ელიზბარაანთ გივიას შეყვარებულ თინიას "თავგადასავალი" და ამბავი ფილმისა, რომელშიც "სიყვარული ყველას უნდა" - კვირის პალიტრა

ელიზბარაანთ გივიას შეყვარებულ თინიას "თავგადასავალი" და ამბავი ფილმისა, რომელშიც "სიყვარული ყველას უნდა"

"ხშირად უნდა შეახსენო საყვარელ ადამიანს, რომ გიყვარს. დამალული სიყვარულის არ მწამს"

(ფოტოგალერეა)

"ფილმის გადაღების შემდეგ კარგა ხანს სოფელში ყველა "პაპი, პაპის" მეძახდა. იმითაც დატანჯული ვიყავი, რომ სკოლაში, დასვენების დროს ყველა ბიჭი მე დამდევდა, თუმცა ვერ მეწეოდნენ ან, უფრო სწორად, თუ არ მინდოდა, არ დავიწევდი", - სიცილით გვიამბობს ბევრისთვის საყვარელი ფილმის - "სიყვარული ყველას უნდა" ერთ-ერთი მთავარი გმირის, პატარა გივიას (სიმონ ბერიკაშვილი) შეყვარებული თინიას როლის შემსრულებელი, დღეს უკვე თსუ-ის გერმანული ენის ლექტორი, იმავდროულად, რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს უფროსი მზექალა აჭაიძე და იმ ბედნიერ შემთხვევას იხსენებს, რომლის წყალობითაც გადასაღებ მოედანზე აღმოჩნდა:

- სცენარი ჩემს სოფელზე - ახალსოფელზეა დაწერილი. გადაღებამდე გიორგი შენგელაია ჩამობრძანდა სოფლის დასათვალიერებლად, თან თინიას როლისთვის პატარა გოგონებს ეძებდა. ბიძაჩემმა ბატონი გიორგი შინ მოიყვანა სტუმრად. დანახვისთანავე გვითხრა, სწორედ ასეთი გოგონა მჭირდებაო. სასინჯი კადრებისთვის თბილისში ჩამომიყვანეს და დაახლოებით, 300 გოგონადან 3 გოგონა - ქუთაისელი, ფოთელი და მე - კახელი დაგვტოვეს. ხომ გჯერათ, რომ კახელებზე გადასაღებ ფილმში კონკურენტებს აშკარად ვაჯობებდი? ჰოდა, დამამტკიცეს კიდეც. ასე მოვხვდი 8 წლის გოგონა არაჩვეულებრივი ადამიანების გვერდით - რეჟისორები გიორგი შენგელაია და მიშიკო ჭიაურელი, მათი ასისტენტი ქალბატონი ლია (სამწუხაროდ, გვარს ვერ ვიხსენებ) მეც და სიმონსაც ძალიან გვანებივრებდნენ, ლამის, ხელის გულზე გვატარებდნენ.

- გივისთან ანუ სიმონ ბერიკაშვილთან პირველი შეხვედრის შთაბეჭდილება გახსოვთ?

