"იმ დღეს ღვედი რომ მკეთებოდა..." - კვირის პალიტრა

"იმ დღეს ღვედი რომ მკეთებოდა..."

"სამსახურიდან შინ ვბრუნდებოდი. გზა სველი იყო. არ მახსოვს, რა მოხდა... მოგვიანებით პატრულმა მითხრა, ავტომობილი მოგიცურდა, ბორდიურს მიასკდა, ბორბალი მოსძვრა და ძლიერი ბიძგის შედეგად მანქანა დატრიალდაო"

თიკო რევაზიშვილი ავტოსაგზაო შემთხვევას ცოცხალი სასწაულებრივად გადაურჩა, თუმცა, ახლა ეტლით გადაადგილდება და არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მდგომარეობის გასაუმჯობესებლად იბრძვის, ცდილობს, ადამიანები საკუთარი მაგალითით გააფრთხილოს. "იმ დღეს ღვედი რომ შემეკრა, შესაძლოა, ეს არ მომხდარიყო", - ამბობს თიკო.

15 წელია, თიკო სასტუმრო "თბილისი მერიოტის" კვების განყოფილების ზედამხედველია, პარაოლიმპიური ასოციაციის პრეზიდენტიც არის და სხვა საზოგადოებრივ საქმიანობასთან ერთად მოქალაქეების ავტოსაგზაო შემთხვევებისგან დაცვაც გადაწყვიტა.

თიკო რევაზიშვილი:

- ავარია 2009 წლის 13 სექტემბერს, საღამოს მოხდა. სამსახურიდან შინ ვბრუნდებოდი. გზა სველი იყო. არ მახსოვს, რა მოხდა... მოგვიანებით პატრულმა მითხრა, ავტომობილი მოგიცურდა, ბორდიურს მიასკდა, ბორბალი მოსძვრა და ძლიერი ბიძგის შედეგად მანქანა დატრიალდაო. ღვედი შეკრული არ მქონდა და სხეული ვერ დაიჭირა, დატრიალების დროს ხერხემლის მეცხრე მალა გამიტყდა. თვალი კლინიკაში გავახილე. ვგრძნობდი, რომ ვეღარ გავივლიდი. ოპერაცია ძვირი დაჯდა. შედეგის მისაღწევად ევროპაში 45-დღიანი სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსის ფასი 25 ათასი ევროდან იწყება. ფული არ მქონდა. არც ერთმა ფონდმა არ დამაფინანსა - მხოლოდ ბავშვებს ვეხმარებითო. საქართველოში მკურნალობის ყველა შესაძლებლობა ამაოდ მოვსინჯე, მაგრამ ამით არ დასრულებულა ჩემი ცხოვრება. ეტლში რომ აღმოვჩნდი, მივხვდი, რამდენი პრობლემა აქვთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს. სამწუხაროდ, არც ერთი საჯარო სივრცე, ეკლესია, სკოლა, სახელმწიფო დაწესებულება ადაპტირებული არ არის ჩვენს მისაღებად და იზოლირებული რჩები. გამიმართლა, რომ ჩემი სამსახური, როგორც ამერიკული კომპანია, თავიდანვე ადაპტირებული იყო ეტლით მოსარგებლეებისთვის.

დღემდე მხოლოდ ახლობლებს ვთხოვდი, რომ გაეთვალისწინებინათ ჩემი მაგალითი - ღვედი შეეკრათ, არ ეჩქარათ, არ გადაესწროთ იქ, სადაც საფრთხე გარდაუვალია... ამჯერად ვფიქრობ, ჩემი მაგალითი უფრო დიდი მასშტაბის საზოგადოებისთვის გახდეს ყურადსაღები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის შემეცნებით პროექტში ვაპირებ ჩართვას.

არაერთგზის კვლევის შედეგია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევაში მძღოლის დაღუპვის ალბათობა 25-ჯერ მეტია, როცა ღვედი შეკრული არ აქვს. სწორად შეკრული ღვედი 50-60%-ით გიცავთ სასიკვდილო დაზიანებისგან. ამაოდ ჰგონია ვინმეს, რომ დაბალი სიჩქარისას მისი გამოყენება არ არის საჭირო. პირიქით, ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა 60 კმ/სთ და უფრო ნაკლები სიჩქარით მოძრაობდა. იმ საბედისწერო დღეს არც მე მივდიოდი სწრაფად...

საგანგაშო სტატისტიკა

2015 წელს საქართველოში დაფიქსირებული 6 432 ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა 9 187 და დაიღუპა 602 კაცი. ავარიათა უმეტესობა უსაფრთხოების ზომების დარღვევის ბრალია. ყველაზე ხშირი მიზეზია ავტომობილის მანევრირების და შემხვედრ ზოლში გასწრების წესების დარღვევა, სიჩქარის გადაჭარბება, დისტანციის დაუცველობა, გადაღლილობის გამო საჭესთან ჩაძინება, სიმთვრალე.

იხილე სრულად