"შარშან შევიტყვე, რომ მესამე სტადიის სიმსივნე მქონდა" - რეკორდსმენის რისკიანი ნაბიჯი - კვირის პალიტრა

"შარშან შევიტყვე, რომ მესამე სტადიის სიმსივნე მქონდა" - რეკორდსმენის რისკიანი ნაბიჯი

ერთი თვის წინ, ეროვნული ბიბლიოთეკის დარბაზში მუსიკოსმა თამარ ბაბილუამ ეროვნული რეკორდი დაამყარა: 25 საათის განმავლობაში უწყვეტლივ უკრავდა ფორტეპიანოზე, 1700-ზე მეტი ნაწარმოები შეასრულა და თან, გამეორების გარეშე. სწორედ მასთან აქვეყნებს ინტერვიუს ჟურნალი "გზა", რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ.

თამარი მეოთხე წელია, მუსიკალურ შოუებში ბექვოკალის ხელმძღვანელია და თავადაც მღერის.

- მოგვიყევით, რა იყო ეროვნული რეკორდის წინა პირობა...

- 2015 წელს "იუთუბზე" პიანისტ-შემსრულებლის, ბენ სპიტერსის მოვუსმინე. როცა მისი ბიოგრაფიითა და შემოქმედებით დავინტერესდი, ის მსოფლიო რეკორდსმენი აღმოჩნდა. წუთში, ერთი ნოტი 765-ჯერ ჰქონდა აღებული ანუ აქ ხელის სისწრაფეზეა ლაპარაკი. ამის შემდეგ დავიწყე გინესის რეკორდების ვებგვერდზე ძიება, თუ რა ტექნიკითა და სტატუსით ხდებოდა ფორტეპიანოს მიმართულებით რეკორდების დამყარება. იმ დროისთვის არსებობდა ყველაზე ხანგრძლივი შემსრულებლის 22-საათიანი და 10-წუთიანი რეკორდი. მაშინ გადავწყვიტე, რომ 25 საათი დამეკრა და ამით გამეუმჯობესებინა ეს მაჩვენებელი. სამწუხაროდ, 2015 წლის პირველ აპრილს შევიტყვე, რომ მესამე სტადიის სიმსივნე მქონდა და მიზნის განხორციელებაში ხელი შემეშალა. 2015 წლის 11 ოქტომბერს ინდოელმა მრატ ჯაი შარმამ ფორტეპიანოზე ხანგრძლივად დაკვრის რეკორდი მოხსნა. მან 127 საათი და 8 წუთი გაატარა ინსტრუმენტთან ანუ დაახლოებით 5 დღეზე მეტი. იმ პერიოდში უკვე ქიმიოთერაპიის კურსს გავდიოდი და ძალიან გავბრაზდი, ეს მე რომ ვერ შევძელი (იღიმის). არადა, უკვე მზად ვიყავი იმისათვის, რომ 6 დღე დამეკრა. რა თქმა უნდა, ეს დიდ ენერგიას, ძალას და ჯანმრთელობას მოითხოვს. ექიმმა მითხრა, რომ ორი დღის შემდეგ, უძილობისგან ჰალუცინაციები იწყება, 6 დღის შემდეგ კი საერთოდ შეიძლებოდა, კომაში ჩავვარდნილიყავი და ამიტომ, ჩანაფიქრს ვერ განვახორციელებდი.

...

- ამგვარი დატვირთვის ნებართვა ექიმებმა დაგრთეს?

- ექიმმა იცოდა, რასაც ვაპირებდი და ისიც, რომ აზრი არ ჰქონდა აკრძალვასა და შეწინააღმდეგებას. ძალიან ჯიუტი ვარ. ამ ჩანაფიქრის ასრულებაზე დიდხანს ვოცნებობდი, ეს იყო ჩემი მიზანი. თუმცა, თავდაპირველად ჩემი დაინტერესება ის იყო, რომ მსოფლიო გინესის რეკორდის მოხსნის შემთხვევაში, კონპენსაციის სახით 50 ათას ევროს გადმომცემდნენ, თორემ ისედაც ვიცი, რომ მაგრად ვუკრავ (იღიმის). ამ თანხით თბილისში ბინის ყიდვას ვაპირებდი. მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოში გინესის ორგანიზაციას თავისი ოფისიც არ აქვს და სხვა რამეზე საუბარი არც ღირს. მთავარია, ჩემს თავს დავუმტკიცე, რომ შემიძლია და თან, დიდი ხნის ოცნება ავისრულე.

იხილეთ ინტერვიუ სრულად ჟურნალ "გზის" 18 აპრილის ნომერში