- ფილმს ზაფხულში იღებდნენ ყვარლისა და თელავის სოფლებში. დილაობით ჯერ სიმონს გაუვლიდნენ ხოლმე შინ, გურჯაანში, მერე - მე. მახსოვს, პირველად, რეჟისორის ასისტენტი მოვიდა ჩემს წასაყვანად და ვიღაც საყვარელი, ვერცხლისწყალივით მოძრავი, უკომპლექსო ბიჭი მოიყოლა. ჩვენებმა, რა თქმა უნდა, შემოიპატიჟეს და ეს ბიჭიც კაცურად მიუჯდა მაგიდას, კარგად მოკალათდა და... ასე გავიცანი სიმონი. თავიდან მისმა სითამამემ ცოტათი გამაოცა კიდეც, მერე სულ გვაშაყირებდნენ, პატარა ცოლ-ქმარი ხართ, შეყვარებულებიო. სიმონი ისეთი უშუალო იყო, ადვილად დავახლოვდით. წარმოიდგინეთ, მიუხედავად ჩვენი გმირების "სიყვარულისა", ერთმანეთს არც კი ვეპრანჭებოდით. ისიც მახსოვს, მადიანად ჭამა რომ უყვარდა და კიდევ, სულ მეტრაბახებოდა, შენ მხოლოდ ერთ ფილმში გადაგიღეს, დამწყები ხარ, მე გამოცდილი მსახიობი ვარ, ბევრ ფილმში ვმონაწილეობო. ისეთი კარგი და ხალისიანი ადამიანი იყო, რასაც აკეთებდა, ყველაფერი გამოსდიოდა. მე და სიმონი ბევრ ეპიზოდში გადაგვიღეს. სამწუხაროდ, გახმოვანებაზე რომ მივედით, აღმოვაჩინეთ, რომ დიდი ნაწილი ამოუჭრიათ. მაგალითად, ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებისას, სოფელ შილდაში ძალიან გვაწვალეს - მე სკოლიდან მოვდივარ და უნდა გამოვიარო ბირჟა, სადაც, თუ გახსოვთ, სოფელში ახალჩამოსული მაყვალა მიდის თავისი საკერავი მანქანით. ბირჟაზე ბიჭებთან ერთად გივია-სიმონიცაა აყუდებული და კრემიან ღვეზელს შეექცევა. მე მივაძახე: რას ჩამომდგარხარ ჩვენებიანთ ვირივითა-მეთქი? ისიც "ხურდას" მიბრუნებს და ასე გრძელდება სიტყვებით პაექრობა. რატომ გავწვალდით, ახლაც ვერ ვხვდები, მაგრამ კადრებს ლამის მთელ დღეს ვიღებდით. წარმოიდგინეთ, სწორედ ეს ეპიზოდი ამოიღეს, არადა, ყველაზე მეტად მომწონდა. იცით, რამდენი ვიტირეთ მე და სიმონმა, გახმოვანების დროს ეს კადრები რომ არ დაგვხვდა? ისე, გახმოვანებისას ყველა წვალობდა, ჩვენ კი იოლად გავართვით თავი. გიორგი შენგელაია სულ გვაქებდა, მისთვის ნამდვილი ვარსკვლავები ვიყავით.

მახსოვს, ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღება, როდესაც გივია მომდევს, მე "პაპი, პაპის" ძახილით მივრბივარ, გივია კი პაპაჩემის დანახვისას ბუჩქებში იმალება. ვიდრე მე პაპას ველაპარაკები, გივია თურმე, შორიდან მითვალთვალებს და როდესაც უკან მოვდივარ, მხოლოდ მაშინ ვამჩნევ. მე გაბრაზებული ვიღებ დიდ ქვას და გივიას ვესვრი - ასე გრძელდებოდა ის კადრი, მაგრამ ფილმში პაპასთან დიალოგით შეწყვიტეს. არადა, ნეტავ, გენახათ, ქვის სროლაში რამდენი მავარჯიშა მიშიკო ჭიაურელმა! საცდელად თავიც კი გასწირა, - მე ჩავჯდები ბუჩქებში, შენ კი დამიმიზნე და მესროლეო. მე, არც ვაციე, არც ვაცხელე, ქვა ვესროლე და შუბლში გავარტყი. - მთლად ასე კარგად დამიზნება არ მითხოვიაო, - მითხრა გამწარებულმა ჭიაურელმა...

ისე, ფილმში გივია სულ დამდევს, მაგრამ ჩემდამი აგრესიული არ არის. მხოლოდ ერთადერთი ჟინი კლავს - როგორმე დამიჭიროს. თითქოს ამით ჩემი დაპყრობა-დამორჩილება სურს, თუმცა ვერასდროს მიჭერს. განა შემთხვევით რჩებოდა უკან? მართლა ვერასდროს მეწეოდა. ძმისგან განსხვავებით, გივია საკმაოდ თამამია და სიმონიც ძალიან ჰგავს თავის გმირს...

