"არ ვიცი, რატომ უნდა ითხოვდნენ ივანიშვილის დაკითხვას" - გაჩეჩილაძე "მაესტროს" წილს ასათიანისგანაც იყიდის?! - კვირის პალიტრა

"არ ვიცი, რატომ უნდა ითხოვდნენ ივანიშვილის დაკითხვას" - გაჩეჩილაძე "მაესტროს" წილს ასათიანისგანაც იყიდის?!

გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელეკომპანია "მაესტროს" 55%-იანი წილის მფლობელი გია გაჩეჩილაძე მაკა ასათიანის 25%-იან წილს ყიდულობს, თავად გაჩეჩილაძემ უარყო. როგორც გია გაჩეჩილაძემ kvirispalitra.ge-ს განუცხადა, მოლაპარაკებები მხოლოდ ერთობლივ მართვაზე მიმდინარეობს.

"ვინ გაავრცელა ეს ტყუილი ინფორმაცია წარმოდგენა არ მაქვს. საჯარო კომენტარებისგან თავს ვიკავებთ ორივე მხარე, სანამ არ დამთავრდება მოლპარაკების პროცესი, მაგრამ იმდენად, რამდენადაც გავრცელდა ტყუილი ინფორმაცია, წილის ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებით, გეუბნებით რომ არანაირი მოლაპარაკება არ მიდის წილის შეძენაზე, მოლაპარაკებები მხოლოდ ერთობლივ მართვაზე მიმდინარეობს".

წილების ყიდვა-გაყიდვაზე გავრელებული ინფორმაცია უარყო მეორე მხარემაც. როგორც მაკა ასათიანის ადვოკატმა გიორგი გვენეტაძემ განაცხადა, მოლაპარაკებები გია გაჩეჩილაძესა და მაკა ასათიანს შორის წილების გასხვისებასთან დაკავშირებით ამჟამად არ მიმდინარეობს.

"მაკა ასათიანს წილი გია გაჩეჩილაძისთვის არ მიუყიდია. გავრცელებული ინფორმაცია არის არასწორი, მცდარი, დეზინფორმაცია. მოლაპარაკებები ამჟამად ამ საკითხზე არ მიმდინარეობს".

დღესვე, მამუკა ღლონტის ადვოკატმა პაატა კიკვიძემ სასამართლოს მიმართა თხოვნით, "მაესტროს" წილების საქმეზე მოხდეს ბიძინა ივანიშვილის, ვანო ჩხარტიშვილისა და გია ხუხაშვილის დაკითხვა. კიკვიძემ აღნიშნული ახსნა იმით, რომ ამ ადამიანებს "წილების გასხვისებასთან აქვთ კავშირი".

დეტალების გასარკვევად, გია ხუხაშვილს ვესაუბრეთ:

- ალბათ სადავო 25%-იან წილთან დაკავშირებით, ღლონტის ადვოკატი ფიქრობს, რომ ინფორმაცია რასაც ჩვენ ვფლობთ სასამართლოსთვის იყოს სასარგებლო გადაწყვეტილების მიღებისთვის. გარკვეული ტიპის ინფორმაციას ვფლობ, მონაწილეობას ვიღებდი ამ პროცესში, ხოლო რამდენად მნიშვნელოვანი იყო, ეს სხვა საკითხია, მაგრამ როგორც კანონმორჩილი მოქალაქე, თუ სასამართლოს გაუჩნდება ინტერესი, ბუნებრივია მათ კითხვებს ვუპასუხებ.

- და რატომ უნდა ითხოვდნენ ამ საქმეზე ბიძინა ივანიშვილის დაკითხვას?

- არ ვიცი, რატომ უნდა ითხოვდნენ ივანიშვილის დაკითხვას, ეს მათ ჰკითხეთ.

თეა ბეჟიტაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)