"ხაშურს რატომ დასცინიო"? - რას წერილებს იღებს "ხაშურელი თენგო" სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები" - კვირის პალიტრა

"ხაშურს რატომ დასცინიო"? - რას წერილებს იღებს "ხაშურელი თენგო" სერიალიდან "ჩემი ცოლის დაქალები"

რას საქმიანობს სინამდვილეში ხინკლის კუჭების "დამწყები ბიზნესმენი"

ბილწსიტყვაობის მოყვარული ხაშურელი თენგო და ღორეშელი ბაქარი სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" ხინკლის კუჭების ბიზნესს დიდი ენთუზიაზმით იწყებენ. თენგოს როლის შემსრულებლის - 26 წლის მსახიობ შოთიკო ნოზაძის მიმართ, მისი გმირის არასახარბიელო ლექსიკის გამო, მაყურებელთა ნაწილი საყვედურს გამოთქვამს.  ჟურნალი "გზა" 14 აპრილის ნომერში სწორედ შოთიკო ნოზაძესთან გთავაზობთ ინტერვიუს, რომლიდანაც გთავაზობთ ამონარიდებს:

შოთიკო ნოზაძე:

- "ჩემი ცოლის დაქალების" კასტინგის მენეჯერი დამიკავშირდა და მთხოვა, - სინჯზე მისვულიყავი. ტექსტი წინასწარ გამომიგზავნეს... თურმე, თენგოს როლისთვის კასტინგზე რამდენიმე ადამიანი ყოფილა...

გიორგი ლიფონავა გამესაუბრა. ჯვრისწერის მერე, საგურამოში სუფრის სცენა უნდა "გაგვევლო". ტექსტის თქმა რომ დავიწყე, ლიფონავამ გამაჩერა, თავის გვერდით მჯდომზე მიმითითა და მითხრა: - წარმოიდგინე, რომ ეს ბაქარია. როგორ გაიცნობო? ზუსტად ის ტექსტი ვთქვი, რაც შემდეგ - სერიალში: ბაქარი შენა ხარ, ძმა-მეთქი? ამ სიტყვების მერე, რეჟისორმა მითხრა: მორჩა, როლზე დამტკიცებული ხარო (იცინის)... ყველა პირდაღებული, გაოცებული ტაშს უკრავდა. თურმე, ლიფონავას როლისთვის ასე არავინ აუყვანია...

- თავიდანვე გარკვეული იყო, რომ თენგო ხაშურელი უნდა ყოფილიყო?

- კი, ტექსტი როცა გამომიგზავნეს, მითხრეს, რომ თენგო ხაშურელია.

- კილო ასე კარგად როგორ მოირგე, წარმოშობით საიდან ხარ?

- წარმოშობითაც ხაშურიდან ვარ, მაგრამ 4 წლიდან რუსთავში ვცხოვრობ, სკოლაც რუსთავში დავამთავრე. ხაშურში დასასვენებლად მივდიოდი ხოლმე, იქ მეგობრები მყავს. შესაბამისად, ვიმუშავე და ხაშურული კილოს მორგება არ გამჭირვებია.

- თენგო ბევრს იგინება. ეს შენი "დამსახურებაა" თუ სცენარისტების?

- ზოგჯერ სცენარისტების, ზოგჯერ - ჩემი: ტექსტში უცენზურო სიტყვები წერია, მე კი ხანდახან რაღაცას გამოვტოვებ ხოლმე... მოკლედ, ხან უცენზურო გამოთქმებს ვაკლებ, ხან - ვამატებ.

...

- ხაშურელები რას გეუბნებიან მას მერე, რაც თენგოს როლით სერიალში გამოჩდი?

- მათთან აქტიური კონტაქტი არ მაქვს, რამდენიმე ათეულ ადამიანს (ჩემს მეგობრებს) თუ არ ჩავთვლით. ისინი ჩემი გმირის მიმართ დადებითად არიან განწყობილი. "ფეისბუკზე" რაღაც წერილები დამხვედრია. მაგალითად, ხაშურს რატომ დასცინიო? წერილების ავტორებისთვის ამიხსნია, რომ ეს ასე არ არის და ყველაფერი სწორად გაუგიათ.

- ხინკლის კუჭების ბიზნესის მიმართ, პირადად შენ, როგორ ხარ განწყობილი?

- საინტერესო იდეაა (იცინის). შეიძლება, მიმბაძველებიც გამოუჩნდნენ და ხინკლის კუჭების ბიზნესის წარმოება ვინმეს ჭკუაში დაუჯდეს...

გაამართლებს თუ არა ბაქარისა და თენგოს ბიზნესი ან რას ეუბნება ქუჩაში ხალხი მსახიობს? - წაიკითხეთ სრულად ჟურნალ "გზის" 14 აპრილის ნომერში.