"ყველაზე მძიმე მომენტშიც კი რაღაც პოზიტივი უნდა დაინახო" - როგორ ხვდება აღდგომას "საოპერო ოსკარის" მფლობელი - კვირის პალიტრა

"ყველაზე მძიმე მომენტშიც კი რაღაც პოზიტივი უნდა დაინახო" - როგორ ხვდება აღდგომას "საოპერო ოსკარის" მფლობელი

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო, ნინო სურგულაძე იტალიური საოპერო გამომცემლობის მიერ დაარსებული "საოპერო ოსკარის" მფლობელი გახდა. კონკურსში სახელწოდებით "GBოსკარ ოპერისა და ბალეტის სრულყოფილება", ნინო სურგულაძემ ნომინაციაში "საუკეთესო მეცო-სოპრანო გაიმარჯვა". დაჯილდოება 17 მაისს გაიმართება... ამჟამად ნინო საქართველოში იმყოფება. მასთან ინტერვიუ ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

- ახლოვდება უდიდესი დღესასწაული - აღდგომა... როგორ აღნიშნავთ ამ დღეს?

- აღდგომა ყველაზე დიდი დღესასწაულია ქრისტიანთათვის და ჩემთვისაც გამორჩეულია... მთელი ოჯახი, დიდი სიხარულით აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს. თუ საქართველოში ვარ - ყოველთვის ღამეს ვათენებ ტაძარში და ვლოცულობ... ძალიან მიყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, ახალი და საინტერესო კერძების მოფიქრება, ექსპერიმენტები. ვფიქრობ, რაც სიხარულსა და სიამოვნებას განიჭებს არა მარტო შენ, არამედ ირგვლივ მყოფ ადამიანებსაც, ის აუცილებლად, ხშირად უნდა გააკეთო.

- ვერცხის შეღებვასა და პასქის გამოცხობაზე თავად ზრუნავთ?

- კვერცხები შემიღებავს სხვადასხვა ფრად, მაგრამ პასქა არასდროს გამომიცხვია. სამომავლოდ, ამასაც აუცილებლად ვცდი... ბებია ამზადებდა არაჩვეულებრივ პასქებს. დღემდე მკვეთრად მახსოვს მისი გემო, იმდენად განსაკუთრებული იყო. სამწუხაროდ, მისი რეცეპტი არ ვიცი. ძალიან ვნანობ, ბებიას არ დავუჯერე და კერძების მისეული რეცეპტები არ ჩავიწერე... ვაკვირდებოდი, როგორ ამზადებდა საცივს, აჯაფსანდალს, ჩახოხბილს და მათი მომზადება მეც ვისწავლე...  მგონია, თუ ადამიანი რაიმეს სიყვარულით ამზადებს და ამ დროს კარგ რაღაცებზე ფიქრობს, საჭმელიც აუცილებლად, გემრიელი გამოუვა.

- როგორც ქალს, ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლებათ. მათ რას ეტყოდით?

- როგორც ქალს, ძალიან მსიამოვნებს თაყვანისმცემლების არსებობა, მაგრამ მათ რა უნდა ვუთხრა, არ ვიცი. თუ ამ ადამიანების ჩემდამი პატივისცემა იმაზეც იმოქმედებს, რომ უფრო მეტად შეუყვარდებათ ქველმოქმედება და საოპერო ხელოვნება, მაშინ ძალიან გამახარებენ... ვიცი, რომ სიკეთის კეთება ისედაც უყვართ, მაგრამ კიდევ უფრო მეტად შეიყვარონ. ვისარგებლებ შემთხვევით და თქვენი ჟურნალის მეშვეობით, ყველას გულწრფელ მადლობას გადავუხდი თითეული კომპლიმენტისთვის, თბილი სიტყვისთვის, სტიმულის მოცემისთვის! მე კი მათდამი პატივისცემის გამოხატვა მხოლოდ იმით შემიძლია, რომ ღირსეულად ვემსახურო ჩემს საქმეს.

- მუდმივად არაჩვეულებრივ ფორმაში ხართ. როგორ ახერხებთ ამას? თქვენი სილამაზის საიდუმლოს გაგვანდობთ?

- არ ვიცი, როგორ გამოვიყურები, მაგრამ თუ ასე თვლით - დიდი მადლობა! განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. უბრალოდ, ვცდილობ, არასოდეს მოვდუნდე და შინაგანი პოზიტივი იყოს ჩემთვის პრიორიტეტული. შინაგანი ღიმილი ძალიან მნიშვნელოვანია ქალისთვის! ყველაზე მძიმე მომენტშიც კი რაღაც პოზიტივი უნდა დაინახო. ცხოვრება ისედაც ძალიან რთულია... მოწყენილობა არც ქრისტიანულად არის სწორი და არც - საინტერესოა. მერწმუნეთ, უგუნებობაში კარგი არაფერია. ყოველთვის მოიძებნება ცხოვრებაში საბაბი საიმისოდ, რომ რაღაცით გაიხარო. გულში არ უნდა დაიგროვო ნეგატივი - ეს სიბერეს იწვევს!

ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" 28 აპრილის ნომერში