"ჰარშიმ ძალიან მოიხდინა ჩოხა, თავზე კი ინდური ტურბანი ჰქონდა მოხვეული" - ჩემი ქართულ-ინდური ქორწილი - კვირის პალიტრა

"ჰარშიმ ძალიან მოიხდინა ჩოხა, თავზე კი ინდური ტურბანი ჰქონდა მოხვეული" - ჩემი ქართულ-ინდური ქორწილი

ინტერვიუ "კვირის პალიტრის" არქივიდან, 2016 წელი

"ბიძაჩემმა ყველა დაათრო. რაღა ქართული ქორწილი და რაღა - ინდური"

სამხატვრო აკადემიის რესტავრაციისა და კონსერვაციის ფაკულტეტიდან არქიტექტურის ფაკულტეტზე სცადა გადასვლა, მაგრამ რაღაც პრობლემის გამო ვერ ჩააბარა. ეს რომ არა, ვინ იცის, ოდესმე თუ მოხვდებოდა ინდოეთში... როგორ აღმოჩნდა 26 წლის თბილისელი სოფო მიქაბერიძე ინდოეთში და გზად როგორ გადაეყარა სიყვარულს? - სოფოს დელიში სკაიპით ვესაუბრეთ:

- ვარძიის კედლის მხატვრობის კვლევისა და გადარჩენის საერთაშორისო პროექტით ინგლისის კურტოს უნივერსიტეტს ყოველ ზაფხულს ჩავყავდით იქ სამუშაოდ. შემდეგ 2 სტუდენტი - მე და ტასო ფოცხიშვილი ინდოეთის შტატ რაჯასტანში, ნაგორის სასახლის - რაჯას საზაფხულო რეზიდენციის კედლის მხატვრობის კონსერვაციის პროექტშიც მიგვიწვიეს.

როგორც ბაბუაჩემის, მწერალ ყარამან კიკვიძის წიგნშია, ეს რომ გამეკეთებინა, იმას არ გავაკეთებდიო და ა.შ. - ყველაფერი ერთმანეთს რომ ებმის, ისე გამომივიდა. თბილისიდან ჯერ დელიში ჩავფრინდით, მერე კი - ნაგორიში. გზად, უფრო ზუსტად - ჰაერში, სწორედ ნაგორისკენ მიმავალ თვითმფრინავში გავიცანი ჩემი სიყვარული - მომავალი მეუღლე, რომელიც, თურმე, იმ ავიაკომპანიაში მუშაობდა.

- ფაქტობრივად, ფეხის დადგმაც არ გაცადა ინდოეთის მიწაზე?

- როგორც თვითონ ამბობს, პირველად შენ მოგეწონე და გასაქანი არ მომეციო.

- სინამდვილეში როგორ იყო?

- არ ვტყდებოდი, თორემ მე მგონი, მართლაც ეგრე იყო (იცინის). ნახევარ საათს მივფრინავდით და ისე დაჟინებით ვუყურებდი, ბოლოს ალბათ შერცხვა და გამომელაპარაკა. ტელეფონის ნომერი მკითხა და ცხადია, მეც მაშინვე დავუწერე.

ამ დროს სოფოს 27 წლის ძალიან სიმპათიური, მოღიმარი მეუღლე - ჰარშიც გამოჩნდა მონიტორზე, ქართულად მომესალმა და გავისაუბრეთ კიდეც: ჩვენი სოფო ხომ არ გაბრაზებთ-მეთქი? - ჩავეკითხე. - მაგის პასუხი სოფომ უკეთ იცისო, - სიცილით მომიგო. - კი, ვაბრაზებო, - აღიარა სოფომ. გაცნობის ჰარშისეული ვერსიაც მაინტერესებდა და ვთხოვე, მოეყოლა:

