"ნანილა" - სამშობლოდ ქცეული ანსამბლი და ქართველი ემიგრანტების წარმატება იტალიაში - კვირის პალიტრა

"ნანილა" - სამშობლოდ ქცეული ანსამბლი და ქართველი ემიგრანტების წარმატება იტალიაში

ქართული ხელოვნების, ცეკვისა და სიმღერის სიღრმესა და სილამაზეზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ როდესაც საქმე ქართველ ემიგრანტთა ხელოვანებს ეხება, მაინც განსაკუთრებულად მგრძნობიარენი ვხდებით და ყოველი წარმატება ორმაგად გვიხარია.

იტალიაში, კერძოდ კი ქალაქ ფლორენციაში, წმინდა ნინოს ქართულ მართლმადიდებლურ ტაძართან არსებული ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლი "ნანილა" მხოლოდ მესამე წელია არსებობს, მაგრამ იტალიელ მაყურებელსა და კულტურის სფეროს მოღვაწეებს თავი უკვე დაამახსოვრა.

ანსამბლმა, ამ პერიოდის განმავლობაში, არაერთი საქველმოქმედო სოლოკონცერტი გამართა. გარდა ამისა, გასული წლის ივნისის თვეში, ქალაქ სალერნოში, პაესტუმეში, ასოციაცია CONFSPORT ITALIA"-ს ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე ფოლკლორის ნომინაციაში გაიმარჯვა. ქართველებმა ორგანიზატორებს თავი ისე დაამახსოვრეს, რომ ერთადერთი უცხოური გუნდი გახდა, რომელიც ფესტივალის ორგანიზატორებმა ყველა დანარჩენისაგან გამოარჩიეს და რამდენიმე დღის წინ, 16-17 აპრილს გამართულ ნაციონალურ კონკურსზე, საპატიო სტუმრის სტატუსით მიიწვიეს.

კონკურსზე, რომელიც იტალიის ისტორიული ქალაქის, სპოლეტოს ულამაზეს თეატრში Teatro nuovo Gian Carlo ჩატარდა, ქართველებმა განსაკუთრებული მოწონება და ოვაცია დაიმსახურეს. ეს კი, იტალიელი მაყურებლისაგან, არცთუ იოლი მისაღებია. ანსამბლი მაყურებლის წინაშე ოთხი ცეკვით წარსდგა: ქართული, განდაგანა, ნარნარი და სპეციალურად ამ დღისათვის დადგმული - ქალაქური. ცეკვა ქართული, 28 წლიანი პაუზის შემდეგ, თავად დამსახურებულმა ქორეოგრაფმა რიტა სიმსივემ შეასრულა. ეს სანახაობა იტალიელებს ალბათ დიდხანს არ დაავიწყდებათ. ორგანიზატორებმა ანსამბლსა და გამორჩეულად მის ქორეოგრაფს, განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს, მონაწილეობისათვის სიგელიც გადასცეს და "ნანილა" მორიგ სართაშორისო ფესტივალზეც მიიწვიეს, ამჯერად როგორც კონკურსანტები. კონკურსი 10-11 ივნისს, იტალიის ქალაქ მონტეკატინიში გაიმართება.

ცნობისათვის: ქართული ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლ "ნანილას" ჩამოყალიბება, იტალიის ქალაქ ფლორენციაში მამა ანდრია ლაცაბიძის ჩასვლას უკავშირდება. ყველაფერს საფუძველი 2011 წლის იანვარში ჩაეყარა, როდესაც ტოსკანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მოთხოვნით, საქართველოს საპატრიარქომ, ფლორენციაში მამა ანდრია ლაცაბიძე მიავლინა. მამა ანდრიას გამოჩენა ერთგვარი სტიმული გახდა ყოველგვარ ქართულს მოკლებული ემიგრანტებისათვის და მრევლმა ნელ-ნელა შეკრება დაიწყო.

დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ მეუფე აბრაამ გარმელიას ლოცვა -კურთხევით, ჩამოყალიბდა მგალობელთა შესანიშნავი გუნდი. მოგვიანებით მათ სამრევლოში მყოფი არაერთი მოყვარული თუ პროფესიონალი მომღერალი და მოცეკვავე შეუერთდა და მალე, ანსამბლის სახეც მიიღო. ანსამბლმა, რომლის წევრებიც, კვირის ერთადერთ კუთვნილ დასვენების დღეს თავდაუზოგავ რეპეტიციებს უთმობენ, საკუთარი შემოქმედება პროფესიონალურ დონეზე სულ მცირე დროში აიყვანა. მითუმეტეს, რომ მას თავიდანვე ისეთი ქორეოგრაფი და მუსიკალური ხელმძღვანელი ჩაუდგნენ სათავეში როგორებიც არიან რიტა სიმსივე და ნანა ჩიხიაშვილი. ამ ერთ ლამაზ შემოქმედებით ოჯახს კი სამხატვრო ხელმძღვანელი მაკა მონიავა აერთიანებდა. ანსამბლმა უკვე გამართა სოლოკონცერტები ქალაქებში - ფლორენცია, პიზა, ემპოლი, ვენეცია და მანტოვა. აღსანიშნავია, რომ კონცერტები საქველმოქმედო ხასიათს ატარებს და შემოსული თანხა საქართველოში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს ხმარდება.

ნინო მამუკაძე

იტალია, ფლორენცია