"ასე უსუსურად აფხაზს თავი არასდროს უგრძვნია" - კვირის პალიტრა

"ასე უსუსურად აფხაზს თავი არასდროს უგრძვნია"

"მაინც ვინ არის ეს სამშობლო, ხაჯიმბა და მისი გარემოცვა, რომლებიც ყოველდღე აუარესებენ ჩვენ ცხოვრებას"?!

რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, გალის შეხვედრების ფორმატი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში (IPRM), რომელსაც ბოიკოტი სოხუმმა 2012 წელს გამოუცხადა, განახლდა. ამ შეთანხმებას, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მონაწილეებმა 35-ე რაუნდის ფარგლებში მიაღწიეს... აღნიშნულ განდაწყვეტილებას "კონსტრუქციული" უწოდა მოსკოვმა და იმავე განცხადებაში ნატო-სთან საქართველოს დაახლოების პროცესზე მისი უკმაყოფილებაც ახსენა...

ჟენევაში მიღწეულ შეთანხმებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო "ხანგრძლივი კონსულტაციებისა და ძალისხმევის" შედეგს უწოდებს და მიაჩნია, რომ ოთხწლიანი პაუზის შემდეგ გალის შეხვედრების განახლება ძალზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

საკითხს სწორედ უსაფრთხოების ჭრილში განიხილავს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე:

"ეს არის მექანიზმი, რომელიც ასე თუ ისე უზრუნველყოფს, გარკვეულწილად, სტაბილურობას და იმ უფლებების უზრუნველყოფას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას სჭირდება... შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ ეს ფორმატი იმუშავებს ეფექტიანად".

როგორც აფხაზეთის ხელმძღვანელობა აცხადებს, თავის დროზე, აღნიშნულ ფორმატზე უარი "ობიექტური მიზეზით" იყო განპირობებული, მათ თქმით, ეს ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის ყოფილ ხელმძღვანელს ანჯეი ტიშკევიჩს უკავშირებოდა, რომელსაც მიკერძოებასა და არაობიექტურობაში ადანაშაულებდა. პოლონელი დიპლომატის ცალკეულ გამონათქვამებს სოხუმში სკანდალურს უწოდებდნენ, შემდეგ კი, ანჯეი ტიშკევიჩი "არასასურველ პერსონად" გამოაცხადეს და გალის შეხვედრებზე თქვეს უარი, მოუხედავად იმისა, ტიშკევიჩმა პოსტი მალევე დატოვა.

4 წლის შემდეგ, რა გახდა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის პრაქტიკის აღდგენის მიზეზი, ამაზე ანალიტიკოსებს ერთმანეთისგან განსხვავებული ვერსიები აქვთ, თუმცა, იმაზე ყველა თანხმდება, რომ ამ გადაწყვეტილებას რუსეთის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების გარეშე ვერ მიიღებედნენ... რაც შეეხება შედეგს, მათივე თქმით, კონფლიქტის მხარესთან ნებისმიერი სახის შეხვედრა კარგია, მაგრამ მაინცდამაიც დიდ შედეგს არ უნდა ველოდოთ, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ცხინვალთან ეს პროცესი არ შეწყვეტილა, თუმცა, გატაცებები, მავთუხლართების გავლება და სხვა ტიპის დარღვევები მაინც მუმდივად ხდება...

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, საკმაოდ პოზიტიურად შეხვდნენ ამ სიახლეს ოკუპირებული აფხაზეთში. სოციალურ ქსელებში აფხაზები უკვე არ მალავენ ამგვარ განწყობას და პირდაპირ წერენ, რომ ნებისმიერი ფორმატი, რომელიც "მათზე მეტად განვითარებულ ქვეყანასთან" მეტ ინტეგრაციას მოიტანს, "ჩამორჩენილი" და "დეპრესიული" აფხაზი საზოგადოებისთვის უკეთესი იქნება...

ნიკოლოზ ნანბა, დამოუკიდებელი პუბლიცისტი:

- როგორც დანარჩენი განვითარებადი ხალხი, აფხაზებიც ძალზე პოლიტიზებული არიან და ნებისმიერი სიახლეს გაფაციცებული ადევნებენ თვალყურს. არავინ იცის, რაზე შეთანხდმენ აფხაზი და ქართული მხარეები, რადგან მოსკოვი ასე ადვილად არ დართავდა ამის ნებას, მაგრამ ეს ცალკე განხილვის თემაა... საქმე ისაა, რომ აფხაზეთში შექმნილი უმძიმესი ფონისა და სხვა მიზეზების გათვალისწინებით, ქართული მხარის მიმართ ნდობა თანდათან შესამჩნევი ხდება. რუსეთიდან აფხაზეთისთვის საქართველოს მიერ შესყიდული ელექტროენერგიის ამბავსაც ჩვენში ძალიან მცირე პროტესტი მოჰყვა, რაც ადრეულ წლებში თითქმის წარმოუდგენელი იყო. აფხაზეთში უკვე ვრცელდება ხმები, რომ საკუთარი პრობლემებით დაღლილ რუსეთს, "განვითარებადი აფხაზეთის" პრობლემები თანდათან ბეზრდება...