- რომ შევამჩნიე, მიყურებდა, ბევრი ვიყოყმანე, მივსულიყავი თუ არა. საკმაოდ ვინერვიულე. ხომ იცით, თვითმფრინავს ორი ჩასასვლელი კარი აქვს. წინა გავაღეთ, რადგან ყველა იქიდან უნდა ჩასულიყო. ბოლოს გავაღეთ უკანა კარი. მეც იქ ვიდექი და დავინახე, სოფო უკანა კარისკენ წამოვიდა. რაკი ასე მოიქცა, მეც ვიფიქრე, უნდა დავლაპარაკებოდი. ნომერიც გამოვართვი და "ფეისბუკითაც" დავუკავშირდი. ასე ვურთიერთობდით - მე დელიდან, სოფო ნაგორიდან. ღამეებს ვათენებდით ლაპარაკში. მალევე მივხვდით, რომ ერთმანეთი ძალიან მოგვწონდა.

სოფო:

- ნაგორიში ჩამომაკითხა და თავისი ოჯახის გასაცნობად დელიში წამიყვანა.

- როგორც ვიცი, ინდოელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიძეც და რძალიც ინდოელი იყოს. ოჯახის წევრები არ შეეწინააღმდეგენ?

- არა მარტო ინდოელი... თუ აქაურ ოჯახს შენი რჩეული არ მოსწონს, ვერაფრით იქორწინებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შენზეც უარს იტყვიან. მე კი ჩემს დედამთილთან ისე გამიმართლა, რომ, რა გითხრათ? ვინც ნათესავებიდან (ასეთი ბევრი აღმოჩნდა) ჩვენს ქორწინებას შეეწინააღმდეგა, აღარ ელაპარაკებოდა. ჰარშის პატარა ოჯახი აქვს: მამა გარდაცვლილია და მხოლოდ დედა და 10 წლით უფროსი, ცოლ-შვილიანი ძმა ჰყავს. ჰარში გვარად ბათიაა.

photo-1652083210.jpg

- რას ამბობ, მეგრელია?

- ჩემები ამბობენ, აშკარად მეგრული სისხლი აქვსო. დედაჩემმა გამოიკვლია, რომ ბათიები იყვნენ აფხაზი თუ მეგრელი თავადები, რომელიღაც საუკუნეში რომ წავიდნენ ინდოეთში, კერძოდ - პენჯაბის შტატში. სხვათა შორის, ძალიან ბევრი მსგავსებაა ქართველებსა და ინდოელებს შორის. რაც აქ ვცხოვრობ და ვაკვირდები, ქართველის ბუნება აზიელისას უფრო ჰგავს, ვიდრე ევროპელისას. აქ სრულიად არ ვგრძნობ თავს უცხოდ და არც ესენი მიღებენ უცხოდ. საერთოდ, აქაურებს "თეთრი ხალხის" ეშინიათ, ფიქრობენ, რომ მათ ზრდილობა არ გააჩნიათ, გარყვნილები არიან და ამიტომ ოჯახშიც არ შეიშვებიან.

- აბა, შენ როგორღა "შეგიშვეს"?

- ისე, მეც "თეთრს" მეძახიან, თან ხომ იცით, მართლაც მეტისმეტად თეთრი ვარ. დედამისს თავიდან მართლაც შეშინებია, მაგრამ სკაიპით რომ დამელაპარაკა, მოვეწონე. დღესაც მეუბნება, საერთოდ ვერ ვგრძნობ, უცხოელი რომ ხარო. მსგავსებას რომ ვამბობ, საოჯახო კულტურასაც ვგულისხმობ - ერთ ოჯახად ცხოვრება, ნათესავებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან ურთიერთობა და ა.შ. ძალიან გულღია ხალხია. ეგ კი არა, აქაურ ქორწილში ის ნათესავებიც გახარებულები იყვნენ და თბილად მხვდებოდნენ, მანამდე ჩვენს ქორწინებას რომ ეწინააღმდეგებოდნენ. რაც შეეხება ჰარშის ძმას - ინდერს, ჩვენი ასე სწრაფად დაქორწინება სწორედ მისი დამსახურებაა - გვკითხა, როდის აპირებთ ქორწილსო? არადა, ეს ამბავი მანამდე არც განგვიხილავს და ალბათ 2-3 წლის შემდეგ თუ გადავწყვეტდით რამეს. ფაქტობრივად, უფროსმა ძმამ შემომთავაზა ჰარშის ცოლობა და მეც დავთანხმდი. ჩემებმაც ძალიან ინერვიულეს. დედამ თავიდანვე იცოდა ყველაფერი, მამას კი თბილისში ვუთხარი.

