"ქალს რომ პირში საღეჭი რეზინა აქვს, ცალი ხელით სიგარეტს აბოლებს და მეორე ხელში ლუდს ატრიალებს - ამაზე ცუდი სანახაობა რა უნდა იყოს"? - კვირის პალიტრა

"ქალს რომ პირში საღეჭი რეზინა აქვს, ცალი ხელით სიგარეტს აბოლებს და მეორე ხელში ლუდს ატრიალებს - ამაზე ცუდი სანახაობა რა უნდა იყოს"?

"ქუთაისში კაცი თამადობდა და თურმე, ასეთი სადღეგრძელო წარმოთქვა: გავიხსენოთ თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი, ჩვენი დიდი წინაპრებიო... ამ დროს თურმე, ვიღაცას დააცემინა და როგორც იციან, სუფრის ერთ-ერთმა წევრმა ბეჭებზე დაჰკრა ხელი, - მათ მოსვლამდე არაფერი გეტკინოსო... თამადას ენამოსწრებულად უთქვამს: ისინი მოვიდნენ და მაგის კუბო არ დავდგიო?.." - ჯემალ ჭკუასელი ქართული სუფრის ტრადიციებზე გვესაუბრა...

- ბოლო დროს რაღაც ძალიან შეუტიეს "თამადობის ინსტიტუტს" - ისინი ან უმეცარი მოყვარულები არიან, ან მტრები! მე კი ვიცი, რატომაც შეუტიეს, მაგრამ დაჯერება არ მსურს... ყველაფერი ქართული მოჰბეზრდათ მავანთ და ამ მხრივ, გაუნათლებელი ხალხი ძალიან ადვილი ასაყოლიებელია. გაუნათლებელი დღეს ჟურნალისტიც ბევრია და სხვა სფეროში - კიდევ უფრო მეტი. ზოგიერთი გადადის მათ ჭკუაზე, ვისაც ებრაელების წყევლამ უწია: შენი არ იცოდე და სხვისი არ გჯეროდესო... ის მაინც იკითხონ, რას ნიშნავს ქართული სუფრა და თამადობა! ეს არის ყველაზე შესანიშნავი ტრადიცია მათთვის, ვინც ამის ფასი იცის! კარგი თამადების მეტი რა მინახავს? სიმონიკა სხირტლაძის თამადობის შესახებ გაგონილი გექნებათ, რომელიც მართლაც, ამ საქმის უბადლო ოსტატი იყო. ასევე, განუმეორებელი თამადა გახლდათ თემიკო ჩირგაძე. მათი სუფრა იყო ტრადიციული, ხალასი და ყოველთვის იმპროვიზებული... ასეთი ნათქვამი ხომ გაგიგონიათ: იმ თამადას რა ვუთხარი, რომელიც სადღეგრძელოს სათქმელად წამოდგება და იცის, რა უნდა თქვასო... ძალიან ბევრი შემთხვევა მახსოვს, როცა სადღეგრძელოს სათქმელად წამოვმდგარვარ და არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა - ამ დროს იმპროვიზაცია გადაგარჩენს. ვთქვათ, სამზარეულოდან შესანიშნავ ქალბატონს მოაქვს სუფრისთვის რაიმე შესამატებლად და შენთვის ეს ქალბატონი უცნობია. თუმცა, იმდენად ლამაზად მოდიოდა, სურვილი გაგიჩნდა, მისი სადღეგრძელო გეთქვა. ხომ ვერ ეტყვი, მე და შენ რომ ბევრი სასიკეთო საქმე ერთად გავაკეთეთ, ამას გაუმარჯოსო? ისე უნდა შეამკო, სიყალბე არ გამოსჭვიოდეს შენს სიტყვებში! ხშირად ვყოფილვარ სუფრაზე, სადაც თამადისთვის შენიშვნა მიუციათ, - ახლა ხომ ესა და ეს სადღეგრძელო უწევდაო!.. შეიძლება, სწორი შენიშვნა იყოს, მაგრამ ორი ერთნაირად მოაზროვნე ადამიანი არ არსებობს და ყველა სუფრა ერთმანეთისგან განსხვავებული უნდა იყოს!

- როგორ ახერხებთ, რომ სუფრაზე ხმაური და აყალმაყალი არ იყოს?

- აი, ეს არის მთავარი! როცა სუფრაზე არ მისმენენ, ვაცხადებ: თუ შეიძლება, მოვუსმინოთ ერთმანეთს და თუ მე ბევრს ვლაპარაკობ, პირდაპირ მითხარით-მეთქი... ყველას ტაქტიანად მივმართავ და ამასაც თუ გააპროტესტებს ვინმე, ის არც არის სუფრასთან ყოფნის ღირსი! როცა თამადას ვინმე არ უსმენს, ის ან თავად უნდა წავიდეს, ან თამადა გაუშვას! ოჯახში რომ მიგიწვევენ, სუფრის წევრი შენი მტერიც რომ იყოს, ისიც უნდა დალოცო! სუფრა საქმის გარჩევის ადგილი არ არის! თამადა ხომ ყველას ლოცავს, ყველას კარგს უსურვებს და ამის მოსმენა რატომ არ უნდა გსურდეს?! ყველაფერი ჩვენს ხელთაა და ქართულ სუფრას გვინდა ულამაზესად ვაქცევთ, გვინდა - ყაყანს ავტეხთ და ყველაფერს მოვსპობთ! ქალბატონია თუ ვაჟბატონი, ძალიან კარგი იქნება, თავს თუ შეიკავებს და სიგარეტს არ მოსწევს!

- ცნობილია თქვენი შეურიგებელი დამოკიდებულება საღეჭი რეზინის მიმართ...

- ამ ქვეყანაზე არ მინახავს ადამიანი, რომელსაც უფრო თავხედური გამომეტყველება აქვს, ვიდრე მას, ვინც საღეჭ რეზინს აღლაჭუნებს და თან, გელაპარაკება! მღეჭავი არის თავხედზე თავხედი! ქალს რომ პირში საღეჭი რეზინა აქვს, ცალი ხელით სიგარეტს აბოლებს და მეორე ხელში ლუდს ატრიალებს - ამაზე ცუდი სანახაობა რა უნდა იყოს? ქალბატონს სინაზე ამშვენებს!.. ერთ სუფრას ძალიან კარგი თამადა უძღვებოდა. მარცხნივ შესანიშნავი ქალბატონი ეჯდა. ჰოდა, მარჯვნივ თუ გაიხედავდა, უნაკლო ქართულით საუბრობდა, მარცხნივ გამოიხედავდა და, ენა ებმოდა... ქალბატონი გაბრაზდა, თურმე. თამადამ აუხსნა: ენა იმიტომ მებმის, რომ მეტისმეტად მშვენიერი ხარო.

კითხვის გაგრძელება