"საქართველოდან ყველა წავიდა, ჩემი შვილიც წავიდა... რას დაემსგავსა ქვეყანა"? - რა ელით დაკარგულ მოხუცებს? - კვირის პალიტრა

"საქართველოდან ყველა წავიდა, ჩემი შვილიც წავიდა... რას დაემსგავსა ქვეყანა"? - რა ელით დაკარგულ მოხუცებს?

გთავაზობთ ნაწყვეტს ჟურნალ "გზის" 31 მარტის ნომერში გამოქვეყნებული სტატიიდან:

ჯადოსნური წრე სახელმწიფო უწყებებს შორის, ანუ სად მივიყვანოთ დაკარგული მოხუცები?

"წავიდა... საქართველოდან ყველა წავიდა, ჩემი შვილიც წავიდა... რას დაემსგავსა ქვეყანა? ყველა გარბის. უკანმოუხედავად გვტოვებენ, შვილმა დამტოვა..." - რა გქვიათ, ბებო, რა გვარი ხართ? - ჰკითხა ვიღაცამ - "რა მქვია?.. - ჰო, სახელი რა გქვიათ?.. - ვაიმე, რა მქვია, ისა... რანაირად დამავიწყდა?.. ყველა წავიდა... რატომ წავიდნენ, რატომ... ყველა მიდის..." - დაუსრულებლად გაიძახოდა 70 წელს გადაცილებული მოხუცი ქალი. გრძელ და თბილ მოსასხამზე გრძელი და ჭრელი საშინაო ხალათი ჰქონდა შემოცმული და ხელში მამაკაცის შარფი ჩაებღუჯა...

ამ ამბავს ვაკეში, თამარაშვილის ქუჩაზე შევესწარი. მოხუცი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ავტობუსიდან ჩამოიყვანეს. კონტროლიორი მისი არაადეკვატური პასუხებით მიმხვდარა, რომ დაკარგული იყო და პატრული გამოიძახა... მოხუცი პატრულს გაუძალიანდა, კარგა ხანს არ უნდოდა ჩამოსვლა, მაგრამ შემდეგ დაუჯერა. არაფერი ახსოვდა, - სახელი, გვარი, საცხოვრებელი ადგილი... - მეოთხე წრეზე მომყვება, რა ვიცი, სად ამოვიდა, რას დავაკვირდებოდი?.. სამ საათზე მეტია, აქ ზის, - დანანებით ამბობდა ავტობუსის მძღოლი. პატრულის თანამშრომლებმა გაჩერებასთან, სკამზე დასვეს...

- რა გქვიათ, ბებო? - უკვე მერამდენედ ეკითხებოდა პატრულის თანამშრომელი. - მე-ე?.. ისა, რა მქვია, სახელი... ჩემი სახელი... საქართველო... ჩემი საცოდავი საქართველო. რას დაემსგავსა? ყველა წავიდა... წლებია, ყველა მიდის... ჩემი შვილიც წავიდა... - ერთსა და იმავე ტექსტს გაზეპირებულივით იმეორებდა მოხუცი. - შვილს რა ჰქვია, ბებო?.. იქნებ რამე საბუთი ჰქონდეს, - გადაულაპარაკეს ერთმანეთს პატრულის თანამშრომლებმა, - ბებო, საბუთი გაქვთ? პირადობა, პასპორტი... - სადაც ვმუშაობდი, იქ სხვანიარად იყო ყველაფერი, - იმეორებდა მოხუცი... - რაიმე საბუთი თუ გაქვთ? - ამჯერად მე ვკითხე. გამიღიმა, ხელში ჩაბღუჯული შარფი მომაწოდა, შემდეგ, მისი ასაკისთვის უჩვეულოდ სწრაფად გაიძრო საშინაო ხალათი და მითხრა, თავად შემემოწმებინა მისი ჯიბეები, - არ ვიცი, ბებო, აბა, ნახეო, - მითხრა.

არ ვიცი, სად იყო, რომელ წლებში, რომელ საქართველოში დატოვა დრომ და ულმობელმა დაავადებამ, მაგრამ გონებიდან უკვე დავიწყებულ-გაფანტული ტანჯვა თვალებში ჩაჰბუდებოდა... - რას არ მივცემდი, ერთი წუთით მაინც რომ გაეხსნას გონება, - თქვა ჩემ უკან მდგარმა უცნობმა ბიჭმა და ახლა მან სცადა, მოხუცს რამის გახსენებაში წაშველებოდა... - "ბომჟს" არ ჰგავს. ეტყობა, ოჯახიდანაა გამოსული. ეჰ, არავინ იცის, ვის როგორი სიბერე გველოდება, - თქვა იქვე მდგარმა ქალმა და მოხუცს ნაღვლიანი მზერა მოავლო.

ციოდა, წვიმდა და ქარი უბერავდა. მოხუცი ქალბატონი სკამზე დავსვით. ქარი სახეში უბერავდა და ჭაღარა თმას უწეწავდა... პატრულის ორივე თანამშრომელი გამალებული რეკავდა განყოფილებაში, - ზარი ხომ არ შემოსულა დაკარგული ადამიანის თაობაზეო? - მაგრამ უარყოფით პასუხს იღებდა. - როგორც კი ვინმე დარეკავს, მაშინვე გაგვაგებინეთ, - უბარებდნენ ისინი და თავიანთ ადგილსამყოფელს უთითებდნენ. მერე სთხოვეს, სხვა განყოფილებებში დაერეკათ და გაერკვიათ, დაკარგული ადამიანის შესახებ ხომ არ შესულა შეტყობინება?..

რა ელით დაკარგულ მოხუცებს თბილისში?

რატომ უწევს პატრულის ეკიპაჟს ზოგჯერ მათი ლამის მთელი ღამე თან ტარება?

ვინ არის პასუხისმგებელი მათ დაბინავებაზე?

რას პასუხობენ ჟურნალისტს ქალაქის მერიასა და ჯანდაცვის სამინისტროში ამ პრობლემის თაობაზე?

ეს ყველაფერი წაიკითხეთ ჟურნალ "გზის" 31 მარტის ნომერში