ნერვიულობისგან ყოველდღე ტიროდა, უკვე ყურებაც აღარ შემეძლო. ჰარშის საქართველოში ჩამოსვლამ ყველაფერი შეცვალა - მისით დანახვისთანავე მოიხიბლნენ და შეიყვარეს. ჰარშიც ძალიან ნერვიულობდა, მაგრამ მალევე გაშინაურდა. ჩემმა ძმამ უთხრა, ძმად მიგულეო, ასწავლეს ღვინის სმა, თანამიმდევრულად სადღეგრძელოები, ქართული სიტყვები და 2 კვირაში ხელი მოვაწერეთ, რასაც ქართული ქორწილიც მოვაყოლეთ. ჰარშიმ ძალიან მოიხდინა ჩოხა, თავზე კი ინდური თავსაბურავი - ტურბანი ჰქონდა მოხვეული. ეს მათი რელიგიური ატრიბუტია, რომელიც შინიდან გასულს ყოველთვის უნდა ეკეთოს, მით უფრო, ხალხმრავალ ადგილებში. ნერვიულობდა, ვაითუ ჩოხას არ მოუხდესო, მაგრამ ფაქტია, მოუხდა. ცხადია, ჯვარი ვერ დავიწერეთ. თვითონაც რელიგიურები არიან - სიქჰები. სიქიზმი მე-15 საუკუნეში პენჯაბის შტატში შექმნილი რელიგიაა და ქადაგებს ერთ ღმერთს, შემწყნარებლობას, თანასწორუფლებიანობას და ა.შ. ძალიან ბევრი რამ ქრისტიანობიდან აქვთ აღებული, ნაწილი - ისლამიდან და ინდუიზმიდან. კერპებს არ აღიარებენ, წყლით ნათლავენ, ჩვენი ბიბლიის მსგავსად, მათაც ერთი საღვთისმეტყველო-სამოძღვრო წიგნი აქვთ... ვნახოთ, დრო გვიჩვენებს, რა იქნება, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ მე რჯულს არაფრით შევიცვლი.

- ინდურ ქორწილზეც გვიამბე. ისეთივე ფერადი, დაუსრულებელი ცეკვა-სიმღერით დახუნძლული იყო, რასაც ფილმებში გვიჩვენებენ?

- კი, ნამდვილად ასე იყო. აქ ქორწილს უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ და რამდენიმე დღეს გრძელდება. ჩვენი, ასე ვთქვათ, ყველაზე მოკლე იყო, სამდღიანი. პირველ დღეს, საქმროს ოჯახში მისულებს დაფდაფებით დაგვხვდნენ, რადგან ყველას უნდა გაეგო, შინ ქორწილი რომ ჰქონდათ. ოჯახებიდან დაფდაფების ხმა "ქორწილების პერიოდს" ნიშნავს, თუმცა ვერ გავიგე, პერიოდს რატომ ეძახიან, რადგან ეს ხმა მთელი წლის განმავლობაში, ლამის ყოველდღე ისმის. ამ დღეს ოჯახს ყველაზე ახლობელი ადამიანები სტუმრობენ და ტარდება მენდის - ხელების მოხატვის რიტუალი. პატარძალს, ასევე, სხვა მსურველებსაც, ოღონდ ქალებს, ხელებს უხატავენ. მე მოწითალო-მოყავისფრო ყვავილებით მომიხატეს ხელი.