დიმიტრი შუშანია, სოხუმელი აფხაზი:

- მივესალმები საქართველოს მიმართულებით ყველა სასიკეთო სიახლეს, - 26 წლის ვარ. ჩემმა მშობლებმა "ტყავი გაიძრეს", რომ, კარგი განათლება მიმეღო, ნარკოტიკი არ გამესინჯა, კრიმინალურ წრეში არ გავრეულიყავი, არ მექურდა და მეყაჩაღა... მამაჩემი სოჭსა და სოხუმს შორის სამარშრუტო ავტობუსის მძღოლია, დღე და ღამე გაერთიანებული აქვს, რომ ოჯახს არაფერი მოაკლდეს... ვუყურებ რა დღეში არიან ისინი, ვისაც მშობლების აზრი არ ან ვერ გაითვალისწინეს; ვისაც ასაკობრივმა სირთულეებმა გადასძლია და ჯანმრთელობა თუ მთელი ცხოვრება დაინგრია... ჩვენ, რამდენიმე მეგობარმა ბევრის გადარჩენა ვერ შევძელით და დავკარგეთ, მაგრამ ვართ და არიან ისეთებიც, ვინც ისწვლა, ქუჩაში არ მდგარა, ლექციებზე დადიოდა, გამოცდებს აბარებდა და დიპლომის აღების შემდეგ, მივხვდით, ცოდნის რეალიზაცია ამ ქვეყანაში, სადაც წლებია კადრების დეფიციტია, ფაქტობრივად, შეუძლებელია... მე ვარ უპერსპექტივო და უპატრონო დიპლომიანი კადრი, რომელიც ჩემს ქვეყანას არ ვჭირდები... ამას წინათ მეგობრის მამას ვთხოვე დახმარება,  სასტუმრო აქვს და - იქნებ, რამეში გამოგადგეთ-მეთქი, - ზაფხულში შეგეხმიანებიო... მიმტანის ვაკანსია მაინც გამოიძებნება ჩემთვის იმედია...  მუშაობა არ მეზარება, მაგრამ რისთვის ვისწავლეთ მე და უამრავმა ჩემნაირმა? და მაინც გვეუბნებიან, რომ ყველაფერი კარგად არის; მთავარია, სამშობლო გიყვარდეს და ყველაფერი კარგად იქნება; მაინც ვინ არის ეს სამშობლო, ხაჯიმბა და მისი გარემოცვა, რომლებიც ყოველდღე აუარესებენ ჩვენ ცხოვრებას?! მერ ვიღაცები აგრესიით დაწერენ, რომ მავანს საქართველოსკენ უჭირავს თვალი. მე კეთილდღეობა მინდა ჩემს ქვეყანაში. თქვენ მას ვერ ქმნით და არც ჩვენ გვაძლევთ რამის შეცვლის საშუალებას... მე ჩემი ხალხის, ჩემი ოჯახის წინაშე ვგრძნობ პასუხისმგებლობას, მათ ყველაფერი გააკეთეს ჩემთვის, მე კი რაში გამოვადექი?! ამიტომაც ნებისმიერ რამეს მივესალმები, რაც ჩვენზე განვითარებულ ქვეყნებთან მეტი კომუნიკაციის საშუალებას მოგვცემს, ოღონდ არა ისე, როგორც რუსეთშია, ვინმე რემოკემენდაცია თუ არ გაგიწია, ზედაც არავინ შემოგხედავს...

სამანტა ქეცბა, სოხუმელი აფხაზი:

- ახლობელი წერდა, რომ ერთ თვეში 3 ადამიანის თვითმკვლელობის ამბავი გაიგო. ყველა ხომ კარგად ვიცით, რომ ეს არც გუშინ დაწყებულა არც ხვალ დასრულდება... აფხაზეთში არ არის განვითარების პერსპექტივა. სწორედ ეს არის დეპრესიის მიზეზი. ხალხი უსაქმურობისგან თვიმთკვლელობამდე მივიდა. სად ვართ საერთოდ?! რა გვინდა, ვინმეს აწუხებს ეს? ან მედია გვყავს, რომელიც ამ პრობლემას ხელისუფლებამდე მიიტანს? ასე მგონია, ასე უსუსურად აფხაზს თავი არასდროს უგრძვნია. სასოწარკვეთილება, რომლამდეც უმოქმოდებისგან მიდიან, ახლა ძალზე საგრძნობია და სახიფათოი საზღვრებს იძენს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)