"ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოუნდეს სხვას დაეხმაროს" - ტაქსის მძღოლი ქალაქ "პენტოსიდან" - კვირის პალიტრა

"ჩემი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოუნდეს სხვას დაეხმაროს" - ტაქსის მძღოლი ქალაქ "პენტოსიდან"

"გადავწყვიტე მეტაქსავა, ხოლო ნაშოვნი ფულით მეყიდა საჭმელი და დამერიგებინა"

"დღეს ისევ გავდივარ ტაქსით და დილას ერთ ძალიან ცუდ დღეში მყოფ ოჯახს ვუყიდით ორი კვირის სამყოფ საჭმელს", - უკვე რამდენიმე დღეა ამგვარი შინაარსის სტატუსებს საკუთარ "ფეისბუკგვერდზე" სცენარისტი და იუმორისტი აკა სინჯიკაშვილი აქვეყნებს, რომელმაც ერთ დღესაც გადაწყვიტა, რომ მთელი ღამის განმავლობაში ტაქსისტად ემუშავა, ხოლო ნაშოვნი ფულით მშიერი ხალხისთვის ჰამბურგერები და გაზიანი სასმელი ეყიდა და დაერიგებინა. რატომ გადაწყვიტა და როგორ შეხვდა ხალხი მის ამ ნაბიჯს, ამას თვითონ გვიყვება.

- ყველაზე მეტად მეცოდებიან ის ადამიანები, ვისაც შია, რადგან მიმაჩნია, რომ დედამიწაზე, სადაც ამდენი საჭმელია, არ შეიძლება ვინმე შიმშილობდეს. ეს მგონია ყველაზე დიდი უსამართლობა… ყოველთვის ვცდილობდი ასეთ ადამიანებს რაღაც ფორმით დავხმარებოდი. გამომდინარე იქიდან, რომ ხელფასი ისეთი რაღაცაა, რაც მალე ილევა, ამიტომ გადავწყვიტე ხალხიც ჩამერთო ამ საქმეში, თანაც გამომიჩნდა თავისუფალი დრო და გადავწყვიტე მეტაქსავა, ხოლო ნაშოვნი ფულით მეყიდა საჭმელი და დამერიგებინა. მანამდეც დავდიოდი ხოლმე ასე, მაგრამ მას მერე, რაც ეს დავწერე "ფეისბუქზე" ძალიან ბევრმა ადამიანმა გაიგო

- ვის ეხმარები და რა რეაქცია აქვთ შენს საქციელზე?

- როგორც წესი, არ სჯერათ, რადგან ჰგონიათ რომ ქვეყანაში არაფერია უფასოდ. მერე მეკითხებიან რომელი ჰუმანიტარული ორგანიზაციიდან ხართო. როცა ვარწმუნებდი, რომ ჩემი ინიციატივა იყო, არ მართმევდნენ. მერე ვეუბნებოდი "პენტოსიდან" ვარ-მეთქი (ქალაქის სახელი სერიელიდან Game of thron), უცხოური სახელი რომ ესმოდათ იჯერებდნენ და იტოვებდნენ. ვეხმარები უსახლკარო ადამიანებს, მეეზოვეებს, რადგან ნახონ ამ ძალიან მაგარმა ადამიანებმა, რომ მათ ყველა მენაგვედ არ აღიქვამს. პატრულიც გამოვკვებეთ, იქნებ, ნაკლები აგრესია და მეტი ზრდილობა ჰქონდეთ. საქართველო-რუმინეთის თამაშისას დაცვის ბიჭს მივეცით ჰამბურგერი რკინის ღობიდან. ეს რომ უფროსმა დაინახა, გამომაგდო და მერე ჩუმად მივეცი, აიღო და უბის ჯიბეში შეინახა. მთელი ამ ამბის მიზანია, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მოუნდეს სხვას დაეხმაროს და როდისმე დადგეს დრო, როდესაც ჩვენს ქვეყანაში მშიერი არავინ იქნება.

- მიმბაძველები თუ გამოგიჩდნენ?

- ჩემი მიზანი სწორედ ეგ იყო, რომ ბევრი ადამიანი ჩართულიყო ამ ექსპერიმენტში. მთავარია ეს იდეა გავცელდეს და სხვასაც მოუნდეს იგივეს გაკეთება. რამდენადაც ვიცი, უკვე ჩაერთო რამდენიმე ადამიანი, რაც მისასალმებელია.

- მგზავრებს, რომლებიც იგებენ შენი ექსპერიმენტის შესახებ, რა რეაქცია აქვთ?

- ყველას ვუხსნი, ვინც ჩამიჯდება, მაგრამ ზოგს უჭირს მიხვედრა თუ რას ვგულისხმობ. ზოგმა გაჩერებაც მომთხოვა, რადგან იფიქრა, რომ ფარული კამერა იყო. ვინც ხვდება რა ექსპერიმენტიცაა, ძირითადად სწორად იგებს და სწორი რეაქციაც აქვს.

- შენ ექსპერიმენტს, სოცქსელეი ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ელოდი ასეთ რეაქციას?

- მყავს მეგობრები, რომლებმაც ჩემი ეს საქმიანობა იცოდნენ და ყველანაირად გვერდში მედგნენ ხოლმე. მას მერე, რაც "ფეისბუკზე" დავწერე, ველოდი რომ ვიღაცეებს მოეწონებოდათ, რადგან, მიმაჩნია, რომ არაა ეს ცუდი საქმე, მაგრამ ასეთ დიდ გამოხმაურებას ნამდვილად არ ველოდი. არასოდეს დამავიწყდება ქალბატონი ლალი თოდრია, რომელმაც ბენზინის ავზი სრულად გამივსო. ეს იყო ძალიან დიდი თანადგომა. ექსპერიმენტის მთავარი აზრი ისაა, რომ არავის არ ვართმევთ ფულს ტყუილად. ბევრი მწერს რომ ანგარიშის ნომერი დაწერე და ჩაგირიცხავთ, გამოიარეთ და ფულს მოგცემთ და ა.შ. ფულის გამორთმევა ტყუილად არ მინდა, იმიტომ, რომ არაა გამორიცხული ვინმემ თქვას სად წაიღე ის ფული რაც მოგეცითო (თუმცა გამომუშავებულიც სად დავხარჯე სულ დეტალურად ვწერ "ფეისბუკზე"), მერე ვიღაც დაეჭვდეს და ამიცრუვდეს გული ყველაფერზე. ამიტომ მირჩევნია შრომით გავაკეთო ეს საქმე.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)