მერე ჭამა-სმითა და ცეკვა-სიმღერითაც კარგად მოვილხინეთ - მთელი უბანი შემოვიარეთ, ბევრი ვიხმაურეთ, რასაკვირველია, მეც ვიცეკვე, ოღონდ საგანგებოდ არაფერი შემისწავლია, ისე - სპონტანურად რაც გამომივიდა, ეგ იყო. მეორე დღეს მათ ტაძარში - გურუდვარაში გვქონდა ქორწილი, რადგან აქ, თურმე, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი აღმსარებლობის ხარ. რაც ფილმებში გინახავთ, ისეთი რიტუალი ჩატარდა: ხელზე გადახვეული შარფით ქმრის ხელს მიმაბეს და ასე ვიარეთ წრიულად, ტაძარში დაბრძანებული საღმრთო წიგნის გარშემო. იქვე ჩამჩურჩულეს, ქმარს მიჰყევი და არ გაუსწრო, რადგან გამოვა, რომ ოჯახის წინამძღოლი შენ უნდა იყო და ეს დაუშვებელიაო. მერე დაჩოქილებმა ლოცვებს მოვუსმინეთ. მესამე დღეს უკვე მხოლოდ მხიარულებაა. პენჯობელები ვისკის მიირთმევენ და ძალიან ამაყობენ, რომ კარგი მსმელები არიან. ღიპიანი ქართველი მამაკაცების მსგავსად, ამათაც ღიპები აქვთ, გამონაკლისი, მგონი, მხოლოდ ჩემი ქმარია. ინდურ ქორწილში ჩემებიც იყვნენ: დედა, მამა, ჩემი ძმა და ბიძა ოჯახით. სხვათა შორის, ბიძაჩემმა ყველა დაათრო. რაღა ქართული ქორწილი და რაღა - ინდური! ცხადია, ცეკვა "ქართული" აქაც გავიმეორეთ. განსაკუთრებით ჰარშის შესრულება მოეწონათ, არადა, თბილისური ქორწილის წინა დღეს ასწავლა ჩემმა ძმამ. წესით, აქაური პატარძალი ერთ ადგილას უნდა იჯდეს, მაგრამ რა გამაჩერებდა? მგონი, მათი ყველა წესი დავარღვიე, მაგრამ არც არავის უდარდია - ყველა ბედნიერი იყო.

ახლაც ძალიან ბედნიერები ვართ. დედამთილი ხან ჩვენთანაა, ხან - ინდერთან. დედაჩემის ასაკისაა და არ ვიცი, ქართულად "დედას" დავუძახებდი თუ არა, მაგრამ ინგლისურად კი იოლად ვეძახი "მამის". მთავარია, მას ძალიან უხარია, რადგან აქაც ასეთი ტრადიცია ჰქონიათ. ჩემს მშობლებს ჰარშიც "დედას" და "მამას" ეძახის, ოღონდ - ქართულად (იცინის). საოცარია ცხოვრება: ბავშვობიდან ვეჩხუბებოდი მეგობრებს, საქართველოდან გაქცევაზე რომ ფიქრობდნენ, არადა, ახლა მე აღმოვჩნდი საზღვარგარეთ. ეს ძალიან მტკენს გულს. ძალიან ძნელია უოჯახოდ, მეგობრების გარეშე ყოფნა. ჰარში სამსახურშია და მართალია, ყველგან ერთად დავდივართ, მე, ძირითადად, მარტო მიწევს შინ ყოფნა. ერთადერთი, შიგადაშიგ სამსახურში სიარული მშველის - მთელი ინდოეთის კედლის მხატვრობის ნიმუშებს აღვრიცხავთ. და კიდევ, აქ ღამით გასეირნება ცოტათი სახიფათოა, მე კი სიგიჟემდე მენატრება შუაღამის თბილისში ხეტიალი. ახლა ფეხმძიმედ ვარ და აქ ვიმშობიარებ, მერე ჩვენს საქმეებს დავალაგებთ და ასე, 2-3 წელიწადში ვაპირებთ საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლას. ჰარშის დედისთვის და ძმისთვის ჯერ არ გვითქვამს, მაგრამ იმედია, გაგვიგებენ - დელიში რატომღაც ყველას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს, საქართველოში კი გაცილებით ჯანსაღი გარემოა.

ირმა ხარშილაძე (სპეცილაურად საიტისთვის)