს, არადა, ყველაფერს მეუბნება ხოლმე.

- ტელეფონი თუ გაქვს? დაგირეკავ ხოლმე...

- მაქვს და მინდა, დამირეკო ხოლმე, მაგრამ ჩემი "კარტა" ხშირად მირზას (ესეც სოციალური სახლის ბენეფიციარია. - ავტ.) აქვს. საღამოობით სულ თავის შეყვარებულს ელაპარაკება და როგორ წავართვა? ჰო, იცი, მე ხაშლამის მომზადება ვისწავლე...

- ლადო ახლა სად არის?

- ბიბლიოთეკაში ზის და რაღაცებს წერს. თან, შოთასა და ნიკას ამეცადინებს.

- ლადოსთან კარგია?

- ლადო ჩემია! გოჩა რომ მეუბნება, - ჩემიაო, ნერვები მეშლება!

- ლუკა, დედა არ მყავსო, - თქვი. მამა თუ გყავს?

- მამა არ მინდა და არც - დედა. მამაჩემის მეშინია! სახლში სულ მეჩხუბებოდა. ჩემი უფროსი ძმა ავად არის. სახლში გალახეს და ავადმყოფობს. დავიღალე ნერვიულობით... მშობლებზე სულ ასე ვამბობ, რომ არ მყავს! ასეთ ლაპარაკს ლადო მიშლის, მაგრამ მე ისინი არ მიყვარს! ერთხელ ლადომ მამას შემახვედრა და მერე იმან ლადოს დაარტყა. კინაღამ მოვკვდი. ლადოს რომ რამე დაემართოს, რა გვეშველება?!

- სულ რამდენი და-ძმა ხართ?

- მე სამი ძმა და ერთი და მყავს... ლადო ბიძიამ წაართვა ყველა შვილი ჩემს მშობლებს და ახლა აქ რომ ვართ, ეს მიხარია. მგონი, ლადოს უნდა, რომ სახლში დამაბრუნოს. ეგებ უთხრათ, რომ მე იქ არ მინდა. მსურს, სულ ჩემს ლადოსთან ვიყო...

ლადოსა და ლუკას სიკეთით სავსე ამბავი სრულად წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 24 მარტის ნომერში