"28 წლის ბიჭი შუა ქალაქში დაიკარგა..." - კვირის პალიტრა

"28 წლის ბიჭი შუა ქალაქში დაიკარგა..."

"არავის ვუსურვებ იმას, რაც მის ოჯახში ხდება, დედა სიგიჟის ზღვარზეა; ბებია სიცოცხლეს იწყევლის, - ჩემს წამლებს შეეწირაო..."

რამდენიმე დღის წინ ფოთში დაკარგული 28 წლის მამაკაცის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. გალის რაიონიდან გადმოსული ზუგდიდში პირად საქმეზე გადმოსული გიგა გოგოხია ფოთში გასართობად მეგობართან ერთად წავიდა. ისინი გარკვეული დროის განმავლობაში რესტორანში იმყოფებოდნენ, მოგვიანებით, მათ ზუგდიდში წასვლა ტაქსით გადაწყვიტეს, თუმცა, გიგას ტაქსის მძღოლთან შეკამათება მოუვიდა, რომელიც ბიჭებს პატრულის გამოძახებით დაემუქრა... სწორედ აქ იკარგება გიგა გოგოხიას კვალი.

როგორც დაკარგულის მეგობარი ჩვენთან აცხადებს, ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მომხდართან დაკავშირებით არანაირი ვერსია არ გააჩნიათ. მისივე თქმით, გიგა უკონფლიქტო ადამიანი იყო, სერიოზული ჩხუბი არასდროს არავისთვიან მოსვლია. მათთვის წარმოუდგენელია იმის დაჯერება, რომ გიგასთვის ვინმეს სერიოზული პრობლემა შეექმნა. ოჯახი მოითხოვს, რომ ძებნის ოპერაცია დაჩქარდეს...

ხვიჩა, გიგა გოგოხიას მეგობარი:

- გიგა, გალში, სოფელ საბერიოში, ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ამ დღეებში ბებია ჰყავდა ცუდად და ზუგდიდში, მედიკამენტების შესაძენად გადასულა. დღის 4 საათზე, დედამისისთვის დაურეკავს დ უთქვამს, - ყველაფერი ვიყიდე და კიდევ რამე ხომ არ გჭირდებათო... ამის შემდეგ, ოჯახის წევრებმა მასთან დაკავშირება კიდევ სცადეს, მაგრამ მისი ტელეფონი გამორთული იყო. ზუგდიდში უნახავს თავისი მეგობარი ბიჭი, რომელთანაც ერთად ფოთში ჩასულა, - იქ ერთ-ერთ რესტორანში ცოტა დაულევიათ, იქიდან გამოსულებს ქუჩაში უსეირნიათ და შემდეგ, ისევ სხვა რესტორანში შესულან, საიდანაც საღამოს 11 საათისთვის გამოსულან...

- ამას გიგას მეგობარი ჰყვება, რომელთანაც ერთად იყო?

- დიახ, ის ბიჭიც ძალიან ცუდად არის... მას სამართალდამცავები უკვე ელაპარაკნენ. ერთი სიტყვით, ზუგდიდში დაბრუნებას ტაქსით აპირებდნენ თურმე. ტაქსები ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდგარან. რამდენიმე მათგანს გასაუბრებიან, - ზუგდიდში წასვლა გვინდაო, მაგრამ მათ მიერ დასახელებული მგზავრობის საფასური ეძვირათ თურმე. ნასვამები ყოფილან და გიგას ერთ-ერთი ტაქსისტის ავტომანქანის საბურავზე ფეხი წაურტყამს. იქიდან მძღოლი გამოვარდნილა და ბიჭებს დამუქრებია, - პატრულში დავრეკავო... ეტყობა, ცოტა ხმამაღალი კამათიც მოუვიდათ. ამ დროს ბიჭები სხვადასხვა მიმართულებით წასულან და ერთმანეთის გზა-კვალი დაკარგეს. რაღაც დროის შემდეგ, გიგას იმ ბიჭს გიგას ნომერზე დაურეკავს, მაგრამ ამბობს, უკვე გამორთული ჰქონდაო. რამდენიმე საათის განმავლობაში ვრეკავდი, შემდეგ კი, სადღაც საოჯახო სასტუმროში გაუთენებია ღამე. ამბობს, - გიგა უკვე წასული მეგონაო... დილით ისევ უცდია გიგასთან დაკავშირება, მაგრამ მისი ტელეფონი ისევ გამორთული იყო. უფიქრია, ალბათ გიგა უკვე წასული იქნება და როგორც კი ზუგდიდში ჩასულა, იქაც უძებნია, შეძლებისდაგვარად.

- ეს როდის მოხდა?

- პირველ აპრილს და მას შემდეგ ვეძებთ...

- რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ტაქსები ზღვის სანაპიროზე იდგნენო, თქვით...

- დიახ, მაგრამ როგორც მისი მეგობარი ამბობს, იმ მხარეს, საითაც გიგა წავიდა კედელია აღმართული, რომელსაც ვერ გადავიდოდა. კიდევაც რომ გადასულიყო, იმ ადგილიდან ზღვამდე დაახლოებით ერთი კილომეტრია და მას იქამდე წასვლის თავი, სავარაუდოდ, არ ექნებოდა. ანუ ფოთიდან არსად წასულა. რაც უნდა დაუჯერებელი იყოს, იქ დაიკარგა...

- ზღვაში გადავარდნის ვერსია გამორიცხულია?

- თითქმის გამორიცხულია, რადგან ახლა ზღვის სეზონი არ არის და საეჭვოა ზღვისკენ წასულიყო. თან, როგორც გითხარით, იმ ადგილიდან ზღვამდე დაახლოებით ერთი კილომეტრია. ფაქტია, რომ 28 წლის კაცი შუა ქალაქში დაიკარგა. არავის ვუსურვებ იმას, რაც მის ოჯახში ხდება, დედა სიგიჟის ზღვარზეა; ბებია სიცოცხლეს იწყევლის, - ჩემს წამლებს შეეწირაო... ყველა შესაბამის უწყებას მივმართეთ, აჭარისა და ფოთის პოლიციას, ასევე დავუკავშირდით საავადმყოფოებსაც, მაგრამ მის კვალს ვერსად მივაგენით. სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია პოლიციაც. ჩვენ დამოუკიდებელადაც ვეძებეთ, არ ვიცი, რა შეიძლებოდა დამართნოდა.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)