- გოგონებიც თამამი მოსწონს, თურმე, ყოველ შემთხვევაში, წლების წინ რომ ვესაუბრე, ასე მითხრა...

- ეგ აღარ ვიცი. არც ის ვიცი, მაშინ სიმონი ჩემდამი რას გრძნობდა. ის მაინც ერთი წლით უფროსი იყო ჩემზე, ჩემთვის კი მოწონება მხოლოდ დიდობასთან ასოცირდებოდა...

სიმონზე საუბრისას ფილმის გადაღების კიდევ ერთი ეპიზოდი გამახსენდა. გახსოვთ, შენი ძუძუები დაიწვას, დარო-მეთქი, - წყევლით რომ მოვდივარ? ვის ან რატომ ვწყევლი, ფილმში არ ჩანს, რადგან კადრებია ამოჭრილი. არადა, სინამდვილეში სადედამთილოს - გივიას დედას ვწყევლი, ჯიშსა და ჯილაგს ვუგინებ. სასპორტო შარვალში გამოწყობილ, შაბიამნის დიდ ჭურჭელში (სახელს ვერ ვიხსენებ) ჩამალულ და ჩემი სიტყვებით ძალიან გამწარებულ გივიას კი იქიდან ამოხტომისას, სიჩქარეში შარვალი ძვრება. მაგარი მომენტი იყო. თავი ვერ შევიკავე და სიცილი დავაყარე. სიმონი გამწარდა. შერცხვა. კადრიც გაფუჭდა და ახალი დუბლი გადავიღეთ...

მზექალა აჭაიძე შვილებთან ერთად

ფილმზე მუშაობამ განსაკუთრებით დარეჯან ხაჩიძესთან, გივი ბერიკაშვილთან, კახი კავსაძესთან და ჩემს "პაპასთან" - ვასო კახნიაშვილთან დამაახლოვა. ვასო, უთბილესი ადამიანი, გორის თეატრის მსახიობი იყო და მერეც, წლების განმავლობაში გვქონდა მიმოწერა. დარეჯანი კი ძალიან მეხმარებოდა გადაღების დროს და ბევრ რამესაც მასწავლიდა. ხოლო გიორგი შენგელაია ჩემთვის ყველაფერი იყო, მასზე, რომ იტყვიან, ვაბოდებდი...

- ბურნუთასნაირ ბიჭს თუ შეიყვარებდით?

- არა, რას ამბობთ! სიყვარულს მალვა არ უნდა, სიყვარული უნდა ამოთქვა და ხშირად შეახსენო საყვარელ ადამიანს, რომ გიყვარს. დამალული სიყვარულის არ მწამს.

- თქვენ როგორი შეყვარებული იყავით?

- ძალიან ცუდი, უფრო სწორად, ცუდი მანამ ვიყავი, ვიდრე ჩემს გრძნობაში არ დავრწმუნდი. როცა დავრწმუნდი, ცოლადაც გავყევი და უკვე ორი ბიჭი მყავს - 16 წლის რეზიკო და 13 წლის ლუკა. პროფესიად მსახიობობა არ ამირჩევია, რადგან ჩემს მშობლებს არ უნდოდათ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი დავამთავრე, გერმანული ენის სპეციალისტი ვარ. ჩემი რეზიკო კი პატარაობიდან ოცნებობს ფილმში გადაღებაზე, მაგრამ ჯერჯერობით არავის გადაუღია. თუმცა, სერიოზულად თუ იფიქრებს მსახიობობაზე, ნამდვილად არ დავუშლი.

იხილეთ ფოტოგალერეა: ბურნუთა, მაყვალა, ბოლოკა, აკიმი, ჩიორა და სხვანი - როგორ გამოიყურებიან ცნობილი კინოგმირები დღეს

იხილეთ ასევე: ხელოვანი "ბურნუთა" ხელოსნობით ირჩენს თავს

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)