"ჩანს პოლიტიკაში წასვლის სურვილი აქვს და სტალინის გამო დევნილის იმიჯს სათავისოდ იყენებს" - კვირის პალიტრა

"ჩანს პოლიტიკაში წასვლის სურვილი აქვს და სტალინის გამო დევნილის იმიჯს სათავისოდ იყენებს"

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ გორის სუხიშვილის სასაწავლო უნივერსიტეტიდან ანტისტალინური პოზიციის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს ამავე უნივერსიტეტის პედაგოგი არინა თავაქარიშვილი.

ტელეკომპანია "რუსთავი2"-თან კომენტარში ქალბატონმა არინამ ეს ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა რომ, სწორედ ანტისტალინური შეხედულების გამო მოხდა მისი სამსახურიდან დათხოვნა. (ფოტოზე: არინა თავაქარიშვილი). რამდენად შეესაბამება ეს ინფორმაცია სინამდვილეს, ამის გარკვევა თავად ქალბატონ არინასთან და უნივერსიტეტის წარმომადგენლობასთან ვცადეთ. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, ქალბატონმა არინამ ჩვენს კითხვებს არ უპასუხა. გვესაუბრება სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ქალბატონი ეკა სუხიშვილი:

- ეს არის წმინდა წყლის პროვოკაცია და ტყუილი. ქალბატონი არინა 2005 წლიდან მუშაობდა სუხიშვილის სასწავლო უნივერსიტეტში. ამ დროის განმავლობაში იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს: იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ერთ-ერთი ფაკულტეტის დეკანი, საზღვარგარეთთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, პიარის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე. მას ჰქონდა სრული სამუშაო თავისუფლება და მის საქმიანობაში არავინ არასდროს ჩარეულა. უნდა ვთქვა, რომ მიმძიმს ამ თემაზე ლაპარაკი, რადგან გარდა სამსახურებრივი ურთიერთობისა, ქალბატონ არინასთან ჩემს ოჯახს პირადი, ახლობლური ურთიერთობა აკავშირებს. ის, რომ არინა სამსახურიდან გავუშვით მისი პოლიტიკური შეხედულების გამო, არის სრული ცილისწამება!

ის ყოველთვის აქტიურად გამოხატავდა საკუთარ პოზიციას, რასაც უნივერსიტეტი თუ მიესალმებოდა, თორემ წინ არასოდეს აღდგომია. მაქვს გონივრული ეჭვი, თუ რატომ გახდა ეს ინციდენტი აქტუალური სწორედ ახლა. საგანმანათლებლო სისტემის ჩათრევა პოლიტიკაში ყველაზე კარგი პიარია არინასათვის, რომელსაც, როგორც ჩანს, პოლიტიკაში წასვლის სურვილი აქვს და სტალინის გამო დევნილის იმიჯს სათავისოდ იყენებს და სურს წამებულის მანტია მოისხას. ჩვენ გვყავს 250 თანამშრომელი რომლებსაც აბსოლუტურად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვთ, ზოგი ოპოზიციას უჭერს მხარს, ზოგი პოზიციას, და ამის გამო არასოდეს არავისთვის მიგვითითებია კარისკენ და არც მომავალში ვაპირებთ ვინმეს სამსახურიდან დათხოვნას პოლიტიკური შეხედულებების გამო. ჩვენი ერთადერთი მიზანი და სურვილია, ვიზრუნოთ ბავშვების განათლებაზე.

- და მაინც რატომ მოუწია მას უნვერისტეტიდან წასვლა?

- იმის გამო, რომ ამ სემესტრში არ ჰქონდა საათობრივი დატვირთვა. ამის გამო მის გარდა სხვა პედაგოგებთანაც მოხდა დროებით თანამშრომლობის შეწყვეტა... ეს ჩვეულებრივი სამუშაო პროცესია და ყველაფერი დამოკიდებულია სტუდენტების რაოდენობაზე. 2 წლის წინ გვყავდა 1200 სტუდენტი, წელს გარკვეული სტრუქტურული ცვლილების გამო მხოლოდ 800-ის მიღება მოვახერხეთ. საგრძნობლად შემცირდა ჯგუფების რაოდენობა. მაგალითად, ქალბატონი ნინო ბიბილაშვილი, რომელიც არის არჩეული პროფესორი, ასევე საათების გარეშე დარჩა, რადგან მისი საგანი ამ სემესტრში არ იკითხებოდა, თუმცა მას პროტესტი არ გამოუთქვამს. არინას არ აქვს სამეცნიერო ხარისხი და მოგეხსენებათ, რომ ხარისხის მქონე პედაგოგი პრიორიტეტულია, მაგრამ თუ სექტემბერში გვეყოლებოდა სტუდენტების შესაბამისი რაოდენობა და მისი საგანი იქნებოდა მოთხოვნადი, ბუნებრივია, ჩვენ მხოლოდ მივესალმებოდით, თუ ის ისევ წაიკითხავდა ლექციებს.

- თავად ქალბატონი არინას განცხადებით, 2 ოქტომბერს გორში იყო შეხვედრა სტალინის ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით, სადაც ის გამოვიდა სიტყვით ძეგლის დადგმის წინააღმდეგ და სწორედ ეს გამოსვლა გახდა მისი გათავისუფლების საბაბი...

- ეს არის ცალსახა ტყუილი, რადგან ამ შეხვედრის მერე ის ჩვეულებრივ აგრძელებდა ჩვენთან თანამშრომლობას, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. ჩვენ რომ მასთან თანამშრომლობის გაწყვეტა გვდომებოდა, აქამდე არ მოვიცდიდით. ახლა გახდა არინა ანტისტალინელი და ჩვენ სტალინელები?! რა დროს სტალინია 21-ე საუკუნეში?! სირცხვილია ამ თემით აპელირება, როდესაც საქმე უნივერსიტეტის რეპუტაციას ეხება. ორმაგად სამწუხაროა, რომ არინამ გადაწყვიტა პიარის გაკეთება უახლოესი ადამიანების ხარჯზე. არ შეიძლება მეგობრების გაწირვა იმისათვის, რომ პოლიტიკაში მოხვიდე.

ლადო გოგოლაძე (სპეციალუარდ საიტისთვის)